საზოგადოება

ბავშვთა უფლებები და მედია

21 აპრილი, 2011 • 2950
ბავშვთა უფლებები და მედია

დისკუსია ბათუმის პრესკაფეში
დისკუსია ბათუმის პრესკაფეში

ბავშვთა საკითხების ეთიკურად და პროფესიულად გაშუქება იყო შეხვედრის თემა ბათუმში,  „პრესკაფეში“, რომელსაც მაია ქურციკიძე (UNICEF), ნინია კაკაბაძე (მედიამკვლევარი), გოგი გვახარია (კინომცოდნე, ჟურნალისტი) და ია ანთაძე (ჟურნალისტი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი), ბათუმელი ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გოგი გვახარია, ჟურნალისტი: „ბავშვების ცხოვრების, მათი პრობლემების ამსახველი სიუჟეტები ტელევიზიასა და პრესაში სულ უფრო იშვიათად გვხვდება, ჟურნალისტებს უფრო კრიმინალური ამბები აინტერესებთ, მაგალითად, დედამ მოკლა შვილი… რაც შეეხება ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებას, მათ პრობლემებს _ მე ამის შესახებ გადაცემები არ მინახავს. სამაგიეროდ, არის მთელი ბლოკი გასართობი გადაცემებისა, სადაც ბავშვები წარმოდგენილნი არიან, როგორც საყვარელი არსებები, ყველაზე ჭკვიანები და ასე შემდეგ.

ჩემი აზრით, სამარცხვინო გადაცემების ციკლი იყო „იმედზე“, სადაც ბავშვები ცნობად სახეებთან ინტერვიუებს იღებდნენ. ეს მომავალი ბულვარული პრესის ჟურნალისტების მომზადება იყო. ბავშვები სვამდნენ ისეთ კითხვებს, რაც გვხვდება ბულვარულ პრესაში, ანუ ბავშვები თამაშობდნენ დიდებს.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჟურნალისტებმა არ იციან, როგორ ასახონ ბავშვების ცხოვრება.

ძალიან ბევრი შეზღუდვაა, მიკროფონი როგორ უნდა დაიჭირო, რა კითხვა დაუსვა ბავშვს და რა– არა, რა ნებართვა აიღო ბავშვისგან, მშობლისგან, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ყველგან არის ნიშა დატოვებული თავისუფლებისთვის. მაგრამ არის მთავარი კანონი, რაც აუცილებლად უნდა დაიცვას ჟურნალისტმა _ როგორი სიუჟეტიც არ უნდა მოვამზადოთ, ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ბავშვის ინტერესი, როგორი „ცუდი“ ბავშვიც არ უნდა იყოს ის. მისი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ ყოველთვის, ერთი უბრალო მიზეზის გამო _ ბავშვს არ აქვს საშუალება დაიცვას საკუთარი თავი ისე, როგორც მოზრდილს.

ნინია კაკაბაძე, მედიამკვლევარი: მაია ასათიანს არასრულწლოვანი პატიმრები ჰყავდა მიწვეული. მას ჰქონდა მშობლებისა და არასრულწლოვნების  ნებართვა და თითქოს ვერ შევეკამათებით.  სწორედ ეს არის პრობლემა, როცა ჟურნალისტი ვერ ასხვავებს, რომ ერთი შეხედვით კეთილი განზრახვა ბავშვისთვის სინამდვილეში შეიძლება დიდი სტრესის მომტანი იყოს.

პროექტის ფარგლებში ჟურნალისტები რეგიონებში ხშირად გვეკითხებიან, რა გააკეთონ მაშინ, როცა უნდათ ბავშვის პრობლემების შესახებ საზოგადოებას გააგებინონ. ბევრ ჟურნალისტს გულწრფელად სურს ბავშვის დახმარება, მაგრამ შედეგად ვიღებთ იმას, რომ ბავშვი თითით საჩვენებელი ხდება, მას ვუსახიჩრებთ მომავალს. ბავშვი არ არის პასუხისმგებელი მის ქმედებაზე, ჩვენ მას ვერ ვკითხავთ, და რომ ვკითხოთ, ვერ მივიღებთ პასუხს კითხვაზე _ სურს თუ არა მისი წარსულის შესახებ ყველამ იცოდეს, მაგალითად ის, რომ ცხოვრობდა სიღარიბეში, ჰქონდა რაღაც დაავადება…

„იმედმა“, ტელევიზიამ, რომელმაც გვაჩუქა “მოდელირებული ქრონიკა”, ბოლო დროს გამათავისუფლებლის როლში მთელი ციკლი შემოგვთავაზა გადაცემებისა, როგორ ათავისუფლებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, რომ დედინაცვალი სცემს ბავშვს, მამა უსწორდება… ამ სიუჟეტებში უხეშად ირღვევა ბავშვთა უფლებები.

ხარაგაულში შეხვედრაზე ჟურნალისტები და პედაგოგებიც ამბობდნენ, რომ არის სკოლა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები სწავლობენ, მართავენ კონცერტებს და ჟურნალისტებს სურთ ამ ამბის გაშუქება. არავინ ამბობს, რომ ასეთი თემები არ უნდა გავაშუქოთ, პირიქით, მაგრამ აქ აქცენტი უნდა იყოს იმაზე, რომ კარგი კონცერტი გაიმართა და არა იმაზე, რომ თურმე ბავშვებს შესძლებიათ სიმღერა. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი გამომდინარე იქედან, რომ გააქტიურდა ასეთი შეხვედრები, გაეროს ბავშვთა ფონდისა და სამოქალაქო განვითარების საზოგადოების დახმარებით. ეს არ არის მხოლოდ ჟურნალისტების პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენი ინდიფერენტულობა იმ დროს, როდესაც ვხედავთ, როგორ არღვევს მედია ბავშვთა უფლებებს, არანაკლები დანაშაულია, ვიდრე ჟურნალისტის შეცდომა.

ია ანთაძე, ჟურნალისტი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი: ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ საზოგადოებაში ვიცხოვრებთ. პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოება იყოს უფრო მეტად განვითარებული, ჰუმანური, ვიდრე დღეს. იმის მიხედვით, თუ როგორ ექცევა საზოგადოება ბავშვს, როგორ აშუქებენ ჟურნალისტები ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს, შეგვიძლია დავინახოთ, რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ. თუ გვინდა შევცვალოთ საზოგადოება, ერთ-ერთი საყრდენი წერტილი უნდა იყოს ბავშვების უფლებები. თუ ვერ მოვაგვარებთ ამ ყველაზე ფაქიზ პრობლემას, ალბათ, ზედმეტი იქნება იმაზე საუბარი, რომ მოვაგვარებთ სხვა პრობლემებს.

არსებობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, არსებობს კანონმდებლობა და ვფიქრობ, დროა დავიწყოთ მედიის მონიტორინგი. თუკი ბავშვის უფლებები ირღვევა რომელიმე მედიასაშუალებით, ავამოქმედებთ სისტემას, რომელიც კანონშია მოცემული. თუ, მაგალითად, სატელევიზიო ან საგაზეთო სიუჟეტი შელახავს ბავშვის უფლებებს, ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ ტელევიზიის ან რედაქციის თვითრეგულაციის ორგანოს, ვუთხრათ, რომ დაირღვა კანონის ესა და ეს მუხლი, ვკითხოთ, ეთანხმებიან თუ არა ამას.

ეთერ თურაძე, „ბათუმელებისრედაქტორი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი: თქვენი ყურადღება სხვა პრობლემას მინდა მივაპყრო: როდესაც ვხედავ, როგორ ექცევა ჟურნალისტი ბავშვს, მიჩნდება პროტესტი და მინდა ვიმოქმედო. მაგრამ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოში შეიძლება მხოლოდ დაზარალებულმა მხარემ იჩივლოს. ანუ მე, საზოგადოების წევრს, არ მაქვს უფლება, რამე ვიღონო. როგორც წესი, ბავშვები, რომლებზეც მზადდება მსგავსი სიუჟეტები, არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ან მათი მშობლები ვერ ახერხებენ მიმართონ სასამართლოს. ჩემი აზრით, კანონში არის ხარვეზი და საჭიროა საკანონმდებლო ინიციატივა, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს მეტი ბერკეტი  ბავშვთა უფლებების დასაცავად.

ნატა იმედაიშვილი, რადიოთავისუფლებისჟურნალისტი: ამ თემასთან დაკავშირებით ორი ტენდენციაა ქართულ მედიაში, ერთი _ სენსაციურობის მომენტი და მეორე _ ბავშვთა საკითხების მიჩქმალვა. კარგი იქნება, თუ შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც რეკომენდაციას გაუწევს მედიასაშუალებებს.

პროექტს, რომლის ფარგლებშიც იმართება შეხვედრები  საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დახმარებით ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი