საზოგადოება

მმკ სკოლებთან “მე და საზოგადოების” საწინააღმდეგო საინფორმაციო ბიულეტენებს ავრცელებს

23 თებერვალი, 2016 •
მმკ სკოლებთან “მე და საზოგადოების” საწინააღმდეგო საინფორმაციო ბიულეტენებს ავრცელებს

თბილისში, საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანთა ჯგუფი ბავშვებსა და მშობლებში “მე და საზოგადოების” საწინააღმდეგო მოწოდებებს ავრცელებს.

ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ამ ადამიანებმა მათ თავი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის (მმკ) წევრებად წარუდგინეს და სამეურვეო საბჭოს წევრი მშობლების ტელეფონის ნომრებს ითხოვდნენ, რაც მან არ გადასცა, რადგან ეს პერსონალური ინფორმაციაა. ამასთან, სკოლის დირექტორის განცხადებით, მათ სკოლის ტერიტორიაზე მოწოდებების დარიგება ვერ მოახერხეს, თუმცა ეს ეზოს გარეთ გააკეთეს და დაახლოებით 300-400 სააგიტაციო დოკუმენტი გაავრცელეს.

“ძირითადად მშობლებს აძლევდნენ, თუმცა, თუ ბავშვი შეხვდებოდათ, ეუბნებოდნენ, რომ მშობლისათვის გადაეცათ”.

ადამიანები, რომლებიც სკოლებთან მოწოდებებს ავრცელბენ

ადამიანები, რომლებიც სკოლებთან მოწოდებებს ავრცელბენ

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ეს კამპანია უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და მსგავს ფაქტეს უკვე 10-მდე სკოლასთან ჰქონდა ადგილი.

პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მისთვის უცნობია, აქვს თუ არა კავშირი ამ კამპანიასთან საპატრიარქოს.

მმკ-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ხელმძღვანელმა ავთანდილ უნგიაძემ კი გვითხრა, რომ ეს კამპანია საპატრიარქოს ინიციატივით ან მითითებით არ ხორციელდება, თუმცა მის შესახებ საპატრიარქო საქმის კურსშია:

“[საპატრიარქოსთან] შეთანხმებული არ არის და არც მის მიერ არის ორგანიზებული. ეს არის ჩვენი ინიციატივა, რისი სრული უფლებაც გვაქვს. რა თქმა უნდა, საპატრიარქო ინფორმირებულია. ის, რომ შეთანხმებული იყოს [საპატრიარქოსთან], ან მისი მითითებით ხდებოდეს, ასეთი რამ სიმართლე არ არის”, – ამბობს ავთანდილ უნგიაძე.

რაც შეეხება იმას, თუ რა წერია იმ განცხადებებეში, რომლებსაც ბავშვებსა და მშობლებს სკოლებთან ურიგებენ, საუბარია ორ მოწოდებაზე [განცხადებაზე]: ერთის ავტორი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირია, ხოლო მეორე – დაახლოებით 120-მდე სასულიერო პირის მიმართვაა, რომელსაც ხელს აწერენ როგორც მღვდლები, დეკანოზები და იღუმენები, ასევე არქიმანდრიტებიც.

მმკ-ის მიმართვაში საუბარია იმაზე, რომ ახალი საგნის სწავლება “მიზნად ისახავს ანტიეროვნული, მამულისა და ოჯახის ორგული, აღრეული სარწმუნოებისა და გაუკუღმართებული სექსუალური მიდრეკილებების მქონე უსახური “მსოფლიო მოქალაქის აღზრდას”.

ხოლო სასულიერო პირების ხელმოწერილ მიმართვაში  საუბარია საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე მეუფე იოანის პოზიციაზე და ფიქრობენ, რომ “საგანი ბავშვის სულსა და ცნობიერებას აზიანებს და შესაძლოა ფსიქიური აშლილობის გამომწვევიც გახდეს”.

სქრინშოტი მიმართვიდან

სქრინშოტი მიმართვიდან

სქრინშოტი მიმართვიდან

სქრინშოტი მიმართვიდან

ავთანდილ უნგიაძე განმარტავს, რომ სასულიერო პირებმა მიმართვა თვითონ შეადგინეს და 120-მდე სასულიერო პირის ხელმოწერების ორგანიზებაც თავად განახორციელეს. შესაძლებელია თუ არა, რომ 120-მდე სასულიერო პირმა საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად რაიმე განცხადებას მოაწეროს ხელი?

“არის საკითხები, რომელიც შეთანხმებას არ საჭიროებს. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც ესა თუ ის ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირი იღებს გადაწყვეტილებას და თავის მოვალეობად თვლის, რომ გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვას. არის საკითხები, რასაც არც კურთხევები სჭირდება და არც შეთანხმებები. თუმცა საპატრიარქო საქმის კურსში არის”, – ამბობს უნგიაძე.

სკოლის დირექტორმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვა, გვითხრა, რომ მმკ-ის წარმომადგენლები მოწოდებების დარიგებისთვის სკოლის ტერიტორიაზე არ შეუშვეს, რადგან სკოლაში აგიტაცია არ შეიძლება. უნგიაძე კი აცხადებს, რომ მათი მიზანი უშუალოდ სკოლის შენობაში შესვლა არც არის. მისი თქმით, თბილისის ყველა სკოლას [მიდამოებს] მოივლიან და შესაძლოა რეგიონებშიც გავიდნენ.


ახალი  საგნის, “მე და საზოგადოების”  სტანდარტზე განათლების სამინისტროს საზოგადოების ნაწილი უპირისპირდება. ეს დაპირისპირება  ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.

საზოგადოების ჯგუფმა “კვირის პალიტრაში” თებერვალში გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ “განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენს შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს.” პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ “ახალი სავალდებულო საგნების, “მე და საზოგადოება” და “ჩემი საქართველოს” მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთი მხრივ, ბილწი და უსაშინლესი ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორე მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა.”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებულ სტატიას ცილისწამება უწოდება. სამინისტროს განცხადებით, სტატია საზოგადოების გამიზნულად შეცდომაში შეყვანასა და განათლების სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. როგორც განათლების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ეს პროვოკაცია პასუხგაუცემელი არ დარჩება.

სამინისტროს განცხადებით, ასევე გაუგებარია, როგორ შეიძლება ისაუბრო სახელმძღვანელოს არსებობაზე, როდესაც ჯერ სასწავლო გეგმა არ არის დამტკიცებული:

“საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლის მიზანი მოსწავლის პიროვნული და ღირებულებათა სისტემის განვითარებაა. ის მიზნად ისახავს, მოსწავლეს ჩამოუყალიბოს პასუხისმგებლობა და მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ; შესძინოს საბაზისო ცოდნა საზოგადოებაში მიღებული ეთიკის ნორმების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და პირადი უსაფრთხოების დაცვის შესახებ; გამოუმუშაოს ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაში შეუწყობს ხელს. შესაბამისად, „მე და საზოგადოების“ სასწავლო პროგრამაში საგნის მიზნებისა და ასაკის შესაბამისად განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: რატომ და როგორ უნდა ვზრუნავდეთ ოჯახის წევრები ერთმანეთზე; რატომ და როგორ უნდა დავაფასოთ ოჯახის ყველა წევრის შრომა; რატომ და როგორ დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჰიგიენა, უსაფრთხოების წესები, ქუჩაში მოძრაობის წესები; როგორ შეიძლება ავირიდოთ დაავადებების გავრცელება; როგორ ვიმოქმედოთ ბუნებრივი კატასტროფების დროს; როგორ მოვუფრთხილდეთ მშობლიურ გარემოს; რატომ და როგორ უნდა იყოს ყველა ბავშვის უფლებები დაცული. საინტერესოა, ჩამოთვლილთაგან რომელი თემა აღიქმება როგორც „ბილწი და უსაშინლესი მამათმავლური ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა“?!”

როგორც განათლების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, სასწავლო გეგმის შემუშავებაში მასწავლებლები, ექსპერტები და ფსიქოლოგები მონაწილეობდნენ. რაც შეეხება საჯარო განხილვებს, სამინისტროს განცხადებით, ის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოქმედ პედაგოგებთან, მშობლებთან, აკადემიურ წრეებთან, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, ხოლო სასწავლო გეგმის პროექტი ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის.

განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, 11 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საპატრიარქოსთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, რელიგიასა და რელიგიის ისტორიასთან დაკავშირებული საკითხების სწავლება დაიწყება არა დაბალი კლასებიდან, არამედ მეექვსე–მეშვიდე კლასიდან.

სინამდვილეში რა თემებს მოიცავს სადავო საგნის სტანდარტის სამუშაო ვერსია, შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი