საზოგადოება

გაფიცვის მე-11 დღე – მაღაროელებთან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ჩავიდა

24 თებერვალი, 2016 • 2546
გაფიცვის მე-11 დღე – მაღაროელებთან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ჩავიდა

ტყიბულში მაღაროელებთან, რომლებიც მე-11 დღეა გაფიცული არიან, დღეს პირველად ჩავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

როგორც “ნეტგაზეთს” ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმოამდგენელმა ტყიბულიდან აცნობა,  გაფიცულ მუშებს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი, ირაკლი არაბიძე ხვდება.

EMC-ის ცნობით, არაბიძე საგაფიცვო კომიტეტთან შეხვედრის შემდეგ კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ წარმომადგენლებთანაც გეგმავს შეხვედრას, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს ბრიფინგის ჩატარება.

24 თებერვალს თბილისში პრესკონფერენცია გამართა “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” ფინანსურმა დირექტორმა, ზურაბ გელენიძემ და განაცხადა, რომ  მაღაროელებისთვის ხელფასების 40%-ით გაზრდა შეუძლებელია. რაც შეეხება სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებებისთვის მზად არიან:

” ხელფასების 40%-ით ზრდა შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ 60-65 % იქნება თვითღირებულებაში ხელფასების წილი, ანუ ჩვენ იდეაში ამ წარმოების ეკონომიკურ შინაარსს მოვკლავთ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ  ეს მოთხოვნა არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და ვერანაირად ვერ დაკმაყოფილდება. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების ნაწილს, პირობების გაუმჯობესებას, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს საკითხები მუშა რეჟიმში განვიხილოთ,”- აღნიშნავს გელენიძე.

გუშინ, 23 თებერვალს მაღაროელებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ისინი პროცესში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართვასა და კრიზისში შესული პროტესტის ნორმალიზებისთვის დაუყონებლივი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდნენ.

მათი თქმით, თუკი დღეს, 24 თებერვალს განცხადებაში აღნიშნული პოლიტიკური პირები და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის სავარაუდო მფლობელი გელა ბეჟუაშვილი ტყიბულში არ ჩავლენ, საგაფიცვო კომიტეტი იძულებული გახდება მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა მოიხსნას.

აღნიშნულ განცხადებას 24 თებერვალს გამოეხმაურნენ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი, მალხაზ წერეთელი და სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი.

23 თებერვალს, ტყიბულში მაღაროელების გაფიცვის მე-10 დღეს მუნიციპალიტეტში გაფიცულთა მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ჩავიდნენ. გამგეობის შენობასთან გაფიცულ მაღაროელებს ტყიბულის სამკერვალო ფაბრიკის ქალებმაც გამოუცხადეს სოლიდარობა და გამგეობის წინ გამართულ აქციას შეუერთდნენ.

მათი მთავარი მოთხოვნები უცვლელია – ხელფასების გაზრდა 40%-მდე და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

გაფიცულ მეშახტეებს "საქანახშირი GIG"-ის გერალური დირექტორის მოადგილემ ბეჟან ბალავაძემ მიმართა. 23 თებერვალი, 2016, ტყიბული, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

გაფიცულ მეშახტეებს “საქანახშირი GIG”-ის გერალური დირექტორის მოადგილემ ბეჟან ბალავაძემ მიმართა. 23 თებერვალი, 2016, ტყიბული, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

გუშინ, დღის ბოლოს აქციის მონაწილეებმა გამგეობის შენობიდან მინდელის სახელობის მაღაროსთან გადაინაცვლეს, სადაც მაღაროს ეზოში შესასვლელი კარი დაკეტილი დახვდათ. რამდენიმე მაღაროელი ჭიშკარზე გადაძვრა და შიგნიდან გააღო კარი. მაღაროსკენ დაძრულმა აქციის მონაწილეებმა შეამჩნიეს, რომ ადმინისტრაციის წევრები მეორე მხრიდან გაქცევას ცდილობდნენ, მაგრამ ვეღარ მოახერხეს და ისევ შენობაში შებრუნდნენ. რამდენიმე წუთში აქციის მონაწილეებთან სალაპარაკოდ „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ბეჟან ბალავაძე გამოვიდა და მაღაროელებს განუცხადა, რომ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ჩხეიძემ გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა.

„აქ იყო წინადადება დაყენებული, რომ დირექციამ, ხელმძღვანელობამ, ვისაც არ შეუძლია ამის გადაწყვეტა, დატოვონ სამუშაო ადგილები. ბატონი ვახტანგის [ჩხეიძე] განწყობა თქვენ იცით. ბატონმა ვახტანგმა განაცხადი დღესაც გააკეთა, დაუკავშირდა ზევით და განაცხადა, რომ ის მიდის სამუშაოდან. დანარჩენი, ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენ ადგილზე ვართ ყველანი, შევიკრიბებით და ალბათ ჩვენც მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ბეჟან ბალავაძემ.

მის გამოსვლას აქციის მონაწილეების მხრიდან  სხვადასხვა შეძახილები მოჰყვა. ისინი უნდობლობას უცხადებდნენ ბალავაძის განცხადებას და ითხოვდნენ თავად გამოსულიყო გენერალური დირექტორი და სამსახურის წასვლასთან დაკავშირებული დოკუმენტი მათთვის ეჩვენებინა. ვახტანგ ჩხეიძე გაფიცულებთან მოსალაპარაკებლად არ გამოსულა.

აქციას ასევე ტყიბულის მუნიციპალიტეტის დეპუტატი, ელისო ჩაფიძეც ესწრებოდა. მისი თქმით, ის გაფიცულთა კომიტეტთან ერთად პრობლემის გამოსწორების რამდენიმე გზაზე მუშაობს.

„ერთი გზა ის გახლავთ, რომ [ტყიბულს] მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი დაუბრუნდეს. მეორე გზა არის – საკანონმდებლო ინიციატივა ამ ადამიანების დაბეგვრის რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით. ანუ საშემოსავლო რეჟიმის შემცირებასთან დაკავშირებით. ჩემი უმრავლესობის წარმომადგენლები ამ თემაზე ინფორმირებული არიან. ჩვენ გვაქვს უკვე მომზადებული წერილი ბატონ ნოდარ ხადურის სახელზე. მე ძალიან გული მწყდება, რომ პარლამენტს წართმეული აქვს საბიუჯეტო უფლებამოსილებები,“ – ამბობს დეპუტატი ნეტგაზეთთან საუბარში.

ელისო ჩაფიძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური გაგებით მოეკიდება ამ საკითხს, რადგან წელიწადში სულ რაღაც 240 000 ლარზეა საუბარი.

„21-ე საუკუნეში რომ ადამიანებს შახტაში ჩასვლის დროს კარს ბოქლომით უკეტავენ, ეს არის მათ მიმართ არაადამიანური, ღირსებისა და პატივის შემლახავი მოპყრობა. მე დარწმუნებული ვარ, კოლექტიური სარჩელით ამასთან დაკავშირებით რომ მივმართოთ ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ის ქართული სახელმწიფოს მიმართ გამოიტანს უარყოფით გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი ინსვესტორის მხრიდან ადამიანის უფლებების შემლახველი მოპყრობის აღმოფხვრა,“ – ამბობს ელისო ჩაფიძე.

მაღაროელები და მუნიციპალიტეტის გამგებელი საუბრობდნენ იმაზეც, რომ თუკი ადმინისტრაცია მათ კონკრეტულ პასუხებს არ გასცემს, უნდა დაიწყოს საწარმოს ნაციონალიზაციის პროცესი. კერძოდ, შეგროვდეს ხელმოწერები იმისათვის, რომ მაღარო კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდეს. ელისო ჩაფიძის თქმით, ეს მდგომარეობას ვერ შეცვლის.

„მე არ მგონია დღეს ამ თემის დაყენება სწორი. ამ თემასთან დაკავშირებით წინა გაფიცვების დროსაც იყო საუბარი, მაგრამ მთავარია შახტაში ჩაიდოს ფული და ის შრომის კანონმდებლობის შესაბამისად იმართოს. ვინ იქნება მფლობელი- სახელმწიფო თუ კერძო პირი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს,“ – ამბობს დეპუტატი.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე ამბობს, რომ 23 თებერვალს ტყიბულში „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ეკონომიკურ გუნდს ელოდა, თუმცა, მისი თქმით, თუკი აქამდე საქნახშირის ხელმძღვანელობას სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, გუშინ  ასეთი კავშირი აღარ იყო.

ტყიბულში მეშახტეების მხარდასაჭერად თბილისიდან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები ჩავიდნენ. 23 თებერვალი, 2016, ტყიბული, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

ტყიბულში მეშახტეების მხარდასაჭერად თბილისიდან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები ჩავიდნენ. 23 თებერვალი, 2016, ტყიბული, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი