ახალი ამბები

ISFED: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

11 მარტი, 2016 • 1593
ISFED: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება.

“ვფიქრობთ, რომ მსგავსი კადრების მიზანმიმართულად გავრცელება, განსაკუთრებით საარჩევნო წელს, არის შანტაჟის მცდელობა პოლიტიკოსებზე, პოლიტიკურ პარტიებსა თუ სხვა სუბიექტებზე. სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ მსგავსი ჩანაწერის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, თუ როდის მოხდა ჩანაწერის გაკეთება,”- აღნიშნულია ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განცხადებით, მოქმედმა ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ გაანადგურა ე.წ. ფარული ჩანაწერები, თუმცა გავრცელებული ვიდეოკადრები საპირისპიროს ამტკიცებს:

“ხოლო, თუ აღნიშნული კადრები ამჟამინდელი ხელისუფლების დროს ჩაიწერა, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლება აგრძელებს ადამიანების პირადი ცხოვრებით მანიპულირებას მათზე შანტაჟის გზით გავლენის მოსახდენად. დღეს გავრცელებულმა ჩანაწერებმა ნათლად დაადასტურა ის ბრალდებები და ეჭვები, რომელსაც ფარული ჩანაწერების არსებობასთან დაკავშირებით გამოთქვამდნენ პოლიტიკოსები თუ სხვა პირები. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აიღოს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა დღეს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით”
„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს მედიასაშუალებებს, არ გაავრცელონ ფარული ჩანაწერები და პატივი სცენ ადამიანების პირად ცხოვრებას.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებაზე პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

11 მარტს youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც ასახულია ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტიის წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი