ახალი ამბები

გაფრინდაშვილი: კანცლერის თანამდებობაზე კანდიდატურის მოხსნას არ ვაპირებ

9 მარტი, 2016 • 1409
გაფრინდაშვილი: კანცლერის თანამდებობაზე კანდიდატურის მოხსნას არ ვაპირებ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი, გიორგი გაფრინდაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ თავისი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატად მის დასახელებას სტუდენტების პროტესტი მოყვა. 


„მადლობა მინდა გადავუხადო იურიდიულ ფაკულტეტს გამოხატული ნდობისათვის და აკადემიურ საბჭოს ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისა და წარმომადგენლობითი საბჭოს წარდგინებისათვის. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შედეგად გავიარე კონსულტაციები საუნვივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ვაცხადებ, რომ ჩემს მიმართ უნივერსიტეტის უმაღლესი ინსტიტუციების მიერ გამოცხადებული ნდობის საპასუხოდ, არ ვხსნი ჩემს კანდიდატურას. მიზანშეწონილად მიმაჩნია, წარმომადგენლობითმა საბჭომ განახორციელოს კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით მინიჭებული უფლებამოსილება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ზეწოლისაგან თავისუფალ გარემოში,“ – წერს გაფრინდაშვილი.

კანცლერობის კანდიდატის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პატივს სცემს საკუთარი აზრის გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებას, თუმცა ამბობს, რომ სტუდენტების მიერ მის მიმართ გავრცელებული ბრალდებები  სიმართლეს არ შეესაბამება:

„ერთის უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება მეორეს თავისუფლება. როგორც ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, ჩემ მიმართ გაჟღერდა უამრავი ბრალდება გარკვეული წრეების მიერ. მე ვერ მოვისმინე ამ ბრალდებების დამადასტურებელი ვერცერთი არგუმენტი, გარდა ცარიელი სიტყვებისა. წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარდა არაერთი საჯარო შეხვედრა პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან. მათგან გამოვყოფ შეხვედრას სტუდენტებთან, რომელიც ორგანიზებული იყო დღეს ჩემ მიმართ მძაფრი ბრალდებების ავტორების მიერ. მე მზად ვიყავი, პასუხი გამეცა ნებისმიერ შეკითხვაზე, თუმცა მათ მიერ აღნიშნულ შეხვედრაზე არ ყოფილა არც ერთი მსგავსი შეკითხვა გაჟღერებული, რაც მიქმნის გარკვეული ეჭვის საფუძველს,“ – ნათქვამია გაფრინდაშვილის განცხადებაში.

გიორგი გაფრინდაშვილი ასევე ეხმიანება ხვალ, 10 მარტს, უნივერსიტეტის სენატის სხდომისას დაგეგმილ სტუდენტურ აქციას და თავის მხარდამჭერებს და „განსაკუთრებით სტუდენტებს“ მოუწოდებს, რომ ამ დროის მანძილზე თავი შეიკავონ პირველ კორპუსში მისვლისგან.

„ მინდა, ვთხოვო ჩემი კანდიდატურის მხარდამჭერ პირებს, განსაკუთრებით სტუდენტებს, თავი შეიკავონ უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ამ დროისათვის მოსვლისაგან, რათა კიდევ უფრო არ დაიძაბოს სიტუაცია, შესაბამისმა ძალებმა არ ისარგებლონ შექმნილი სიტუაციით და არ მოხდეს უნივერსიტეტის სახელის შელახვა,“ – ამბობს გაფრინდაშვილი.

გიორგი გაფრინდაშვილი ასევე ეხმაურება 7 მარტს გამართული საპროტესტო აქციის თანამონაწილის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, სადაც ის ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. გაფრინდაშვილის თქმით, მისთვის მსგავსი ფაქტი მიუღებელია და კუპრაძეს თანადგომას უცხადებს.


სტუდენტები, რომლებიც აპროტესტებენ გაფრინდაშვილის შესაძლო კანცლერობას, ფიქრობენ,  რომ იგი  იმ ძალადობრივი სისტემის ნაწილი იყო, რომელიც ხელს უწყობდა სტუდენტების ჩაგვრას და ფიზიკურ ზეწოლას. მათ ამის არგუმენტად სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება მოჰყავთ.  სიუჟეტში საუბარია 2011 წლის 15 აპრილს სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტზე – სტუდენტების მიერ წიგნების თარგმნის მოთხოვნა მათსა და თვითმმართველობის წევრებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვიდეოში ნაჩვენებია ნაცემი სტუდენტები და გიორგი გაფრინდაშვილის სიტყვები „არავინ არავის არ სცემს“. გაფრინდაშვილი იმ დროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე იყო.

სტუდენტების მოთხოვნით 7 მარტს რექტორმა სასწრაფო წესით მოიწვია აკადემიური საბჭოს კრება, რომელსაც 8 წევრი დაესწრო. სტუდია “მონიტორის” გამოძიების  ნახვის შემდეგ საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ მათ არაფერი იცოდნენ გაფრინდაშვილის წარსულის შესახებ, მაგრამ რომც სცოდნოდათ, არ იციან, მაინც მისცემდნენ თუ არა ხმას.

გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას სენატზე 10 მარტს განიხილავენ. წარმომადგენლობითი ორგანო შედგება 42 წევრისაგან.  გიორგი გაფრინდაშვილს კანცლერად ასარჩევად 22 ხმა სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი