“საიტის დაბლოკვა არის ინფორმაციის გავრცელების წყაროს შეზღუდვა და ინტერნეტკონტროლი არის, როცა ნახულობენ, თქვენ და მე ერთმანეთს რას ვწერთ,” – ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე დღეს, 14 მარტს, “კავკასუსისა” და “სილქნეტის” მომხმარებლების ნაწილისთვის youtube.com-ზე წვდომის შეზღუდვას.
“როცა საიტი იბლოკება – ეს არ არის კონტროლი. არ მახსოვს, საიტის დაბლოკვას მოსამართლის ნებართვა თუ სჭირდება. მოსამართლის ნებართვა სჭირდება ვინმეს, ინტერნეტკავშირების ნახვის უფლება რომ ჰქონდეს საგამოძიებო ორგანოს. მანდ[საიტის დაბლოკვა] როგორ არის, მართლა არ მახსოვს. უნდა ჩავხედო კანონს,”- ამბობს ხმალაძე.
დღეს, 14 მარტს, “კავკასუსისა” და “სილქნეტის” მომხმარებლების ნაწილს youtube.com-ზე წვდომა შეზღუდული აქვთ.
უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი youtube-ზე გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოს, რომელზეც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებს შეიცავს, ასევე, მუქარას რამდენიმე ქართველ პოლიტიკოსის და ჟურნალისტის მიმართ, რომ თუ არ დატოვებენ პოლიტიკას, გამოქვეყნდება მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები.
Youtube-ზე წვდომა 20 წუთის განმავლობაში შეზღუდული ჰქონდათ კავკასუს ონლაინის ქსელის აბონენტებს 11 მარტსაც, როცა გამოქვეყნდა სავარაუდოდ ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.
თუმცა “კავკასუს ონლაინმა” მაშინ განაცხადა, რომ შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია.
2015 წლის ნოემბერში, როდესაც ძალოვან უწყებებს “ისლამური ხალიფატის” ერთ-ერთი გვერდის გათიშვა სურდათ, დროებით, ვორდპრესის ჰოსტინგზე მყოფი სხვა საიტებიც გაითიშა, თუმცა შესაბამის უწყებებს დღემდე ნათლად არ განუმარტავთ, რატომ მოხდა ეს.