ახალი ამბებირეკლამა

რონი სოლბერგი „შუახევიჰესზე“, საქართველოსა და ენერგეტიკაში ქალების როლზე

10 მარტი, 2016 •
რონი სოლბერგი „შუახევიჰესზე“, საქართველოსა და ენერგეტიკაში ქალების როლზე

რონი სოლბერგი კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ (AGL) აღმასრულებელი დირექტორია. უკვე ერთი წელია ბათუმში ცხოვრობს, მეუღლესთან ერთად და საოცრად მოსწონს ეს ქალაქი, განსაკუთრებით არატურისტულ სეზონზე. დატვირთული სამსახურებრივი გრაფიკის პარალელურად, მაქსიმალურად ცდილობს კარგად გაიცნოს საქართველო, მისი მოგზაურობა მწვანე ტბიდან, აჭარის მაღალმთანეთიდან დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდა.

მოსწონს ქართული ღვინო. ხშირად სტუმრობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონს. შემოდგომაზე კახეთი მოინახულა, ყვარლის ტბამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მასზე და გადაწყვიტა, რომ გაზაფხულზე თავის უცხოელ მეგობრებსაც უმასპინძლოს. მოგზაურობის კულმინაცია, ბუნებრივია, აჭარა იქნება – რეგიონი, რომელიც განსაკუთრებით უყვარს და მისთვის მეორე სახლია. უყვარს მხატვრობა, აქტიურად ეცნობა ქართველი მხატვრების ნამუშევრებს, შერჩევის პროცესშია და სულ მალე რამდენიმე ქართველი მხატვრის ნამუშევრის შეძენას გეგმავს.

რონი სოლბერგს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. უფროსი ვაჟი ინჟინერია, ქალიშვილი საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლობს და მამის მსგავსად ჰიდროენერგო სექტორში აპირებს მუშაობას. უმცროსი 19 წლის არის, სერფინგის სკოლაში სწავლობს და გადაწყვეტილების მიღების პროცესშია, თუ რა პროფესიის არჩევა სურს სამომავლოდ. უმცროსი შვილისგან განსხვავებით რონი სოლბერგის გატაცება თხილამურებზე სრიალი და მოტოციკლეტია (ასპარეზობების 11-ჯერ გამარჯვებული). სულ ახლახანს მოინახულა გოდერძის უღელტეხილი და თვლის, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, რომელსაც განვითრების დიდი პოტენციალი გააჩნია.

რონი სოლბერგი ნორვეგიის ქალაქ ოსლოსთან ახლოს, ტყის პირას ცხოვრობს. სახლში ცოტა დროს ატარებს, რადგან თვისი საქმიანობიდან გამომდინარე, ძირითადად, საზღვარგარეთ უწევს ცხოვრება. უყვარს სახლში ლუდის მოხარშვა და მეგობრების გამასპინძლება.

რონი სოლბერგი ენერგოკომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას 2015 წლიდან ჩაუდგა სათავეში, AGL-ი ქვეყანაში ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო-ინფრასტრუქტურულ პროექტს, შუახევიჰესის კასკადს აშენებს. პროექტის განხორციელებაზე ის ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად მუშაობს.

რონი სოლბერგი

რონი სოლბერგი

მის სახელს წარმატებული ჰიდროენერგო პროექტების განხორციელება უკავშირდება. ახლა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდ, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ საინვესტიციო-ინფრასტრუქტურულ პროექტს, შუახევიჰესის მშენებლობას ხელმძღვანელობს. ამ ინვესტიციის ჯამური მოცულობა 416 მილიონი დოლარია. რონი სოლბერგი წარმოშობით ნორვეგიელია, საქართველოში ჩამოსვლამდე არაერთი კომპანიის აღმასრულებელ გუნდს ხელმძღვანელობდა. ინტერვიუში რონი სოლბერგი თავის ქართულ გამოცდილებაზე საუბრობს.

ბატონო რონი, როგორია გუნდი, რომელსაც საქართველოში ხელმძღვანელობთ?

ეს არის გუნდი, რომელსაც ნებისმიერი გამოწვევის დაძლევა შეუძლია. AGL-ის გუნდის უმეტეს ნაწილს, როგორც იცით, ქართველები შეადგენენ. როცა პროექტს უცხო ქვეყანაში ახორციელებ, მნიშვნელოვანია კარგად იცნობდე ამ ქვეყნის ტრადიციებს, კულტურას, გარემოს, სხვაგვარად წარმატებული კომუნიკაცია ვერ შედგება. საქართველოში რომ ჩამოვედი, პირველი რაც გვაკეთე, დავიწყე ამ ქვეყნის გაცნობა. ეს არის საოცარი ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ: ემოციური, საინტერსო, ღრმა, განსაკუთრებული ადამიანები. ქართველი თანამშრომლების ცოდნა, განათლება, გამოცდილება, პროფესიონალიზმი, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პროექტის წარმატებას.

თქვენი საქმიანობა მეტწილად ტექნიკურ პროცესთან ასოცირდება, რამდენად არიან ქალები წარმოდგენილი თქვენს კომპანიაში?

სიამაყით მინდა ვთქვა, რომ კომპანიის ქართველი თანამშრომლების 60% ბათუმში, ხოლო 100% თბილისში სწორედ ქალები შეადგენენ, ნაწილს მენეჯერული პოზიციები უჭირავთ, ნაწილი კი კომპანიის მმართველ გუნდშია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ, როგორც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში, ასევე, ზოგადად, სექტორში, მრავლად არიან წარმოდგენილი ქალბატონები, რომლებიც სიღრმისეულად ფლობენ ტექნიკურ დეტალებსაც კი, რაც უაღრესად მისასალმებელია, რადგან, უფრო ხშირად ამ სფეროსადმი მეტ ინტერსს მამაკაცები ამჟღავნებენ. ვისურვებდი მეტი და მეტი ქალი მეხილა ენერგეტიკით დაინტერესებული.

საქართველო განვითარებადი ქვეყანაა. კომპანიებში თანამედროვე მართვის მეთოდები თანდათან ფუძნდება და ვითარდება. თქვენ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ. თქვენი აზრით, რა არის პირველი ნაბიჯი რასაც მენეჯერი დგამს, როცა კომპანიის სათავეში დგება?

უპირველეს ყოვლისა სწავლობ კომპანიის საჭიროებებს, მაგრამ ზოგადი შეფასებიდან გამოვყოფდი ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც ნებისმიერი კომპანიისთვის უმთავრესია წარმატების მისაღწევად – დიდ კომპანიას ხელმძღვანელობ თუ პატარას, საშუალო რგოლის მენეჯერი ხარ თუ მმართველ რგოლს მართავ, პირველი ნაბიჯია – ააშენო გუნდი, სადაც ყველას საკუთარი შესაძლებლობის მაქსმალურად გამოვლენის საშუალება მიეცემა, უნდა დაინახო, შეისწავლო და მისცე შენი გუნდის ყველა წევრს საშუალება აკეთოს ის, რაც ყველაზე უკეთ გამოსდის.

ეს, რასაკვირველია, არ არის მარტივი პროცესი, თუმცა წარმატებული და მოტივირებული გუნდის გარეშე შეუძლებელია წარმატებული პროექტები განხორციელდეს.

კომპანიის ქართველი თანამშრომლების 60% ბათუმში, ხოლო 100% თბილისში ქალები შეადგენენ, ნაწილს მენეჯერული პოზიციები უჭირავთ, ნაწილი კი კომპანიის მმართველ გუნდშია წარმოდგენილი.

კომპანიის ქართველი თანამშრომლების 60% ბათუმში, ხოლო 100% თბილისში ქალები შეადგენენ, ნაწილს მენეჯერული პოზიციები უჭირავთ, ნაწილი კი კომპანიის მმართველ გუნდშია წარმოდგენილი.

ჯერ კიდევ ბევრი მენეჯერი არ მიჩნევს მნიშვნელოვნად კომპანიის შიდა საკომუნიკაციო არხების დანერგვას ან გაუმჯობესებას. თქვენ კომპანიაში რამდენად განვითარებულია ეს მიმართულება?

ეს არის პროცესი, რომელიც მუდმივად საჭიროებს დახვეწა-განვითარებას ტექნოლოგიური პროგრესის კვლადაკვალ. ძალიან მნიშვნელოვანია შიდა საკომუნიკაციო არხების საშუალებით თანამშრომლები მუდმივად იყვნენ ინფორმირებული კომპანიაში მიმდინარე პროცესების შესახებ, დაუშვებელია გარე არხების საშუალებით იგებდნენ კომპანიის მიღწევების ან გამოწვევების შესახებ. ჩვენ ამ მხრივ თითქმის ყველა ტექნოლოგიურ საშუალებას ვიყენებთ. გარდა ამისა, მე მიმაჩნია, რომ პირისპირ კომუნიკაცია ყველაზე ეფექტურია ამ პროცესში. სწორედ ამიტომ ძალიან ხშირად ამ ხერხს მივმართავთ.

რა იქნება თქვენი, როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე CEO-ს რჩევა ქართველი მენეჯერებისთვის?

მე მიმაჩნია, რომ კომპანიის მმართველს მუდმივად უნდა ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ კომპანიის როგორც წარმატება, ასევე მარცხი, შენი პასუხისმგებლობის ნაწილია და ვერ იქნება ის ცალკეული თანამშრომლის ან განყენებულად გუნდის ბრალი. კომპანიის თითოეული თანამშრომელი უნდა გრძნობდეს თავს კომპანიის ნაწილად და მუდმივად უნდა ჰქონდეს განცდა, რომ კომპანიის წარმატების მონაწილეა. მიეცით თანამშრომლებს საშუალება იგრძნონ პასუხისმგებლობა და მიიღონ გადაწყვეტილებები თავისი კომპეტენციის ფარგლების შესაბამისად.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყოველთვის გამონახეთ დრო და მოუსმინეთ თქვენს თანამშრომლებს.

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ გუნდი

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ გუნდი

მასალების გადაბეჭდვის წესი