დღეს, 11 მარტს, მთავრობის კანცელარიასთან პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების გამო საქართველოს “ქალთა მოძრაობის” ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ფარული ჩანაწერების კიდევ ერთხელ გავრცელება ნათლად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს პირადი ცხოვრების ადამიანების შანტაჟის მცდელობასთან:
“ჩვენ მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კადრების გავრცელება უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას. შესაბამისად, როგორც პოლიტიკური, ასევე, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება, მიუხედავად იმისა, თუ როდის მოხდა ჩანაწერების გაკეთება. ჩვენ აღარ ვაპირებთ მოვითმინოთ ადამიანების პირადი ცხოვრებით მანიპულირება, აღარ ვაპირებთ მოვითმინოთ სპეკულაციები და შანტაჟი!”
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოში დაცული არ არის პირადი ცხოვრება. მისი თქმით, ადამიანი დაცულად ვერ გრძნობს თავს საკუთარ სახლში, საკუთარ საწოლ ოთახში.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ სასწრაფოდ დადგეს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკიხი: “მათ შორის პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, პროკურატურის და სუსის!”
“ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ყველა მათგანმა უნდა აგოს პასუხი მსგავსი ვიდეოების გავრცელებისათვის. და, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რადგან 2016 წელი არის საარჩევნო წელი, რომ კიდევ გავრცელდება ვიდეომასალები,” – აცხადებს უფლებადამცველი ბაია პატარაია.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებაზე პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
11 მარტს youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც ამტვირთავის მინაწერით, ასახულია ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტიის წევრი, თუმცა ვიდეოს ავთენტურობა დადასტურებული არ არის.





