ახალი ამბები

სტუდენტების პროტესტის მეექვსე დღე [განახლებადი]

15 მარტი, 2016 • 1827
სტუდენტების პროტესტის მეექვსე დღე [განახლებადი]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეექვსე დღეა სტუდენტები აქციას მართავენ. თვალი ადევნეთ თსუ-ში მიმდინარე პროცესებს განახლებად რეჟიმში:

20.00: აუდიტორია #115 განათლების სამინისტროში შეხვედრას არ ესწრება.

18.10: პრემიერის განცხადების შემდეგ განათლების სამინისტროში სპეციალური შეხვედრა დაიგეგმა. სამინისტრო მიმართავს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, შეარჩიოს პარიტეტული პრინციპით ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელი, რათა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, 20:00-ზე გაიმართოს შეხვედრა.

17.30: საქართველოს პრემირ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო დავალება, სასწრაფოდ განმუხტოს ვითარება და გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები.

16.05: თსუ-ს რექტორის და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. ლადო პაპავას თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თვითმმართველობის წევრები აკადემიური საბჭოს ოთახში შიმშილობას გააგრძელებენ და მათ ხელს არავინ შეუშლის.

14.55 : თსუ-ს რექტორი ლადო პაპავა სტუდენტური თვითთმმართველობის წევრებს ხვდება. შეხვედრა რექტორის სამუშაო ოთხაში მიმდინარეობს და მედიისთვის დახურულია. შეხვედრის დაწყებამდე პაპავამ განაცხადა, რომ იგი მზად არის შეხვდეს და თვითმმართველობის სტუდენტებთან განიხილოს ყველა საკითხი, გარდა ერთისა. მისი თქმით, ერთადერთი საკითხი, რასაც არ განიხილავს, არის რექტორის გადადგომის საკითხი. პაპავა ამბობს, რომ უნივერსიტეტში უცნობი პირები გამოჩნდნენ, “არის ინფორმაცია, რომ მათი ნაწილი ნიღბიანია”:

14.30 სტუდენტური თვითთმმართველობის  პრეზიდენტმა შალვა საბაურმა განაცხადა, რომ შიმშილობის დაწყებას გეგმავს რექტორის გადადგომის მოთხოვნით. ის ამბობს, რომ არ იცის, რამდენი სტუდენტი შეუერთდება შიმშილობის აქციას. თვითმმართველობის წევრები შიმშილობას აკადემიური საბჭოს სამუშაო ოთახში გეგმავენ.

14.00 : სტუდენტური თვითთმმართველობის წევრებმა თსუ-ს რექტორის და აკადემიური საბჭოს სამუშაო ოთახები ძალით დაიკავეს. ამ დროს სამუშაო ოთახში რექტორი არ იმყოფებოდა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორის, დიანა ძიძიგურის განცხადებით, პოლიციამ თვითმმართველობის წევრებს ხელი არ შეუშალა, როდესაც ისინი რექტორის სამუშაო სივრცეში შეიჭრნენ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პოლიციას მიმართა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი