ახალი ამბები

ეს პროვოკაცია პასუხგაუცემელი არ დარჩება – განათლების სამინისტრო “განგაშის ზარებზე”

12 თებერვალი, 2016 •
ეს პროვოკაცია პასუხგაუცემელი არ დარჩება – განათლების სამინისტრო “განგაშის ზარებზე”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებულ სტატიას ცილისმწამებლურს უწოდებს. სამინისტროს განცხადებით, სტატია გამიზნულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და განათლების სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. როგორც განათლების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ეს პროვოკაცია პასუხგაუცემელი არ დარჩება.

სტატიაში “განგაშის ზარები”, რომლის ავტორი გურამ ფალავანდიშვილია, ვკითხულობთ: „განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენ შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს – ახალი სავალდებულო საგნების “მე და საზოგადოება” და “ჩემი საქართველო”-ს მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთის მხრივ, ბილწი და უსაშინლესი მამათმავლური ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორეს მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა.“

თუმცა, განათლების სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული „შემზარავი“ მიზნების მტკიცებულებებად ავტორს მოჰყავს ამონარიდები არა სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დოკუმენტიდან, არამედ 2004 წელს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არაფორმალური განათლების მიზნით ნათარგმნი რესურსიდან “კომპასი“.

“ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, საქართველოს განათლებისა მეცნიერების სამინიტროს ეროვნული სასწავლო გეგმის საზოგადოებრივი მეცნიერებების დოკუმენტს ხსენებულ გამოცემასა და სტატიაში მოყვანილ ციტატებთან საერთო არაფერი გააჩნია. ამასთან, ასეთი კავშირის დანახვა არც საღი აზროვნებისა და ლოგიკის, არც ეთიკისა თუ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის კონტექსტში აღიქმება,” – აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, ასევე გაუგებარია, როგორ შეიძლება ისაუბრო სახელმძღვანელოს არსებობაზე, როდესაც ჯერ სასწავლო გეგმა არ არის დამტკიცებული:

“საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლის მიზანი მოსწავლის პიროვნული და ღირებულებათა სისტემის განვითარებაა. იგი მიზნად ისახავს, მოსწავლეს ჩამოუყალიბოს პასუხისმგებლობა და მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ; შესძინოს საბაზისო ცოდნა საზოგადოებაში მიღებული ეთიკის ნორმების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და პირადი უსაფრთხოების დაცვის შესახებ; გამოუმუშაოს ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაში შეუწყობს ხელს. შესაბამისად, „მე და საზოგადოების“ სასწავლო პროგრამაში საგნის მიზნებისა და ასაკის შესაბამისად განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: რატომ და როგორ უნდა ვზრუნავდეთ ოჯახის წევრები ერთმანეთზე; რატომ და როგორ უნდა დავაფასოთ ოჯახის ყველა წევრის შრომა; რატომ და როგორ დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჰიგიენა, უსაფრთხოების წესები, ქუჩაში მოძრაობის წესები; როგორ შეიძლება ავირიდოთ დაავადებების გავრცელება; როგორ ვიმოქმედოთ ბუნებრივი კატასტროფების დროს; როგორ მოვუფრთხილდეთ მშობლიურ გარემოს; რატომ და როგორ უნდა იყოს ყველა ბავშვის უფლებები დაცული. საინტერესოა, ჩამოთვლილთაგან რომელი თემა აღიქმება როგორც „ბილწი და უსაშინლესი მამათმავლური ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა“?!”

როგორც განათლების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, სასწავლო გეგმის შემუშავებაში მასწავლებლები, ექსპერტები და ფსიქოლოგები მონაწილეობდნენ. რაც შეეხება საჯარო განხილვებს, სამინისტროს განცხადებით, იგი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოქმედ პედაგოგებთან, მშობლებთან, აკადემიურ წრეებთან, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, ხოლო სასწავლო გეგმის პროექტი ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის.

განათლების სამინისტროს განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რა როლი მიუძღვის საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო გეგმის შემუშავებაში, თუმცა როგორც თამარ სანიკიძემ ნეტგაზეთის უპასუხა, ამ ორგანიზაციასთან სამინისტროს ყოველთვის ექნება გადაკვეთა. 11 თებერვალს განათლების მინისტრმა ვრცლად ისაუბრა, კონკრეტულად რა საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები საპატრიარქოსთან.

სამინისტროს განცხადებით, ასეთი გახსნილობის ფონზე ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვა – რა მიზანს ემსახურება აღნიშნული თემების ამგვარ კონტექსტში ინტერპრეტაცია?! სამინისტროს განცხადებეით, სავარაუდოდ, ასეთი არაკეთილსინდისიერი საქციელი მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად შეიძლება იყოს გამიზნული და, ამავე დროს, საზოგადოებაში ევროკავშირთან მიმართებით ნეგატიური განწყობის შექმნასა და ინტეგრაციის პროცესის ხელის შეშლას ემსახურება.

“განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ისევე, როგორც მთელ ჯანსაღ საზოგადოებას, აქვს ერთი მნიშნველოვანი მიზანი – მომავალმა თაობამ მიიღოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ხარისხიანი განათლება და ჩამოყალიბდეს ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ, რისთვისაც საჭიროა ეფექტური პროგრამებისა და სახელმძღვანელოების მომზადება. სწორედ ამიტომ სამინისტრო მუშაობდა და მუშაობს ღიაობის პრინციპით. ყველა დოკუმენტი, რომელიც მომზადდება სამინისტროში – სტანდარტები, სასწავლო გეგმები, მეთოდური გზამკვლევი, პროგრამები, მასწავლებელთა ტრენინგ-მოდულები – არის და იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.

დაინტერესებულ საზოგადოებას ვთხოვთ, დაკვირვებით გაეცნოს საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლების მე-3-4 კლასების სტანდარტსა და პროგრამებს და აღმოაჩინოს, რომელ გვერდზე, სად წერია სტატიაში მითითებული ციტატები: „მამათმავლობისა და სქესთა აღრევის შესახებ“; „ამოარჩიეთ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც თავისუფლად საუბრობენ თავიანთ სექსუალობაზე, ჰეტეროსექსუალიზმის, ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალიზმისა და ტრანსსექსუალი ქალებისა და მამაკაცების ჩათვლით” და სხვა; რომელი ნაწილი აჩენს „სარწმუნოებრივ-ცნობიერებითი გადაგვარების და რელიგიათა, კულტურათა, ეროვნებათა აღრევის შესახებ“ ეჭვებს?” – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, დრო და რესურსი იხარჯება „საზოგადოების გადარჩენის“ ცრუ პათოსით და მიზანმიმართული მანიპულაციებით საზოგადოების მოტყუებასა და არარსებულ პრობლემებზე მსჯელობაზე.

სამინისტროს განცხადებით, ადამიანები, რომლებიც 10 თებერვალს გავრცელებულ პეტიციას აწერენ ხელს, შეცდომაში არიან შეყვანილები: “ამასთანავე, სამწუხაროა, რომ ცნობილი და პატივსაცემი ადამიანები შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი და ამ „პასკვილის“ ხელმომწერებად მოგვევლინენ.”

პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ “ახალი სავალდებულო საგნების “მე და საზოგადოება” და “ჩემი საქართველო”-ს მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთის მხრივ, ბილწი და უსაშინლესი ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორეს მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა.”

“ჩვენ გვჯერა საზოგადოების კეთილგონიერების, რომელიც არ დაუშვებს მე-3 და მე-4 კლასელი ბავშვების აღზრდა-განათლების საკითხებით სპეკულირებას. ასევე ვიმედოვნებთ, რომ სიცრუის გამავრცელებელნი ვერ შეძლებენ საზოგადოების ემოციების ხარჯზე „ერისკაცობის“ დამტკიცებასა და პოლიტიკური ქულების დაგროვებას.

აქვე ვაცხადებთ, რომ ეს პროვოკაცია პასუხგაუცემელი არ დარჩება – არასწორი ინფორმაციის საზოგადოებისათვის თავს მოხვევისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,” – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ასევე აქვეყნებს საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლების სტანდარტს, რომელშიც ჩამოთვლილია თემები და საკითხები, რომელზეც სამომავლოდ შეიქმნება ამ საგნის სახელმძღვანელოები. სტანდარტის თემები და საკითხები შეგიძლიათ იხილოთ შეგიძლიათ მიმაგრებულ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი