ახალი ამბები

დარჩიაშვილი: არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რელიგიური გრძნობებით მანიპულირებას

5 ივლისი, 2011 • 1236
დარჩიაშვილი:  არსებობენ ადამიანები, რომლებიც  ცდილობენ რელიგიური გრძნობებით მანიპულირებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი დადებითად აფასებს იმ ცვლილებებს, რაც დღეს პარლამენტმა დაამტკიცა რელიგიურ გაერთიანებების რეგისტრაციასთან დაკავშირებით:

«დიდი ხანია სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებებისგან ეს წუხილი გამოითქმებოდა, რომ მათ ჰქონდათ დაუცველობის განცდა. დემოკრატიულ ქვეყანაში, სინდისის თავისუფლების პრინციპის პირობებში, როცა რელიგიური უმცირესობა თავს გრძნობს დაუცველად, ეს არ არის სწორი».

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა საპრლამენტო უმრავლესობას კონსულტაციები საპატრიარქოსთან, მას შემდეგ, რაც კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ განცხადება გააკეთა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, დარჩიაშვილმა «ნეტგაზეთს» უპასუხა: «რამდენაც ვიცი, იყო კონსულტაციები».

დარჩიაშვილის არ დაუკონკრეტებია, ვინ იმყოფებოდა საპატრიარქოში, თუმცა აღნიშნა, რომ «კონსულტაციები იყო იმისათვის, რომ უფრო მკაფიოდ მიეწოდებინათ ამ კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია. როგორც ჩანს, არასწორი ინტერპრეტაცია მივიდა საპატრიარქოში».

«ვინ მიიტანა, რატომ და ვის უნდა ამ საკითხების პოლიტიზირება, ამის გამოძიებას ნუ მომთხოვთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რელიგიური გრძნობებით მანიპულირებას».

პარლამენტმა დღეს მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს შესაძლებლობას აძლევს, დარეგისტრიდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.

დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ არც კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი არ უზღუდავდა რელიგიურ უმცირესობებს “დაცულობის განცდას” , მაგრამ ეს სუბიექტური აღქმის საკითხია და «ამ შემთხვევაში მეტი იურიდიული გარანტია არის იმისათვის, რომ  სახელმწიფომ არ შეაჩეროს მათი მოღვაწეობა. თან ეს სურვილი არაფრით არ ეწინააღმდეგება არავის ინტერესებს, არ ლახავს დემოკრატიის პრინციპებს, სახელმწიფოს სუვერენიტეტს, სხვა რელიგიური გაერთიანებების უფლებებს – შესაბამისად, რატომ არ უნდა გაკეთებულიყო ეს?»

კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინოს ომბუდსმენის რეკომენდაცია და იმსჯელოს საგადასახდო კოდექსში ცვლილებების შეტანაზე, რომელიც რელიგიურ უმცირესობებს ჩააყენებს თანაბარ პირობებში მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, დარჩიაშვილმა განაცხადა: «მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ. რაც იდგა დღის წესრიგში, რაც იყო დიდი ხნის განმავლობაში სამართლიანი მოთხოვნა რელიგიური უმცირესობებისა, მივიღეთ ცვლილებები».


მასალების გადაბეჭდვის წესი