საზოგადოება

რეზიდენტურა–როგორ ხდებიან ექიმები საქართველოში

22 აპრილი, 2011 •
რეზიდენტურა–როგორ ხდებიან ექიმები საქართველოში

მომავალი ექიმები ამბობენ, რომ საქართველოში ექიმობის სწავლებაში გადახდილი თანხა სწავლის ხარისხის შეუსაბამოა.

„სულ სხვა სფეროში მიწევს მუშაობა, რომ სწავლის ფული გადავიხადო, ამას გარდა, ფულით დედაჩემს უნდა დავეხმარო, ჩემი თავი უზრუნველვყო.  საქართველოში ისეთი სიტუაციაა, რომ თუ სამედიცინო სფეროში ხარ, არა თუ ოჯახის, საკუთარი თავის რჩენას 30–35 წლამდე ვერ შეძლებ, მარტივი მიზეზის გამო – ხელფასი არ გაქვს არანაირი“, –ამბობს 26 წლის რეზიდენტი, დათო გოგოლაძე.

იმისთვის, რომ ექიმი გახდე, აუცილებელია ექიმის ლიცენზიის მიღება. ლიცენზიის მიღებამდე კი, რეზიდენტურის გავლა, რომლის განმავლობაში, როგორც თვითონ რეზიდენტები ამბობენ,  არაერთი პრობლემა ექმნებათ.

რეზიდენტურა, ანუ დიპლომის შემდგომი სწავლება, რომელიც სასწავლო პროგრამებისა და საექმო საქმიანობის ერთობლიობაა, დაახლოებით ორი წელიწადსს მოიცავს. მისი ხანგრძლივობა კონკრეტულ სპეციალობაზეა დამოკიდებული.

რეზიდენტურის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული ისიც, თუ რა თანხის გადახდა მოგიწევს.

დიპლომის აღების შემდეგ 24 წლის ნათია უკვე სამი თვეა, რეზინდეტურას ფსიქიატრიულ კლინიკაში გადის.

„მთლიანობაში 4050 ლარის გადახდა მომიწევს. კიდევ კარგი, სამედიცინოში უფასოზე ვსწავლობდი, თორემ ახლა ამ თანხას ვეღარ გადავიხდიდი, სავარაუდოდ. ახლაც ძალიან გვიჭირს მთელ ოჯახს ამ ფულის შეგროვება“, –ამბობს ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეზიდენტი.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“  საქართველოს კანონით კი, რეზიდენტურა – უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომის შემდგომი საფეხური, მიზნად ისახავს სახელმწიფო შეკვეთის საფუძველზე პროფესიულ მზადებას ერთ–ერთ საექიმო სპეციალობაში ( სტომატოლოგიურ სპეციალობებში დასაშვებია კერძო დაფინანსება) სარეზიდენტო პროგრამის დადგენილ ფაზაში.

აღნიშნული კანონის თანახმად, თუ პროფესიული მზადება სახელმწიფო შეკვეთის საფუძველზე ხდება, მაშინ ის უფასოა.

თუმცა  ასეთი სახელმწიფო შეკვეთები, როგორც სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი ზაზა ბოხუა ამბობს,  2007 წელს დამთავრდა.

„რეზიდენტურაში გადახდილი თანხა, ეს არის მინიმალური თანხა. თან, ადრე თუ წელიწადში ორჯერ იხდიდნენ ამ თანხას, ახლა კვარტლურად ხდება მისი გადანაწილება. ეს შეღავათია. თუმცა სახელმწიფოს როლი დიდია კონფლიქტის რეგიონიდან სტუდენტების რეზიდენტურაში უფასოდ სწავლაში. მათ საჩხერეში ვუშვებთ, ყველანაირად ხელს ვუწყობთ“, –ამბობს ზაზა ბოხუა.

მაგდა აფციაური, რომელიც კონფლიქტის რეგიონიდან არ არის და ყველა შემთხვევაში რეზინდეტურის თანხა გადასახდელი ექნება, ამბობს, რომ ჩაბარებას საქართველოში არ აპირებს.

„თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი, რომ რეზიდენტურას აშშ–ში გავივლიდი. ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, იმიტომ მივიღე, რომ აშშ–ში, ისევე როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, რეზიდენტურაში სწავლებისთვის ფულს აქეთ გიხდიან“, – ამბობს მაგდა.

აშშ–ში  და ევროპის ქვეყანებში რეზიდენტურაში სწავლის დროს რეზიდენტის ყოველთვიური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა. ეს დაახლოებით ის თანხაა, რომლის გადახდაც საქართველოში რეზიდენტურაში სწავლების პერიოდში უწევთ რეზიდენტებს.

„ყველაზე პერსპექტული სტუდენტები დამთავრების შემდეგ 1–2  წელიწადში საზღვარგარეთ მიდიან, საიდანაც აქ აღარავინ ჩამოდის. როცა წელიწადში 30–40 ათასი აშშ დოლარი გაქვს ხელფასი, იქ ”სამშობლოს სიყვარული” საკმაოდ ამბივალენტურია. ვინც ვერ მიდის, ცდილობენ სამედიცინო ბიზნესში წავიდნენ. თვეში 150 ლარი შეიძლება არ იყოს პრობლემა ადამიანისთვის, რომელსაც 30 წლამდე მშობლები არჩენენ. ვინც ეგრე არ არის, მისთვის პრობლემაა“, –ამბობს რეზინდეტი დათო გოგოლაძე.

დიპლომისშემდგომი სწავლების ხელმისაწვდომობის პრობლემასთან ერთად, რეზიდენტები საქართველოში სწავლის ხარისხზეც საუბრობენ.

„რეზიდენტურისთვის არ არსებობს ოფიციალური სწავლის გრაფიკი, რეზიდენტი არ მოწმდება დასწრებაზე. ჩემს განყოფილებაში არიან რეზიდენტები, რომლებიც 4 წელი არ დადიან, მუშაობენ, ვთქვათ, ფარმაკოლოგიურ ფირმებში, შემდეგ გავლენ გამოცდაზე და აიღებენ ლიცენზიას წინასწარ დარიგებული ტესტებითა და პასუხებით“, – ამბობს დათო გოგოლაძე.

ასეთივე წინასწარი ტესტებითა და პასუხებით აბარებენ სტუდენტები რეზიდენტურაში ჩასაბარებელ გამოცდას.

„კიდევ ერთი ბიუროკრატია ამ სფეროში არის დღიურები, რომლებიც რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ უნდა ჩააბარო. ამ დღიურებში პაციენტების ისტორია წერია. ამ ჟურნალის შევსებისას შეგიძლია შიგნით 100% ცრუ ინფორმაცია ჩაწერო და მას ვერავინ შეამოწმებს. არსებობს ხალხი, რომელიც 50 ლარად გივსებს ჟურნალს“, –ამბობს დათო გოგოლაძე.

„რეზიდენტის ჟურნალის“ 50–60 ლარად შევსებაზე «ნეტგაზეთთან» სხვა რეზიდენტებიც საუბრობენ.

რეზინდენტისთვის რეკომენდებული ლიტერატურა, მათი თქმით,  რეზიდენტურის კიდევ ერთი პრობლემაა.

„ეს ლიტერატურა ძალიან მოძველებულია. მაგალითად, 1997 წელს გამოშვებული წიგნი მირჩიეს. ინგლისურ ენაზე კი ძალიან ძვირია, მაგალითად, არის წიგნი, რომელიც $1238 ღირს, არადა ეგეთი წიგნი, წესით, 10–15 ცალი უნდა წავიკითხო რეზიდენტურის განმავლობაში“, –ამბობს ერთ–ერთი რეზიდენტი.

სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორის, ზაზა ბოხუას თქმით, ახალი პროგრამები რეზიდენტებისთვის ამჟამად შემუშავების პროცესშია და მიმდინარე თვის ბოლოს  ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსდება.

რაც შეეხება რეზიდენტთა სხვა ბრალდებებს, ზაზა ბოხუა მათ უსაფუძვლოს და უსამართლოს უწოდებს.

„ყველაზე მთავარი პრობლემა აქ ისაა, რომ თვითონ რეზიდენტებს არ უნდათ სწავლა. სხვა დანარჩენში პრობლემა არ არის. ამჟამად ჩვენი უნივერსიტეტის 800–ზე მეტი სტუდენტი გადის რეზიდენტურას. ყველა მათგანი აფორმებს რომელიმე კონრეტულ კლინიკასთან  ხელშეკრულებას, ეს დაწესებულებები მხოლოდ თავიანთი სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობენ ჩვენთან. შემდეგ ვახვედრებთ პროგრამის დირექტორს. თითოუელ მათგანზე იწერება გეგმა– გრაფიკი, ანუ როდის რა უნდა გაიაროს, სად მიდის, როგორ მიდის. რას აკეთებს და ა.შ.  წელიწადში ერთხელ პროგრამის დირექტორი ამ პიროვნებას აფასებს, უფრო დიდი სიხშირით კი –ლოკალური ხელმძღვანელი, რომელიც თითოეულ რეზიდნეტს ჰყავს კონკრეტულ საავადმყოფოში თუ კლინიკაში“, –ამბობს ზაზა ბოხუა.

მაგდა აფციაური, რომელიც მომავალ წელს რეზიდენტურაში სასწავლებლად აშშ–ში მიდის, ამბობს, რომ საქართველოსგან განსხავევებით, სადაც რეზიდენტურაში  წინასწარ გამზადებული ტესტით აბარებ, აშშ–ში სამი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

„ამიტომაც ვერ მიდიან ჩვენი სტუდენტები სხვა ქვეყნებში რეზიდენტურაში სწავლის გასაგრძელებლად, თორემ ყველამ იცის, რომ აქ მიღებული ცოდნა ბევრად ჩამოუვარდება დასავლეთში მიღებულ განათლებას“, –ამბობს მაგდა.

„მე უკვე დავასრულე ჩემი სარეზიდენტო პროგრამა, ლიცენზირებული ექიმი ვარ და ვმუშაობ კიდეც, თუმცა ის, რაც მე ვიცი, თამამად შემიძლია ვთქვა, სულაც არ არის ქართული პოსტდიპლომური განათლების დამსახურება. არ მინდა, ჩემსავით გაიტანჯოს მრავალი მომავალი ნიჭიერი ექიმი, ბევრი ჩემი მეგობარივით აღარ მოუნდეს ექიმობა და არ ჩაიქნიოს ხელი“, –ამბობს ანა, რომელიც თბილისში ერთ–ერთ კლინიკაში ექიმად მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი