საზოგადოება

სახელმწიფო კანონის წინააღმდეგ

4 მაისი, 2011 •
სახელმწიფო კანონის წინააღმდეგ

კომპანია “რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტის” მფლობელს – “საქართველოს რკინიგზას”, რომელსაც 19 აპრილს ბათუმის ბულვარის 4504 კვადრატული მეტრი აჩუქა ხელისუფლებამ, 2011 წლის აპრილის თვეში არაერთი სხვა საჩუქარიც შეხვდა.

“რკინიგზას” 15 აპრილს ქვეყნის ბიუჯეტიდან მოულოდნელად 20 მილიონი ლარი მისცეს, საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სხვა უძრავი ქონებაც მიიღო. მაგალითად, “რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი”-ს 3814 კვ/მ მიწა მისცეს აბაშაში და 9388 კვ/მ – ზესტაფონში. შპს “საქართველოს რკინიგზას” თბილისში ვარკეთილის მეურნეობაში გადაეცა 908 კვ/მ ფართობი, 28 671 კვ/მ– წალკაში, 87 614 კვ/მ– ნინოწმინდაში, 894კვ/მ კი– დიდ დიღომში. ამ ეტაპზე საზოგადოება ბათუმში ბულვარის გაჩუქებას აპროტესტებს. აქცია “შეხვედრის ადგილი – ბათუმის ბულვარი” 2 მაისს დაიწყო.

ბულვარის ერთი სახლის ეზოდ ქცევის მცდელობა

უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, რეაბილიტაცია ნიშნავს აღდგენას, განახლებას. დოკუმენტში, რომელიც სოფო ლაზიშვილმა გასცა და რომლის საფუძველზეც დაიწყო ბულვარიდან ხეების ამოძირკვა თუ მწვანე საფარის განადგურება, წერია: “ნებართვა გაცემულია ბათუმის ზღვისპირა ბულვარის ნაწილში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის”.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კომპანია ეწევა ძეგლის – ბათუმის ბულვარის არა რეაბილიტაციას, არამედ მის ხელყოფს, რადგან კულტურულ მემკვიდრეობას ის ასწლოვანი ხე-მცენარეები წარმოადგენენ, რომლებიც 130 წლის წინათ მოწვეულმა სპეციალისტებმა გააშენეს ბულვარში.

ამის მიუხედავად, სოფო ლაზიშვილი – აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნომერ პირველი დამცველი, თვლის, რომ ხეების ამოძირკვა, მწვანე საფარის მოშლა, აქამდე არარსებული უზარმაზარი შენობის ჩადგმა ძეგლის ავთენტურობას არ არღვევს.

ბათუმის ბულვარში “სამუშაოების ჩატარების უფლება” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა 24 აპრილს გასცა და იმავე დღეს აცნობა მედიას, რომ დააკმაყოფილა “რეილვეი ფროფერტი მენეჯმენტის” განცხადება სამუშაოების ჩატარების თხოვნის შესახებ.

ამ დღის შემდეგ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს, სოფო ლაზიშვილს ჟურნალისტები ვეღარ პოულობენ. მისი სააგენტოს თანამშრომლის მიერ 29 აპრილს “ბათუმელებისთვის” მოწოდებული ინფორმაციით კი ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი – ლაზიშვილის უწყებამ ისე გასცა ბულვარში ხეების გაჩეხვაზე ნებართვა, რომ “რეილვეი ფროფერტი მენეჯმენტს” მისთვის არ მიუმართავს, ანუ, სავარაუდოდ, სააგენტომ ყალბი დოკუმენტი გასცა. ყოველ შემთხვევაში სააგენტოს მიერ მოწოდებულ ქსეროასლებში ეს დოკუმენტი არ ჩანს.

პრეზიდენტის ინტერესები საქართველოს რკინიგზაში ქართული მედიის მიხედვით

რატომ იცვლება ასე ელვისებურად “საქართველოს რკინიგზის” საწესდებო კაპიტალი? რატომ არის ასეთი უხვი სახელმწიფო აპრილის თვეში ამ კომპანიის მიმართ? რატომ გახდა სახელმწიფო ასეთი მოწყალე იმ სტრუქტურის მიმართ, რომელსაც რამდენიმე წლის წინათ გასაყიდად ამზადებდა? ამ კითხვებზე პასუხის მიღება შეიძლება მინიმუმ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მესაკუთრე იტყვის, რა მიზნები აქვს ამ ქონებასთან დაკავშირებით.

“რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტის” დირექტორს მეგი მუმლაძეს კი საზოგადოებისთვის განმარტების მიცემა მომავალ კვირამდე არ სურს.

ბათუმის ბულვართან დაკავშირებით “საქართველოს რკინიგზის” გეგმების შესახებ არაფერი იცის “საქართველოს რკინიგზის” პრესსამსახურის უფროსმა ირმა სტეფნაძემაც.

თვითონ რკინიგზის შეფი ირაკლი ეზუგბაია კი მედიისთვის საერთოდ ხელმიუწვდომელია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ქართულ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, “საქართველოს რკინიგზა” სააკაშვილის პირად ინტერესებთან ასოცირდება.

რკინიგზა ვაჭრობის იარაღად ამ ხელისუფლებამ პირველად 2007 წლისთვის აქცია. სწორედ მაშინ გაჩნდა მედიაში ცნობები, რომ ბადრი პატარკაციშვილს ტელეკომპანია “იმედის” სანაცვლოდ “საქართველოს რკინიგზას” სთავაზობდნენ.

ის, რომ რკინიგზას პრეზიდენტი აკონტროლებს, ამ ეჭვის გაძლიერებას თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებამაც შეუწყო ხელი. მან თქვა, რომ რკინიგზა პრეზიდენტის ოჯახს ეკუთვნის. ამ განცხადებიდან მალე ხელისუფლებამ 99-წლიანი მართვის უფლებით რკინიგზა ერთ-ერთ ბრიტანულ კომპანიას გადასცა (Parkfield Investmen). ეს გარიგება კი იმით დასრულდა, რომ ხელისუფლებამ თავად თქვა უარი რკინიგზის გადაცემაზე.

“Georgian in foreign masmedia”-სთან ინტერვიუში რკინიგზაში პრეზიდენტის ინტერესებზე საუბრობს გია ხუხაშვილიც, იმ დროისთვის “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

“რკინიგზა ყოველთვის იყო პირველი ხელისუფალის სალარო, შევარდნაძის დროსაც და უკვე შემდეგაც”, – აცხადებდა იგი.

იმ პერიოდის მედიაში რკინიგზაში მიხეილ სააკაშვილის ინტერესებზე მიუთითა “საქართველოს რკინიგზის” ყოფილმა თანამშრომელმა გია ყრუაშვილმაც, მან რკინიგზის ხელმძღვანელობა კორუფციულ სქემების წარმოებაში დაადანაშაულა, რის შესახებაც წერილობით აცნობა პროკურატურას.

“რკინიგზაში ირაკლი ეზუგბაიას მოყვანა გიორგი არველაძის კლანის გაძლიერებას ემსახურებოდა”, – თქვა მან პრესკონფერენციაზე – “ირაკლი ეზუგბაიამ თავის ფინანსურ მრჩევლად მაშინდელი გენპროკურორის, ეკა ტყეშელაშვილის მეუღლე გიორგი ალექსიშვილი დანიშნა”.

გია ყრუაშვილმა ისაუბრა ე.წ. არალეგალურ საარჩევნო შტაბზეც, რომელიც რკინიგზაში სააკაშვილის სასარგებლოდ მუშაობდა.

ინსტიტუციური გაყალბების ნიშნები

ის, რომ ბულვარის შესასვლელში არსებული სამშენებლო მესერი 24 აპრილამდე უკანონო იყო, ამაზე “25-ე არხის” ეთერში აჭარის განათლების მინისტრმა გია აბულაძემაც მიანიშნა.

ამასთან დაკავშირებით “ბათუმელებმა” წერილობითი შეტყობინება თანდართული დოკუმენტებით გაუგზავნა მერიის ზედამხედველობის სამსახურს, სათანადო რეაგირების თხოვნით.

“მშენებლობის ნებართვის გაცემა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ვადები საფუძვლიან ეჭვს იწვევს, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესები დარღვეულია.…გთხოვთ, მინიჭებული უფლების ფარგლებში ოპერატიული რეაგირება მოახდინოთ წარმოდგენილი ფაქტის ირგვლივ”, – წერია “ბათუმელების” შეტყობინებაში.

სამსახურის უფროსის გიორგი შერვაშიძის ხელმოწერილ პასუხში კი წერია: “ვითარება შესწავლილი არ არის”.

 

ამავე თემაზე:

სამოქალაქო აქცია: „შეხვედრის ადგილი – ბულვარი“

განადგურებული ფლორა ბათუმის გაჩუქებულ ბულვარში

მასალების გადაბეჭდვის წესი