საზოგადოება

ვინ დაიცავს გარემოს?

23 თებერვალი, 2011 • • 1442
ვინ დაიცავს გარემოს?

გარემოს დაცვის ექსპერტებმა და სხვადსხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები პარლამენტის  გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე გამოთქვეს. შეხვედრა  პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე იგეგმებოდა, რომელსაც გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძეც უნდა დასწრებოდა. თუმცა ფორმატი შეიცვალა და კომიტეტის სხდომა ხვალისთვის გადაიდო. გარემოს დაცვის კომიტეტის თავჯდომარის აკაკი ბობოხიძის თქმით, კანონპროექტი გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ პარლამენტში გუშინ შევიდა, რის გამოც კომიტეტის წევრებმა მისი დამუშავება ვერ შეძლეს, ამიტომ სხდომა ხვალისთვის გადადეს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის წევრებს 8 თებერვალს მიაწოდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტრო სახელმწიფო მინისტრის აპარატად ჩამოყალიბდება.  ბუნებრივი რესურსების ნაწილი ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცემა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ჩამოყალიბდება. გარემოს დაცვის ინსპექციაც, რომელიც ამჟამად გარემოს დაცვის სამინისტროს უწყებაშია, მისი შემადგენელი ნაწილი გახდება. დაცული ტერიტორიების სააგენტო კი  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შევა.

ექსპერტების აზრით, თუ გარემოს დაცვის ინსპექცია გარემოს დაცვის სამინისტროს ჩამოშორდება და ენერგეტიკის სამინისტროს ქვეშ შემავალი უწყება გახდება, მათთვის გაურკვეველია, როგორ მოხდება გარემოს დაცვის კონტროლი.

მოქმედი კანონმდებლობით, სამინისტრო ამას გარემოს დაცვის ინსპექციის საშუალებით ახერხებს. მონიტორინგის შედეგად სამინისტრო ადგენს გარემოზე ზემოქმედების ნორმებს და ამ ნორმების მიხედვით გარემოს დაცვის ინსპექცია აკონტროლებს ბუნებრივი რესურსების მოხმარების შესაბამისობას  კანონთან. ანუ, მაგალითად, სამინისტრო ადგენს რამდენი ჰექტარი ტყის გაჩეხვაა დასაშვები, რომ გარემოს ზიანი არ მიადგეს და ამის მიხედვით ინსპექცია აკონტროლებს ხე-ტყის გაჩეხვას და დასაშვები რაოდენობაზე მეტის მოჭრის შემთხვევაში აწესებს სანქციებს.

წარმოდგენილ კანონპროექტით, გარემოს დაცვის კონტროლი გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში რჩება, თუმცა მაკონტროლებელი ორგანო, გარემოს დაცვის ინსპექცია, მის შემადგენლობაში აღარ იქნება. სწორედ ამიტომ ექსპერეტებისთვის გაუგებარი რჩება, თუ რა მექანიზმებით უნდა მოახერხოს სამინისტრომ გარემოს დაცვის კონტროლი, როცა კანონპროექტი კონტროლის არანაირ მექანიზმს არ ითვალისწინებს. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ბუნებრივი რესურსებზე კვოტების დადგენას ასევე ენერგეტიკის სამინისტრო მიხედავს.

”ბიომრავალფეროვნების დაცვის ერთადერთი საშუალება არის, დაადგინო მოხმარების დასაშვები ნორმები და შემდეგ გააკონტროლო. თუ ენერგეტიკის სამინისტრო დაადგენს კვოტას, რამდენი ირემი შეიძლება მოიკლას, უცებ შეიძლება ნებადართული გახდეს ირმების ხოცვა, იმიტომ რომ ეს მიმზიდველია. მერე რა უნდა გააკეთოს გარემოს დაცვის სამინისტრომ, როგორ უნდა გადაარჩინოს ეს ირმები?”, – ამბობს თეა თოდუა სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტის წარმომადგენელი.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე ამ საკითხში  არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას იზიარებს. მისი აზრით, გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის კონტროლის მექანიზმი უნდა გააჩნდეს.

”როგორ შეიძლება ვაგებდე ბუნებრივი რესურსების მართვასა და ხარჯვაზე პასუხს და არ შემეძლოს მისი კონტროლი? გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა ქონდეს კონტროლის საშუალებაც”, – ამბობს ბობოხიძე.

საკამათო რჩება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ენერგეტიკის სამინისტროსთვის ბუნებრივი რესურსების დაცვისა და მოხმარების ფუნქციის გადაცემა. ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ერთი სამინისტროს შიგნით ბუნებრივ რესურსებზე კვოტების დადგენა, ლიცენზირების გაცემა და ამ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი ინტერესთა კონფლიქტს შექმნის. არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, არსებობს საშიშროება, რომ საქართველოს ტყეები განხილული იქნება როგორც მხოლოდ ეკონომიკური რესურსი და უგულვებელყოგილი იქნება მათი ეკოლოგიური და სოციალური ფუნქცია, რაც მოკლე ხანში გამოუსწორებელ შედეგებს გამოიღებს.

”ტყე ენერგეტიკის სამინისტროსთვის არის შეშა, და გარემოს დაცვის სამინისტროსთვის ჟანგბადი, ასე რომ, აქ ნათელია, ინტერესთა კონფლიქტი იქნება”, – ამბობს ახვლედიანი.

ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს ასევე ”ქრისტიან-დემოკრატიული” ფრაქციის წევრი გიორგი ახვლედიანიც. მისი თქმით, დაცული ტერიტორიების ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა ასევე ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევს. მისი განმარტებით, დაცული ტერიტორიების ძირითადი ფუნქცია ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენახვაა, მაშინ, როცა ეკონომიკის სამინისტროსთვის პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებაა. ”დაცული ტერიტორიები ეკონომიკის სამინისტროსთვის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთი საშუალება გახდება”, – ამბობს ახვლედიანი. ამავე მოსაზრებას არასამთავრობო ორგანიზაციებიც იზიარებენ და ამბობენ, რომ ასეთი ქმედებით რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას დაცული ტერიტორიები მხოლოდ ტურიზმის განვითარების საშუალებად მიაჩნიათ. რაც, მათი თქმით, ლახავს დაცული ტერიტორიების ძირითად ფუნქციას.

კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე არ ეთანხმება ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციაბს ამ საკითხში და ამბობს, რომ დაცულ ტერიტორიებს არავითარი კავშირი არ ექნება ტურიზმის სააგენტოსთან, თუმცა ის თავის პოზიციას მაინც აფიქსირებს. მისი თქმით, დაცული ტერიტორიები ტურისტულად სასარგებლო ეკონომიკის სამინისტროსთვის მხოლოდ იმიტომ შეიძლება იყოს, რომ ის დაცული ტერიტორიაა. ”ამიტომ, – განმარტავს ბობოხიძე, –  თუ სამინისტროს აქ ტურისტული ინტერესი აქვს, ეს ნიშნავს, რომ დაცული ტერიტორიების მოვლისა და შენარჩუნების ინტერესიც აქვს”.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ მთავრობის მხრიდან არ არის დასაბუთებული ცვლილებების აუცილებლობა და საჭიროება.

თუ ცვლილებების არგუმენტად ხელისუფლებას გასულ წლის 17 დეკემბერს პრეზიდენტის გამოსვლა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილმა მთავრობის წევრებს გარემოსდაცვითი უწყების რეორგანიზაცია იქ გამეფებული კორუფციის აღმოსაფხვრელად დაავალა, მაშინ არასამთავრობო სექტორისთვის გაუგებარია, რატომ არ დგება მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.

ხელისუფლება ხაჩიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების აუცილებლობას ვერ ხედავს. ბობოხიძის თქმით, სამინისტროში სისტემური პრობლემებია და არა კონკრეტული პიროვნების.

”ეს უწყება ყოველთვის იყო სუსტი წერტილი ხელისუფლების მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა”, – ამბობს ბობოხიძე.

არასამთავრობოები განმარტავენ, რომ მათთვის ასევე მიუღებელია კანონპროექტების განხილვის დაჩქარებული ფორმატი, რომლისკენაც პარლამენტს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მოუწოდა.

NGO-ები ფიქრობენ, რომ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები უნდა შეჩერდეს და დოკუმენტის შემუშავება ახლიდან,  მთავრობასა და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობით უნდა მოხდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროცესის შეჩერების შესახებ უკვე არა ერთი განცხადება გააკეთეს, თუმცა, ბობოხიძეს თქმით, უმჯობესი იქნება, კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენების შეჩერების ნაცვლად არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროცესის გახანგრძლივება ითხოვონ.

კანონპროექტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეორგანიზაციის შესახებ საპარლამენტო კომიტეტი ხვალ პირველი მოსმენით განიხილავს. კომიტეტს გარემოს დაცვის მინისტრი და არასამთავრობო სექტორიც დაესწრება.

ცლილებები სავარაუდოდ 12-მდე კანონში შევა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი