საზოგადოება

“ხუდონჰესი” – საბჭოთა პროექტის მოსალოდნელი შედეგები

5 მაისი, 2011 • 2278
“ხუდონჰესი” – საბჭოთა პროექტის მოსალოდნელი შედეგები

საქართველოში გიგანტური ჰიდროელექტორსადგურის მშენებლობა, წინასწარი მონაცემებით, სვანეთს დააზარალებს.

რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა და ენერგეტიკის მინისტრმა საზოგადოებას  საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი ინვესტიციის შესახებ შეატყობინეს. საქართველოს მთავრობის განცხადებით, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს სვანეთში დაპროექტებული ჰიდროელექტროსადგურის, ხუდონჰესის მშენებლობაში დაახლოებით  ერთ მილიარდიან ინვესტიციას ინდური კომპანია – “კონტინენტალ ენერჯი” ჩადებს. თუმცა შესაბამისი ხელშეკრულება ქართულ–ინდურ კომპანია “ტრანს ელექტრიკასთან” გაფორმდა, რომლის “კონტინენტალ ენერჯისთან” რაიმე ტიპის კავშირის შესახებ ინფორმაცია არც “კონტინენტალ ენერჯისა” და არც “ტრანს ელექტრიკას” ვებ–გვერდებზე არ იძებნება.

როგორც ქართველმა მინისტრებმა აღნიშნეს, ყველა წინასწარი მოკვლევით, ხუდონის პროექტი მომგებიანი იქნება.

მოგებაში საქართველოს ხელისუფლება 2017 წლიდან (ეს ის დროა, როდესაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა უნდა დამთავრდეს) ქვეყნიდან ელექტროენერგიის ექსპორტსა და ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებას გულისხმობს.

თუმცა საქართველოში გარემოს დამცველები ამ პროექტის განხორცილებაში საქართველოსთვის ზარალს უფრო მეტს ხედავენ, ვიდრე – მოგებას.

მიკროკლიმატის ცვლილებები სვანეთში, რამდენიმე სოფლის მოსახლეობისგან დაცლა, განსახლებული მოსახლეობის სხვა საცხოვრებლებით უზრუნველყოფა, ახლადგახსნილი ტურისტული სათხილამურო ზონის მოშლა, ხუდონჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ფლორისა და ფაუნის განადურება, სეისმური პრობლემები და მეწყერსაშიშიროება – ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომელიც გარემოს დამცველთა თქმით, გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას მოყვება.

თუმცა ზარალის კონკრეტულ მოცულობაზე გარემოს დამცველები ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის – გარემოზე ზემოქმედების შესწავლის გარეშე ჯერ ვერ საუბრობენ.

ეს დოკუმენტი ინვესტორმა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მშენებლობის დაწყებამდე უნდა წარმოადგინოს. მასში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობით გამოწვეული გარემოზე ზეგავლენის მოცულობები.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და შვეიცარულ კომპანია BRL–ის მიერ 2008 წელს გაკეთებულ ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საბოლოო მოკლე ანგარიშში მშენებლობის რამდენიმე ვარიანტზე და თითოეული ვარიანტის მიერ გამოწვეულ რისკებზეა საუბარი.  ეს ვარიანტები ერთმანეთისგან  სამშენებლო ტეროტორიის მოცულობით განსხვავდება. მშენებლობის სასურველ ვარიანტს თვითონ ინვესტორი ირჩევს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის წარმომადგენელი თეიმურაზ იზორია ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მშენებლობის რომელ ვარიანტზე შეჯერდება ინვესტორი, ჯერ უცნობია:

„ინვესტორი გარემოზე ზემოქმედების შესწავლას უკვე მალე დადებს. მერე იქნება საჯარო განხილვები და შემდეგ უკვე ინვესტორს დაჭირდება მშენებლობის ნებართვის მოპოვება. ეს ყველა ეტაპი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისადაა“.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მშენებლობა უკვე მომავალ წელს დაიწყება და ექვს წელიწადში დამთავრდება. ნიკა გილაურს აღნიშნული პროცედურები მაშინ არ უხსენებია.

კითხვაზე, თუკი მშენებლობის ნებართვა ჯერ არ არსებობს და ის მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების შესწავლის წარდგენის შემდეგ უნდა გაიცეს კანონმდებლობის თანახმად, რა გარანტია არსებობს იმისა, რომ მშენებლობა რისკებს არ შეიცავს და აუცილებლად დაიწყება, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა გვიპასუხა:

„წინასწარ ვიცით დიდი სიზუსტით, რომ აქ რაიმე რისკებს და გაუთვალისწინებელ მოვლენებს ადგილი არ აქვს. ახლა უკვე ინვესტორზე არის დამოკიდებული, რამდენად კარგად შეასრულებს თავის ვალდებულებებს“, – აღნიშნა თეიმურაზ იზორიამ.

თუმცა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების 2008 წლის მოკლე ანგარიშში წერია, რომ ხუდონის კაშხლის წყალსაცავის პროექტის განხორციელება, სავარაუდოდ, ზეგავლენას იქონიებს ადგილობრივ კლიმატზე ისე, როგორც ეს მოხდა ენგურის წყალსაცავის შემთხვევაში: წყალსაცავის თავზე და მიმდებარე ტერიტორიაზე  ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება და ზამთარში შესაძლო ნისლიანობა.

მშენებლობის პროცესში ადგილობრივად გაუარესდება ჰაერის ხარისხი.

დიდი წვიმების შემთხვევაში შესაძლო მეწყრიანობის რისკს, თავის მხრივ, გაზრდის ტყეების გაჩეხვა. ხოლო ზამთარში ზვავსაშიშროება მოიმატებს ფერდობებზე ბუნებრივი ბარიერების მოშლის გამო.

მშენებლობისა და წყალსაცავის მოწყობის ეტაპებზე მოსალოდნელია სასოფლო-სამეურნეო (ე.ი. საძოვრები, სახნავ-სათესი მიწები და ბოსტნები)  და ტყის ნიადაგების გაქრობა წყლით დასატბორ ტერიტორიაზე, სხვადასხვა ნაგებობის მშენებლობის ადგილას და მათ სიახლოვეს.

მშენებლობის ადგილებსა და მათ მიდამოებში არსებული მცენარეული საფარი განადგურდება, ან მძლავრი ზემოქმედების ქვეშ მოექცევა.

დესტაბილიზება და ეროზია, განსაკუთრებით, გზების გაყვანის პროცესში.

წყალსაცავის მოწყობის ადგილას დაიტბორება სანაპირო ზოლზე არსებული ფლორა და ფერდობზე არსებული ტყეები. მცენარეული საფარის განადგურებას თან მოჰყვება ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოსა და ბიომრავალფეროვნების მოშლა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაცული მცენარეული სახეობების გაქრობა, შესაბამისად, რისკის ქვეშ დადგება ველური ბუნება.

ტრანსპორტის გაზრდილი მოძრაობის გამო ცხოველების ავარიული სიკვდილიანობა და მუშების მხრიდან შესაძლო ბრაკონიერობა. თევზები და მდინარის კიბოები შესაძლოა საერთოდ გაქრეს.

კაშხლის აშენებისა და ტერიტორიის დატბორვის შედეგად ხაიშისა და

სხვა სოფლებისა თუ დასახლებების ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი (პირდაპირი ზემოქმედება ვრცელდება 450-მდე კომლზე)  მთლიანად დაკარგავს მიწას, უძრავ ქონებას. პროექტი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანწილად იმოქმედებს სოციალურ ინფრასტრუქტურაზეც მოსახლეობის კუთვნილი ქონების, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის დაზარალების გამო.

ტერიტორიაზე მუშახელის არსებობამ, აგრეთვე, მიკროკლიმატის ცვლილებამ (ჰაერის ტენიანობის ზრდამ)  შეიძლება გამოიწვიოს ახალი ავადმყოფობების გაჩენა, ან არსებულის ცვლილება.

კულტურულად მნიშვნელოვანი ადგილების/ძეგლების დაკარგვა/მოშლა უარყოფითად იმოქმედებს მოსახლეობის ადგილმამულის, ისტორიის, კულტურისა და მოგონებების აღქმაზე, თვითმყოფადობაზე.  თუმცა რაიონში მხოლოდ რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლია, მაგრამ ისეთი ადგილები, როგორებიცაა ეკლესიები და სასაფლაოები, ხალხისათვის ასევე მნიშვნელოვანია.

ამის გარდა, გარემოს დამცველები სხვა მოსალოდნელ რისკებზეც საუბრობენ.

„ვაპირებთ მესტიაში კურორტულ–სარეკრეაციო ზონის განვითარებას? თუ ვაპირებთ, წყლის სარკის (წყლის ზედაპირის) გაფართოებისას მომატებული ტენიანობის შედეგად მესტიაში გვექნება სველი თოვლი, რომელზეც სრიალი არათუ რეკომენდებული, საერთოდ აკრძალულია. ამის კარგი მაგალითია შაორი. შაორმა გაზარდა რაჭაში ტენიანობა, სამაგიეროდ, სასრიალოდ აღარ ვარგა. სვანეთშიც, როგორც სათხილამურო ტურიზმის ცენტრის, პერპექტივას ,დავკარგავთ“, –აღნიშნავს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები–საქართველოს“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

ჩხობაძის თქმით, მეორე პრობლემა, რომელიც ხუდონჰესის მშენებლობას მოჰყვება, სვანეთის დაცარიელებაა.

„მითუმეტეს, ეს ის ზონაა, რომელიც სასაზღვრო ზონას წარმოადგენს მეზობელთან, რომელიც ქვეყნის ერთ–ერთი კარიბჭეა. ახლოა კონფლიქტის ზონასთან“,–ამბობს ჩხობაძე.

“ვფიქრობ, ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს ის, თუ სად მოხდება სოფლებიდან, რომლებიც დაიტბორება, ხალხის გადასახლება. ბოლო 30 წელიწადია, ეს ხალხი გადასახლების რეჟიმში ცხოვრობს. ისინი ერთხელ უკვე გადაასახლეს შუა ქართლში, შემდეგ მათ უდიდესი ნაწილი სვანეთის ამ სოფლებში დაბრუნდა. ახლა მათ მეორე აყრაზეა ლაპარაკი. საქართველოს მთავრობის პირობებში ან მიიღებენ რაიმე კომპენსაციას, ან – არა“,–ამბობს „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი მანანა ქოჩლაძე.

მისი თქმით, ერთ–ერთი მიზეზი, რატომაც ჯერ კიდევ 1989 წელს ასაშენებელი ჰესის მშენებლობა შეჩერდა, სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი იყო.

„გარდა მოსახლეობის პროტესტისა, ამ პერიოდში საბჭოთა კავშირიც იშლებოდა და ჰესის მშენებლობის დაფინანსებაც შეწყდა. მითუმეტეს, ხუდონჰესი არ ყოფილა იმაზე გათვლილი, რომ საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას მომსახურებოდა. მას რუსეთში პიკური დატვირთვები უნდა შეემცირებინა.

ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე, რაც მიმაჩნია, არის ის, რომ ჩვენი მენტალობა ვერ გამოსულა საბჭოთა მენტალობიდან და იმ გიგანტომანიისგან, რომლითაც საბჭოთა კავშირი იყო დაკავებული. ხუდონი იყო საბჭოთა პროექტი და 21–ე საუკუნეში ვიყენებთ იგივე პროექტს, მაშინ, როდესაც უფრო ეფექტური და ეკოლოგიური თვალსაზრისით შედარებით უსაფრთხო მცირე ჰესების აშენებაა, რისი საშუალებაც მდინარეთა რაოდენობის გათვალისწინებით ნამდვილად გვაქვს. ამასთან, მსოფლიოშიც დიდ ჰესებს თითქმის აღარავინ აშენებს“, –ამბობს მანანა ქოჩლაძე.

როგორც წესი, მცირე ჰესები, შესაბამისად, წყლის მცირე სარკეს (ზედაპირს) მოითხოვს, რაც, თავის მხრივ, მცირე ფართობის დატბორვას გამოიწვევს. ასეთ დროს ტენიანობაც შედარებით დაბალია.

ზუსტად რა ეკოლოგიურ და სოციალურ ზარალს გამოიწვევს ქვეყანაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, როგორც ენერგეტიკის სამინისტროში ამბობენ, მალე გახდება ცნობილი, როდესაც ინვესტორის მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შესწავლა იქნება მზად.

ხუდონჰესის მშენებლობა საქართველოში 1979 წელს დაიწყო. მდინარე ენგურზე კიდევ ერთი გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მას საშულება მიეცა ენგურჰესისთვის, დამატებით  1 მლრდ.კვტ/სთ ელექტროენერგია მიეღო.

ხუდონჰესის მშენებლობას მაშინ ადგილობრივი მოსახლეობისა და მთელი ქართული საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ჰესის მშენებლობა 1989 წლის ივნისში შეჩერდა, რადგან ხუდონის პროექტი ბლოკირებული  იქნა საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რადგან შეიცავდა ეკოლოგიური კატასტროფის მაღალ რისკს და მოითხოვდა სვანეთის რამდენიმე უნიკალური სოფლის, მათ შორის სოფელი ხაიშის გადასახლებას.

ამის შემდეგ ხუდონის პროექტის ლობირება საქართველოს მთავრობამ 2005 წლიდან დაიწყო.

 

ამავე თემაზე:

მილიარდი დოლარი ხუდონჰესისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი