ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ IPN-თან კონტრაქტი შეწყვიტა

11 მარტი, 2016 • 2936
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ IPN-თან კონტრაქტი შეწყვიტა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციამ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” კონტრაქტი შეწყვიტა.

“დღეს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ, რომელთანაც თანამშრომლობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, განხორციელდა პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის ტირაჟირება, ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ სააგენტოს მიერ გაკეთებული განმარტება და რეაგირება იქნებოდა ადეკვატური, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია წყვეტს კონტრაქტს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

11 მარტს youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც ამტვირთავის მითითებით ასახულია ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტიის წევრი. ეს ინფორმაცია IPN-მა და რადიო ფორტუნამ გამოაქვეყნეს და მათ ინფორმაციაში მითითებული იყო იმ პოლიტიკოსის ვინაობა, რომელსაც ეხება გავრცელებული ვიდეო.

პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის ტირაჟირების გამო იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებმა განაცხადეს, რომ მათი უწყებები საინფორმაციო სააგენტოსთან აღარ ითანამშრომლებენ.

IPN-მა დღეს ბოდიში მოიხადა. როგორც საინფორმაციო სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, მათთვის მიუღებელია პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ტიპის მასალის გავრცელება და ტირაჟირება.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებაზე პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი