ახალი ამბები

წულუკიანის განცხადებით, სამინისტრო ipn.ge-თან და რადიო ფორტუნასთან აღარ ითანამშრომლებს

11 მარტი, 2016 • 2990
წულუკიანის განცხადებით, სამინისტრო ipn.ge-თან და რადიო ფორტუნასთან აღარ ითანამშრომლებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სამინისტრო საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” და რადიო “ფორტუნასთან” თანამშრომლობას წყვეტს.

“საჯაროდ ვაცხადებ, რომ სამინისტროს სისტემა ipn.ge-თან და ასევე რადიო ფორტუნასთან, მომხდარის გამო, აღარ ითანამშრომლებს,” – წერს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი Facebook-ის პირად გვერდზე.

სამინისტროს პრესსამსახურმა “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ ფეისბუკის ეს ანგარიში ნამდვილად იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის.

“როგორც ყოფილი ოპოზიციონერი, როგორც ქალი და შესაბამისად ადამიანი (მეტი სხვა სტატუსი არც მინდა ამის წერისას რომ მქონდეს და მძულს ისიც კი, რომ ამის წერა მიწევს), საჯაროდ ვაცხადებ, რომ სამინისტროს სისტემა ipn.ge-თან და ასევე რადიო ფორტუნასთან, მომხდარის გამო, აღარ ითანამშრომლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ნიუსებს ჩვენგან ოფიციალური რელიზების თუ ინფორმაციების სახით, აღარ მიიღებთ. ინსტრუქცია უკვე ჩაშვებულია აპარატში და სამინისტროს 11-ვე სსიპ-ში და პირადად გავაკონტროლებ ყველა ჩემი სტრუქტურის ყველა პიართანამშრომელს, რომელიც ამ ინსტრუქციის დარღვევისათვის მკაცრად დაისჯება.

მედიამ, მათ შორის პოპულარულმა, მაუწყებლობის ელემენტარული წესები უნდა იცოდეს.

45-50 წუთი დასჭირდათ სპეცსამსახურებსა და აიტისპეციალისტებს, პარტნიორებს, რეაგირებისა და დაბლოკვისათვის, ტირაჟირება კი ზოგიერთს ამ პერიოდში ვერავინ დაასწრო. გულისრევის სმაილი,” – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

როგორც ყოფილი ოპოზიციონერი, როგორც ქალი და შესაბამისად ადამიანი (მეტი სხვა სტატუსი არც მინდა ამის წერისას რომ მქონდეს და…

Posted by წულუკიანი თეა on Friday, March 11, 2016

 

იუსტიციის სამინისტროს ipn-თან ხელშეკრულება ე.წ. საინფორმაციო მომსახურებაზე გაფორმებული არა აქვს, – განუცხადა ნეტგაზეთს იუსტიციის სამსახურის პრესსამსახურმა.

11 მარტს youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც ამტვირთავის მითითებით ასახულია ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტიის წევრი. ეს ინფორმაცია IPN-მა და რადიო ფორტუნამ გამოაქვეყნეს და მათ ინფორმაციაში მითითებული იყო იმ პოლიტიკოსის ვინაობა, რომელსაც ეხება გავრცელებული ვიდეო.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებაზე პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი