ნეტგაზეთი | ერეკლე დეისაძე პერფორმანსის ჩატარების შემდეგ დააკავეს ერეკლე დეისაძე პერფორმანსის ჩატარების შემდეგ დააკავეს – Netgazeti

ერეკლე დეისაძე პერფორმანსის ჩატარების შემდეგ დააკავეს

დეისაძემ მთავრობის კანცელარიასთან პერფორმანსი “გასპარ ნოეს კიდობანი” მოაწყო. მან გასპარ ნოეს ფილმი “სიყვარული” პროექტორით მთავრობის კანცელარიის შენობის კედელზე აჩვენა. სწორედ ამის შემდეგ დეისაძე ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა დააკავეს. ის უკვე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

დეისაძის ადვოკატი, თორნიკე უსტარაშვილი ამბობს, რომ პოლიციამ მას 40 წუთით გადაადგილების უფლება უკანონოდ შეუზღუდა და მიზეზი არ განუმარტავთ. ადვოკატის ინფორმაციით, პოლიცია საქმეს სსსკ-ს 255-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც პორნოგრაფიის უკანონოდ გავრცელებას გულისხმობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასპარ ნოეს ფილმზე “სიყვარული” დაიწყო გამოძიება პორნოგრაფიის გავრცელების მუხლით. მე, როგორც დამოუკიდებელმა არტისტმა, გადავწყვიტე ამ პერფორმანსის გაკეთება. სახელმწიფოს მონოპოლია აქვს პორნოგრაფიის გავრცელებაზე.,” – აღნიშნავს დეისაძე.

ერეკლე დეისაძე დააკავეს. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ერეკლე დეისაძე დააკავეს. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მისივე მოსაზრებით, ამ ფილმის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება აბსურდია:

“მაშინ, როცა სახელმწიფო თავის თავს უფლებას აძლევს შანტაჟისთვის შენი ცხოვრება გადაიღოს, როცა სახელმწიფო ციხეში ადამიანებს აწამებს, როცა ამ წამების ამსახველი ვიდეოს ჩვენებას უშვებს საჯარო სივრცეში, მხედველობაში მაქვს ზუგდიდში, ბულვარში კასრებში აღმოჩენილი კადრების ჩვენება,  ხელოვნების წინააღმდეგ პორნოგრაფიის გავრცელების მუხლით საქმის აღძვრა აბსურდია.”

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფრანგი რეჟისორის, გასპარ ნოეს ფილმი “Love” პორნოგრაფიული შინაარსისაა. შსს-ს ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები კონკრეტული საიტების მეშვეობით პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ფაქტზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.