ახალი ამბები

“ოდეერი” – სპეციალური უსაფრთხოების წარმომადგენელი უნივერსიტეტში

9 მარტი, 2016 • 3423
“ოდეერი” – სპეციალური უსაფრთხოების წარმომადგენელი უნივერსიტეტში

როგორ მუშაობს ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და რა შედის მის მოვალეობაში? – ეს და სხვა კითხვები დაუსვა “ნეტგაზეთმა” თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორ ლადო პაპავას, რომელმაც სტუდენტების გამართულ საპროტესტო აქციის დროს მონაწილეებთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ  უნივერსისტეტს ჰყავს ე.წ. ოდეერი – სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი.

“ოდეერების ინსტიტუტი მთელ ქვეყანაში არსებობს იმიტომ, რომ საკანონმდებლო დონეზე ამის შეცვლა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა”, – ამბობს პაპავა “ნეტგაზეთთან” საუბარში და ამატებს – “ თუ ვინ არის ამ ორგანოს წარმომადგენელი უნივერსიტეტში, ეს ყველამ, მათ შორის სტუდენტებმაც იციან და დაასახელეს კიდეც შეხვედრაზე. ივა კავსაძე არის ოდეერი უნივერსიტეტში. რაც შეეხება მეორე პირს, რომელზეც საუბარი იყო შეხვედრაზე, ირაკლი ხარჯივანიძეს [„გალჩი„], არ ვიცი, ვინ არის და რას წარმოადგენს”.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ რას საქმიანობს სპეციალური უსაფრთხოების წარმოამდგენელი უნივერისტეტში და რა შედის მის მოვალეობაში, პაპავა პასუხობს:

“მისი საქმიანობა არის გარკვეულწილად უსაფრთხოება უნივერსიტეტში, რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული. ვერ გეტყვით, როგორ იღებს ის ამ უსაფრთხოების ზომებს, ეს მისი სპეციფიკაა, მე არასდროს არ მიმუშავია ორგანოებში და ნამდვილად არ ვიცი, როგორ მუშაობენ”.

უნივერსიტეტის რექტორი ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ ქვეყანაში დასავლური სტანდარტის უსაფრთხოების სისტემა იქნება და არა ის, “რაც მემკვიდრეობით გვერგო წარსულიდან”:

“ ეს იმაზეა დამოკიდებული, მთელ ქვეყანაში უნდა არსებობდეს თუ არა ეს ინსტიტუტი. ჩემი პოზიცია მე სტუდენტებთანაც დავაფიქსირე, რომ კარგი იქნება, თუ ქვეყანა ჩამოყალიბდება და უსაფრთხოების დასავლურ სტანდარტებს შექმნის. დასავლეთშიცაა უსაფრთხოების სამსახურები, მე ამის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ კარგი იქნება, თუ ქვეყანა ამ სტანდარტებს შეიმუშავებს და არა იმას, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო წარსულიდან”.

უნივერისტეტის სტუდენტები ეჭვობენ, რომ  ივა კავსაძე, რომელიც სტუდენტების ინფორმაციით და პაპავას თქმითაც უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერია, კანცლერის არჩევნებზე  გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას ლობირებს, რაც სტუდენტების პროტესტის მიზეზი გახდა.

“არც კავსაძე და არც გაფრინდაშვილი არ მალავენ თავიანთ მეგობრობას. ისინი იყვნენ კურსელები, მოდიან ერთად სტუდენტობის დროიდან და დღეს ისევ ერთ ორგანიზაციაში არიან და, ბუნებრივია, თუ ახალგაზრდობიდან მეგობრობენ, დღესაც ჰქონდეთ ურთიერთობა. ლობირებს თუ არა კავსაძე გაფრინდაშვილის კანდიდატურას, ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ დავადასტურო ან უარვყო, გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს შორის არის მეგობრობა – აცხადებს რექტორი.

სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის 9 მარტს გავრცელებული განცხადებით კი, პაპავას მიერ დასახელებული  ივა კავსაძე  სუსის თანამშრომელი არ არის.  სუსი აცხადებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სუსის თანამშრომელი საერთოდ არ არის წარმოდგენილი  და  „ოდეერების“ ინსტიტუტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებაზე საუბრობს:  

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონით განისაზღვრა სრულიად ახალი და გამჭვირვალე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა ინსტიტუტის ფუნქციონირების საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველი ე.წ. ოდეერების ინსტიტუტისაგან.

კერძოდ, ცვლილებების შესაბამისად, ახალი ინსტიტუტი ემყარება ნებაყოფლობით საწყისებს. სამსახურის მიერ შესაბამის სუბიექტში წარმომადგენლის მივლენისა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განისაზღვრება ორმხრივი ხელშეკრულებით, რომლის გაფორმებაზე სამსახურისათვის მიმართვის უფლებამოსილება გააჩნია თავად დაინტერესებულ სუბიექტს.

ამასთან, კონკრეტული სუბიექტების ჩამონათვალს, რომელშიც შესაძლებელია მივლენილ იქნეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურის წარმომადგენელი, განსაზღვრავს არაერთპიროვნულად უწყების ხელმძღვანელი, არამედ საქართველოს მთავრობა. აღნიშნული ნუსხა არის ყველასათვის ღია, გამჭვირვალე და მოიცავს 25 სუბიექტს, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველია. ამ ჩამონათვალში საგანმანათლებლო დაწესებულებები არ შედის. შესაბამისად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სუსის თანამშრომელი არ არის წარმოდგენილი”, – აცხადებს სპეციალური უსაფრთოხების სამსახური.


რატომ არ დაუჭირა მხარი ლადო პაპავამ  გაფრინდაშვილის კანდიდატურას?

 

აკადემიური საბჭოს სხდომაზე უნივერსიტეტის რექტორმა მხარი არ დაუჭირა გაფრინაშვილის კანდიდატურას კანცლერის პოზიციაზე.

“პასუხი არის ძალიან მარტივი. მე, როგორც რექტორი, ვალდებული ვარ კომუნიკაცია მქონდეს უნივერსიტეტში ყველასთან და როდესაც ამა თუ იმ ადამიანთან დაკავშირებით არის კრიტიკული განწყობა, იმისთვის, რომ ამან უნივერსიტეტში განხეთქილება ან ერთიანობის დაკარგვა არ გამოიწვიოს, ასე მოვიქეცი”, – ამბობს პაპავა.

ის ასევე ხაზს უსვამს უდანაშაულობის პრეზუმფციას:

“ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ როცა ადამიანზე არსებობს გარკვეული არაჯანსაღი შეფასებები მის ზონდერებთან კავშირთან დაკავშირებით, ეს უმჯობესია, რომ სანამ საბოლოოდ არ დადგინდება მისი კავშირი ამ ადამიანებთან, მანამდე თავი შეგვეკავებინა ასეთი კანდიდატურის მხარდაჭერისაგან. სწორედ ამიტომ, მე მივეცი უარყოფითი ხმა. ამავე დროს ხაზი მინდა გავუსვა, რომ გიორგი გაფრინდაშვილი არის ეკონომისტი, დისერტაცია დაცული აქვს სახელმწიფოს შესყიდვებში და სწორედ კარგი მცოდნეა იმ მთელი რიგი პროცესების, რაც კანცლერის ფუნქციებში შედის. ეს მის მხარეზე პოზიტივია. მაგრამ ამ პოზიტივის მიუხედავად, მას ხმა არ მივეცი ზემოაღნიშნული მიზეზების გამო”.

თსუ-ის კანცლერობის კანდიდატი: გადაწყვეტილებას აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ მივიღებ

თსუ-ში გამართული აქციების მონაწილე სტუდენტი ზეწოლის ფაქტზე საუბრობს

მასალების გადაბეჭდვის წესი