ახალი ამბებირეკლამასაზოგადოება

„პოლიტიკაSHE”

11 მარტი, 2016 •
„პოლიტიკაSHE”

2016 წლის თებერვალში ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის „ოქსფამი საქართველო“ მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით გენდერული კვოტების მხარდასაჭერი კამპანია, სახელწოდებით პოლიტიკაSHE დააანონსა.  კამპანიის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილოებისა და გენდერული კვეოტების აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. კამპანიის ფარგლებში გაიმართება დისკუსიები თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში. დისკუსიების დროს საინიციატივო ჯგუფი ადგილობრივ სტუდენტებს, მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გააცნობენ საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ უახლეს კვლევებსა და გენდერული კვოტების მნიშვნელობას. დისკუსიის მონაწილეები შეხვდებიან პოლიტიკურად აქტიურ ქალებს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში  საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებენ.

საგულისხმოა, რომ საქართველოს აქვს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, გაზარდოს ქალების წარმომადგენლობა პარლამენტში. გაეროს „ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“  კომიტეტის მიერ შემუშავებული 2014 წლის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველომ შემდგომი ორი წლის ვადაში პოლიტიკურ და საჯარო პროცესებში ქალთა სრულყოფილი და თანაბარი მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს. დღესდღეობით საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 12%- ია ქალი, ადგილობრივ ხელისუფლებაში ქალები მხოლოდ 11%-ით არიან წარმოდგენილი; 69 გამგებლიდან მხოლოდ ორი ქალია; ქვეყნის არც ერთი მერი და გუბერნატორი არ არის ქალი. ქალების წარმომადგენლობის დაუყოვნებელი გაზრდისათვის  აუცილებელია დროებითი სპეციალური ზომა –  გენდერული კვოტა, რომელიც პალიტიკურ პარტიებს პარტიულ სიებში ქალების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით ჩასმას ავალდებულებს, რაც გაზრდის ქალთა პოლიტიკურ  მონაწილეობას და შეამცირდებს გენდერულ დისბალანსს.

მიუხედავად პოლიტიკაში არსებული გენდერული ასიმეტრიისა, სავალდებულო გენდერული კვოტების ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. მოწინააღმდეგეები დისკუსიების დროს ხშირად ამბობენ, რომ ქალებს არ აქვთ პოლიტიკაში მოსვლის სურვილი, არც პოლიტიკური უნარ-ჩვევები გააჩნიათ და, შესაბამისად, გენდერული კვოტა პარლამენტში არაკვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების მოსვლას შეუწყობს ხელს. თუმცა არსებობს გამოცდილებით გამყარებული კონტრარგუმენტები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 54% ქალია. ქალებსა და კაცებს ურთიერთსაპირისპირო ინტერესები აქვთ და, შესაბამისად, ამ ინტერესებს მხოლოდ კაცები არ უნდა წარმოადგენდნენ. ქალებს აქვთ განსხვავებული გამოცდილება, რომლის რეპრეზენტაციაც აუცილებელია. უახლესმა კვლევებმა დაადასტურა, რომ საქართველოში ქალები აქტიურად არიან ჩართული პარტიულ საქმიანობაში და მათი წარმომადგენლობა 40%-ს უტოლდება. ასეთი ქალები ხშირად ხდებიან გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლი და სქესის ნიშნით ვერ ხვდებიან პარტიულ სიებში, ან დიდი ძალისხმევის გადალახვა უწევთ ამის მისაღწევად.

პოლიტიკაshe-ს ფარგლებში წარმოგიდგენთ საქართველოს რეგიონების მასშტაბით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერ ქალებს, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ გამოცდილებასა და ზემოხსენებულ ბარიერებზე მოგვიყვებიან:

  • ევა ლომთაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი:
ევა ლომთაძე

ევა ლომთაძე

„მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრი ვარ. ხშირად მისაუბრია ქალ კოლეგებთან და როცა მათ ვუსმენ, ვფიქრობ, რომ  ალბათ მე  გამიმართლა. გამიმართლა, რადგან ძალიან საინტერესო ადამიანებთან მიხდებოდა ყოფნა, ისინი ხედავდნენ და აფასებდნენ იმას, რომ თანამოაზრეებთან ერთად ვცდილობდით ლაგოდეხელი ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვანი პროექტები განგვეხორციელებინა  იმ პერიოდში, როცა ქუჩაში ისევ ავტომატიანი ხალხი დადიოდა. ისინი ხედავდნენ ჩვენს მონდომებას და ხელს არ გვიშლიდნენ.

გენდერულ სტერეოტიპებს ხშირად ვაწყდებოდი. მაგალითად, როცა პოლიტიკური თათბირები და შეხვედრები იმართებოდა და მასზე დასასწრებად მე და ჩემი თანაგუნდელი კაცი მანქანით მარტო მივდიოდით, კოლეგები  მეუბნებოდნენ, გვიკვირს, ოჯახებიდან  როგორ გიშვებენ  ერთადო.  ძალიან მიკვირდა, როცა ეს მესმოდა, რადგან საზოგადოებრივი საქმისათვის ჩემი მშობლებისგან დიდი მხარდაჭერა მქონდა. ძალიან მეხმარებოდა მამა მორალურად, ყოველთვის მეუბნებოდა, რომ საკუთარ შესაძლებლობები უნდა გამომეცადა. საკრებულოს წევრი პირველად 2002 წელს გავხდი, მამის რჩევით ვიყარე კენჭი.

2014 წლის ადგილობრივმა არჩევნებმა დამანახვა, რომ ქალის როლი რთულია იმ გარმოცვაში, რომელიც გენდერული თანასწორობის პრინციპებისგან ძალიან შორსაა. ამიტომაც მუდმივად  ვცდილობ, ორმაგი ძალისხმევით რომ საკუთარ თავზე ვიმუშაო და საქმით დაუმტკიცო ასეთ ადამიანებს საკუთარი უპირატესობა“.

  • თამარ ტალიაშვილი, ქ. თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოსათვის” თავმჯდომარის მოადგილე:
თამარ ტალიაშვილი

თამარ ტალიაშვილი

„არის თუ არა პოლიტიკა ქალის საქმე? ამ კითხვაზე ისტორიული პასუხი გასცა საქართველომ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში. ქალს შეუძლია იყოს ძლიერი პოლიტიკური ლიდერი, მთავარია, მას მიეცეს საკუთარი პოტენციალის გამოვლენის პრაქტიკული შესაძლებლობა და ხელოვნურად არ შეექმნას გარკვეული ბარიერები, რაც მას ხელს შეუშლის პოლიტიკურ ასპარეზზე.  ამისათვის, აუცილებელია შრომითი ურთიერთობების, განათლების, ჯანდაცვის სფეროს იმდაგვარი რეგულირება, რომ ქალის, დედის ინტერესები გათვალისწინებული და დაცული იყოს. მე ამაყი ვარ იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც უკანასკნელ პერიოდში იქნა მიღებული, ვგულისხმობ დეკრეტული შვებულების, სკოლამდელი აღზრდა-განათლების, ორსულთა, დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის რეფორმებს.  დღეს პოლიტიკურად აქტიურ ქალებს ბევრი სტერეოტიპული ბარიერების გადალახვა უწევთ. კვალიფიციური ქალები, რომლებიც პარტიული საქმეების უმეტესობას დამოუკიდებლად აგვარებენ, ვერ ხვდებიან ე.წ. გამსვლელ სიებში.  ვფიქრობ, დროებითი გენდერული კვოტა მათ დაეხმარებათ ბარიერების გადალახვაში“.

  • თინათინ ბოკუჩავა, პარლამენტის წევრი; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა:
თინათინ ბოკუჩავა

თინათინ ბოკუჩავა

„სანამ ჩვენს ქვეყანაში ერთი ადამიანიც კი ამბობს, რომ ოჯახში ქალის მიმართ ძალადობა, მხოლოდ ოჯახის პრობლემაა, სანამ  ერთი ადამიანიც კი თვლის, რომ კაცი უკეთესი პოლიტიკოსი იქნება, მხოლოდ იმიტომ რომ კაცია, სანამ პოლიტიკაში მოსვლისას მეტი კითხვა ჩნდება ქალზე და მის კვალიფიკაციაზე ვიდრე კაცზე (მათ შორის, მისი პირადი ცხოვრების შესახებ), სანამ პოლიტიკოსი კაცები, რომლებიც თავს „ლიბერალებად“ თვლიან კვოტირების კანონის მხარდასაჭერად აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან „დაგვითმონ“ ადგილი პარლამენტში ქალებს ან უხარიათ მეტი ქალი პარლამენტში, რადგან აცხადებენ, რომ ეს „გაალამაზებს“ ქართულ პოლიტიკას  მანამდე  დაბეჯითებით ვიტყვი, რომ გენდერული თანასწორობის პრობლემა გვაქვს.

არ მჯერა, რომ მაგალითად, იორმუღალოში ან ბრილში ან ქედაში მცხოვრები აზალგაზრდა ქალი, რომელსაც პოლიტიკა აინტერესებს, მაგრამ მამა ან ძმა ან მეუღლე უკრძალავს პოლიტიკური კარიერის განხილვასაც კი, კვოტის შედეგად განსხვავებულ პირობებში აღმოჩნდება. თუმცა, შეიძლება რაოდენობრივად მეტი ქალის არსებობამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოგვცეს იმის შესაძლებლობა, რომ მსგავს პრობლემებზე უფრო ხმამაღლა ვისაუბროთ და რაც მთავარია, მეტი გავაკეთოთ მათ მოსაგვარებლად. და რა არის ეს მეტი? პირველ რიგში და უმთავრესად – განათლება. განათლების და ცნობიერების შეცვლის გარეშე, არაფერი გამოვა“.   

  • თამარ ნიკოლეიშვილი, ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
თამარ ნიკოლეიშვილი

თამარ ნიკოლეიშვილი

„2012 წელს ბევრი არც მიფიქრია, ავდექი და მთელი გულით გადავეშვი პოლიტიკაში, რასაც პროტესტი მოყვა ჩემი ახლობლების მხრიდან, „ქალი ხარ და რა გინდა პოლიტიკაშიო“. რას ვიზამთ, მაშინ იმდენად რთული პერიოდი იყო, არც მიკვირდა მათი… მაშინ მამაკაცებიც არ მოდიოდნენ ჩვენთან და არც იმ მამაკაცების მიკვირდა… დევნა, ტერორი, შიშში ცხოვრება… რთული იყო ამ ყველაფერთან გამკლავება. თუმცა გავიდა რამდენიმე წელი და ისევ მესმის იგივე. ისევ ყბადაღებული  ქართული პოლიტიკის სიბინძურე, სადაც ქალისათვის ადგილი არ არის თურმე. საბედნიეროდ ბევრ ქალს ვხედავ ჩემს ირგვლივ, რომლებიც ცდილობენ ხმა აიმაღლონ, ცდილობენ საკუთარი ადგილი მოიპოვონ, ცდილობენ შეცვალონ სამყარო. და მეც მათ შორის ვდგავარ და სხვაგვარადარ არ ძალმიძს. არ ძალმიძს მივატოვო ის ყველაფერი, სადაც მამაკაცები არიან დომინანტები და მჭიდროდ გვიხურავენ კარს, რომელიც მათ მიერ მასკულინურ სამყაროდ ქცეულ პოლიტიკამდე მიდის.

პოლიტიკა განსაზღვრავს ყველაფერს, ჩვენს აწმყოს, ჩვენს მომავალს და იმას, რაც ჩვენს წარსულად იქცევა. თუ კი ჩვენ არ მოვძებნით გზას, არ ავიმაღლებთ ხმას და არ ვიბრძოლებთ მომავლისათვის, მოგვიწევს დავემორჩილოთ იმ პატრიარქალურ საზოგადოებას, რომელმაც უკვე „მიგვიჩინა ადგილი“ და ყოველ დღე შეგვახსენებს – „ქალი სამზარეულოში, მამაკაცი – ტრიბუნასთან!“.

გენდერული კვოტირება არა მარტო პოლიტიკოს ქალებს აძლევს შანსს, არამედ იმედსაც უსახავს ქვეყანაში მილიონობით ქალს, რომლებიც დღეს განიცდიან დისკრიმინაციულ მოპყრობას. მე მას ვუყურებ, როგორც ცვლილებების მთავარ კატალიზატორს, რომელიც პოლიტიკას თანაბარს გახდის ორივე სქესის წარმომადგენლებისათვის, ხოლო ქვეყანას საბოლოოდ მიიყვანს დემოკრატიის მაღალ მაჩვენებლამე. და ერთ დღესაც  ქალებს აღარ მოუწევთ არჩევანის გაკეთება პოლიტიკურ კარიერასა და ოჯახის შექმნას შორის… ერთ დღესაც ხელოვნური რეგულაციაც აღარ დაგვჭირდება, რადგან საზოგადოება მივა იმ დასკვნამდე, რომ ქალ და მამაკაც პოლიტიკოსებს თანაბრად უნდა ენდოს მათი კომპეტენციის და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სქესისდა მიუხედავად“.

  • მთვარისა ჯანგიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ყვარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მესამე მოწვევის მაჟორიტარი წევრი, ფრაქცია ,,ქრისტიან კონსერვატორი“- თავმჯდომარე:
მთვარისა ჯანგიძე

მთვარისა ჯანგიძე

„დიდი ხანია ვფიქრობ რომ ქალები პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე უნდა იყვნენ,არა იმიტომ ,მამაკაცები ცუდად ასრულებებ რაიმე საქმეს არამედ  ქალები ბევრად უფრო ჰუმანურებბი არიან ზოგადადაც და საკითხის მიმართაც,ვფიქრობ რომ ქალებით პოლიტიკის გაძლიერება გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკურ ძლიერებას, რაც შეეხება ქვოტირებას სამწუხაროა რომ ამ თემაზე საუბარი გვიწევს და ქვოტირების გარეშე არ გვეძლევა ქალებს საშვალება გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე ყოფნისა,თუმცა ვფიქრობ და ვიმედოვნებ რომ ქვოტირება იქნება მართლაც დროებითი ზომა და ძალიან მალე ჩვენი მოქალაქეების თვითშეგნება ბევრად აღემატება ქვოტირების საკითხს.

მე როგორც ქალს შეიძლება ბევრი პრობლემები არ შემქმნია ჩემი ხასიათიდან გამოდინარე მაგრამ ზოგადად ქალისთვის პოლიტიკაში ყოფნისათვის გასავლელი გზა მაიც რთული აქვს.

მე ვუსურვებდი საქართველოში ქალებს ქალთა სოლიდარობის გაძლიერებას.

ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს, ხშირად  ქალებს სწორედ ქალებისაგან ექმნებათ პრობლემები“.

  • თამარ თედლიაშვილი, მპგთავისუფალი დემოკრატებისგორის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე:
თამარ თედლიაშვილი

თამარ თედლიაშვილი

„ქალებს, რომლებიც პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი აქვთ, ბევრი ბარიერის გადალახვა უწევთ.  ქალებზე არსებობს მცდარი სტერეტიპული წარმოდგენები, რომ ისინი არიან ზედმეტად ემოციურები და მგრძნობიეარეები, რაც ხელთ უშელით მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე ხშირად მსმენია, რომ ქალებს არ აქვთ გამოცდილება და არ არიან მზად პოლიტიკაში მოსასვლეად, იშვიათად მოაქვთ პოლიტიკური პარტიებისთვის გამარჯვების რესურსი. ეს ყოველივე ბევრ ქალს უშლის ხელს მიიღოს პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება, და დამატებით ბარიერს უქმნის მათ. ჩემმა პარტიამ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დამასახელა ერთერთი რთული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად.  ბევრი ბრძოლა  მომიწია და მოვახერხე კიდეც, რომ დამენგრია  ყველა სტერეოტიპი, რაზეც ვისაუბრე.  ქალები არიან სამართლიანები და  კარგად ეხერხებათ მოლაპარაკებები . ქალები დღის წესრიგში აყენებენ სოციალური ხასიათის საკითხებს, რომლებიც უბრალო ადამიანებისთვისაა მნიშვნელოვანი.  ასევე ქალები არიან ინკლუზიურები და განსაკუთრებით ორიენტირებულები ახალგაზრდა თაობასა და მათ საჭიროებებზე.

ჩემი წინასაარჩევნო კამპანია  ვაწარმოე როგორც მხოლოდ ქალების კანდიდატმა,  როგორც დედამ, რომელსაც  თავისი ამომრჩეველი ქალების პრობლემები კარგად ესმის.  შეხვედრების დროს გულწრფელად ვსაუბრობდი იმ საკითხებზე,რომლებსაც გავუმკლავდებოდი.

ალბათ  სწორედ ამან განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღე ჩემს საარჩევნო ოლქში და რაიონის მასშტაბით ყველაზე დიდ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.

ამიტომ მოვუწოდებ ყველა ქალს: ხალხს პოლიტიკამ იმედები გაუცრუა და ელიან რომ ქალები შესძლებენ სტატუს ქვოს შეცვლას. ქალები ახლა ყველაზე მეტად განათლებულები არიან, ვიდრე ოდესმე და მათი დიდი ნაწილი დასაქმებულია. მსოფლიომ აღიარა ის პრობლემები, რომლებიც ადრე მიმალული იყო და რომლებიც ღუპავს ქალებს: ოჯახში ძალადობა, ფატალური მშობიარობა,სექსუალური ძალადობა, ტრეფიკინგი. ქალები ახლა უკვე იკავებენ მაღალ თანამდეობებს და აღწევენ მეტ და მეტ წარმატებას და ბოლოს,ქალები შეადგენენ მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობას და თითქმის ყველა ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარზე მეტს.

 გენდერული  კვოტა , როგორც ქალების პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის დროებითი მეთოდი, არის დროული და აუცილებელი ფორმა, რაც დღეს ძალიან სჭირდება ქვეყანას.  კვოტირება გაზრდის პარტიების მიერ წარდგენილი სიების კონკურენციას და  საზოგადოებას ექნება საშუალება აირჩიოს საუკეთესოთა შორის საუკეთესო“.

  •    ლია  ჩლაჩიძე, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი:
ლია ჩლაჩიძე

ლია ჩლაჩიძე

„მონაწილეობას ვიღებდი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კოალიციაქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსკვოტით. კოალიციური სიის  მე-7-ე ნომრად, რაც განაპირობა იმან, რომ  პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ქალითავმჯდომარე პირველ ნომრად განიხილებოდა. სამწუხაროდ პარტიული სიის პირველ ათეულში მხოლოდ ორი ქალი ვფიგურირებდით. წინასაარჩევნო პერიოდში მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება და დავინახე ბევრი მანკიერი მხარე. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის იყო,რომ ღირსეულ, განათლებულ და კვალიფიცირებულ ქალებს დისკრედიტირებული მამაკაცები ამჯობინეს. დარწმუნებული ვარ  მეტი ქალის  საკრებულოში ყოფნის შემთხვევაში პარტიაც და საქმეც უფრო მეტად მოიგებდა და ბევრ კაცდეპუტატზე უკეთ შევძლებდით კანონშემოქმედებით მუშაობას. ახლა კი რეალურად დადგა  საკრებულოს იმპიჩმენტის საკითხი.

სამწუხაროდ  პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობისათვის არც პოლიტიკური პარტიები და არც საზოგადოება მზად არაა. ქალებს განიხილავენ ნაკლებად ღირებულ რესურსად პოლიტიკური პარტიებისათვის. ქალს, როგორც პოლიტიკოსს ნაკლებად ენდობა საზოგადოება, მით უმეტეს რეგიონებში.  პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – კაცებს ქალებზე აქვთ მინდობილი ოჯახი და შვილები, პოლიტიკაში კი მათ ყოფნას არ მიესალმებიან. პრობლემა ჩვენი სტერეოტიპული წარმოდგენებია, რომელიც ისევ ჩვენ, ქალებმა უნდა დავამსხვრიოთ ჩვენი ერთიანობით და აქტიურობით.

ამ ეტაპზე აუცილებელია გენდერული კვოტა, რადგან გენდერული თანასწორობის მისაღწევად ეფექტური საშუალებაა. მართალია, იგი დროებითი ღონისძიებაა, მაგრამ ემსახურება იმ ბარიერების გადალახვას, რომელც ხელს უშლის ქალთა სრულყოფილ ჩართვას სახელმწიფო სტრუქტურებში. ქალებს პოლიტიკაში ჰუმანური, განსხვავებული ღირებულებები, ხედვები და გამოცდილება შეაქვთ, რაც უცხოა მამაკაცებისათვის და ამდიდრებს პოლიტიკურ სპექტრს“.

  • მარიკა ბიღიაშვილი, გურჯაანის რაიონი სოფელ ჭანდრის საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერი (მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი):
მარიკა ბიღიაშვილი

მარიკა ბიღიაშვილი

„2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვიყავი გურჯაანის რაიონი სოფელ ჭანდრის საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. გადაწყვეტილი მქონდა აღნიშნული საქმიანობა დამოუკიდებლად განმეხორციელებინა, რადგან ვფიქრობდი, რომ ასე უფრო უკეთესად შევძლებდი ჩემი სოფლის პრობლემების წინ წამოწევას და  მხოლოდ მოსახლეობის წინაშე ვიქნებოდი პასუხისმგებელი.  მქონდა ჩამოყალიბებული ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შემეცვალა უკეთესობისკენ მდგომარეობა. თუმცა ჩემი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩემს უკან არ იდგა რომელიმე პოლიტიკური პარტია.

მუშაობის პროცესში, კერძოდ, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს სხვადასხა პრობლემას წავაწყდი, რომელთა ნაწილის განპირობებული იყო იმით, რომ ქალი ვარ. ვგრძნობდი, რომ საზოგადოების ნაწილს ჩემთან, როგორც ქალთან, არ სურდა გარკვეულ პრობლემებზე საუბარი. მიუხედავად არჩევნებში ჩემი დამარცხებისა, მივიღე უდიდესი გამოცდილება და რაც მთავარია, ჩემს ირგვლივ  სკეპტიკურად განწყობილ ხალხს დავუმტკიცე, რომ ქალს გააჩნია ბრძოლის უნარი.

ქალის როლის გაზრდა ქვეყნის მართვის პროცესში აუცილებელია სხვადასხვა მიზეზების გამო. ქალს შეუძლია ბევრი სოციალური პრობლემის წინ წამოწევა, ასევე გააჩნია მეტი თავშეკავების უნარი და შეუძლია კრიტიკულ სიტუაციაში უკეთესი გადაწყვეტილება მიიღოს. ქალების პოლიტიკური მონაწილოება საკანონმდებლო ხელისუფლებაში და ადგილობრივ თვითმმართველობებში აუცილებლად უნდა გაიზარდოს.  პირველ რიგში, ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნების გამოვლენა. პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთ რიგებში და შემდგომ კანდიდატებად რაც შეიძლება მეტი კვლაიფიციური ქალი უნდა წარადგინონ. რაც შეეხება გენდერული კვოტის შემოღებას ამ პროცესებში, მეტად მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალთა ჩართულობას პოლიტიკურ საქმიანობაში. თუმცა გენდერული კვოტა ქალების პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის დროებითი მეთოდია და მასთან ერთად მთელი რიგი ღონისძიებები უნდა გატარდეს“.  

  •    ელმირა  ბეციაშვილი, გურჯაანის  რ/ნ  სოფელ  ვეჯინის ოჯახის  ექიმი:
ელმირა ბეციაშვილი

ელმირა ბეციაშვილი

„2014 წლის თვითმართველობის არჩევნებში ვიღებდი მონაწილეობას როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, სადაც 18 ხმით დავმარცხდი სახელისუფლებო კანდიდატთან.  საკმაოდ დიდი და რთული ბარიერები დავინახე.  ეს ბარიერები  ძირითადად გამოწვეული იყო იმით, რომ მე ვიყავი ქალი კანდიდატი.   ეს კი ნიშნავს საქართველოში ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მხრივ, მინიმალური პროგრესი შეინიშნება. საქართველოში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის  დაბალი მაჩვენებელი ისევ და ისევ პრობლემად რჩება.

გენდერულ თანასწორობაზე როცა ვსაუბრობთ, ეს გულისხმობს იმასაც, რომ ქალები მეტად უნდა იყვნენ წარმოდგენილი პოლიტიკაში, რომ შეძლონ თავიანთი  სიტყვის თქმა.  ქალებს აქვთ განსხვავებული გამოცდილება,  ამიტომ ეს გამოცდილება უნდა იყოს ასახული პოლიტიკურ სისტემაშიც.  გენდერული უთანასწორობა პოლიტიკურ სფეროში  წარმოადგენს ერთ – ერთ ყველაზე დიდ არსებით დაბრკოლებას  დემოკრატიული განვითარების გზაზე.   ქართულ პოლიტიკაში ქალები და მამაკაცები თანაბრად უნდა იქნენ წაროდგენილნი. დემოკრატიული საზოგადოებისათვის სხვა საკითხებთან  ერთად, ასევე  მნიშვნელოვანია გენდერული კვოტა“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი