ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, კობა გვენეტაძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე დასანიშნად.
ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 16 მარტს, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
2 მარტს საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი კობა გვენეტაძე ერთხმად დაამტკიცა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატი, კობა გვენეტაძე 2015 წლის ნოემბრიდან კომპანია Galt and Taggart-ის (საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია) ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობდა, ხოლო 2002-2015 წლებში მას ეკავა უფროსი ეკონომისტის თანამდებობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში,  ვაშინგტონში.

კობა გვენეტაძე 2001-2002 წლებში იკავებდა საქართველოს  სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას,  ხოლო 2000-2001 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

1996-1998 წლებში, იგი ასევე იყო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომისტი, ხოლო 1994-1996 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკავა მთავარი ეკონომისტის თანამდებობა.

კობა გვენეტაძეს მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამერიკის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში, და იყო აშშ-ის მთავრობის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი. 1989-1994 წლებში მან მოიპოვა ფინანსებისა და საკრედიტო სფეროს ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *