ახალი ამბები

ხიდაშელი: ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა უზრუნველყოს კადრების გამავრცელებლის იდენტიფიცირება

14 მარტი, 2016 • 1402
ხიდაშელი: ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა უზრუნველყოს კადრების გამავრცელებლის იდენტიფიცირება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ხიდაშელის თქმით, “რესპუბლიკურ პარტიას” ხელისუფლებასთან აქვს პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ფარული კადრებით დაშანტაჟების შესახებ გაკეთებული განცხადებები არ გამოიძიეს:

“ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია, ერთ-ერთი მთავარი წუხილი ჩვენი [რესპიბლიკელების] ის იყო, რომ ფარული კადრებით დაშანტაჟების შესახებ არც ერთი განცხადება არის გამოძიებული, ეს წუხილი ჩვენც გვაქვს. ის, რომ პარასკევს კადრები გავრცელდა და დღეს დამნაშავე, რატომ არ არის დასჯილი, ასეთ შენიშვნას ვერ გავიზიარებ, თუმცა საზოგადოებასთან ერთად მეც უსწრაფესად ველოდები გამოძიების დასრულებას და დანაშაული პირების იდენტიფიკაციას.”

მისივე მოსაზრებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ადამიანების მორალურ განადგურებას ისახავს მიზნად:

“ხელისუფლების უმთავრესი დანიშნულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ვიდეოკადრების დამამზადებლების და გამავრცელებლების იდენტიფიცირება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ამაზრზენ პრაქტიკამდე მივდივართ. ეს პრაქტიკა ემსახურება ადამიანების მორალურ განადგურებას, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია, ეს კანონს და მორალს მიღმაა.”

პოლიტისკოებს და ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან. როგორც გავრცელებულ ვიდეოშია ნათქვამი, თუ დასახელებული პირები 31 მარტამდე არ დატოვებენ მოქმედ საქმიანობას, მათი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდება.

სოციალური ქსელის, Youtube-ს მეშვეობით გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოსთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით დაიწყო.

სისხლის სამართლის კოდექსში ეს მუხლი ასეა განმარტებული: პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

პარასკევს უკვე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც ვიდეოს გამავრცელებლის განცხადებით, ერთ-ერთი ოპოზიცინოერს ეკუთვნის.

2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ.

2016 წლის 5 მარტს  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, როგორც მას კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, რომ მის შესახებ ფოტო-ვიდეომასალის გამოქვეყნებას გეგმავენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი