საზოგადოება

ფსიქიკურად დაავადებულებს მეურვეები ბინებს ართმევენ

23 თებერვალი, 2011 • 1257
ფსიქიკურად დაავადებულებს მეურვეები ბინებს ართმევენ

ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები, რომლებიც ფსიქიკური პრობლემების გამო ხვდებიან საავადმყოფოში, იქაურობის დატოვებას ვერც გამოჯანმრთელების შემდეგ ახერხებენ, რადგან მეურვეები მათ უსახლკაროდ ტოვებენ.

„ახლაც წევს ჩვენს საავადმყოფოში ერთი პირი, რომელიც ჯანმრთელია, მაგრამ სახლში ვერ მიდის, რადგან წასასვლელი არსად აქვს. მისი საქმე სასამართლოს გადაეცა,“ – ამბობს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი დავით ზურაბაშვილი.

ზურაბაშვილის თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მეურვეები დაავადებულს სახლ–კარის გარეშე ტოვებენ: ,,მაგალითად, დაწვა ადამიანი საავადმყოფოში და ამასობაში მეურვემ ბინა გაუყიდა. ამ შემთხვევაში, ჩვენ სასამართლოს მივმართავთ ხოლმე, რათა პირს სხვა მეურვე დაენიშნოს,“ – ამბობს ის.

ერთ–ერთი დაავადებული ქალბატონი 11 წლის განმავლობაში იყო მოთავსებული  ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რადგან მეურვე (ქალბატონის ძმა), რომელიც მის სახლში ცხოვრობს, დის საავადმყოფოდან წაყვანაზე უარს აცხადებდა. ძმა ამბობდა, რომ დაავადებული და აგრესიული ხდებოდა, როცა შინ იმყოფებოდა და ამის გამო იძულებული იყო, პატრული გამოეძახებინა ხოლმე. ძმა დის სახლში დაბრუნებაზე მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა, რაც საქმე,  მეურვის შეცვლის მიზნით, სასამართლოში სარჩელის შეტანამდე მიდგა.

ნ.რ.–ს საქმე სასამართლომ განიხილა და გადაწყვეტილებაც მის სასარგებლოდ გამოიტანა, მაგრამ კუთვნილი ბინის დაბრუნება მაინც ვერ მოახერხა. შიზოფრენიით დაავადებული 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ამჟამად ქუჩაშია დარჩენილი.

ნ.რ. მის კუთვნილ ბინაში ცოლთან ერთად ცხოვრობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ცოლმა დაარწმუნა, რომ ბინა გაეყიდა  და საცხოვრებლად მეუღლის კუთვნილ სახლში გადასულიყვნენ ერთად. ასეც მოხდა: ნოტარიუსმა გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულება ნ.რ.–ს მიერ სახლის გაყიდვის შესახებ, თუმცა თანხა ცოლმა აიღო, რომელმაც ბინის გაყიდვიდან მოკლე ხანში დაავადებული ქმარი სახლიდან გამოაგდო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე–12 მუხლის შესაბამისად, ქმედუუნარო პირს ეკრძალება საკუთრების ყიდვა–გაყიდვის ოპერაციის წარმოება, ფსიქიკურად დაავადებულმა ნ.რ.–მ ეს უპრობლემოდ მოახერხა.

იურისტების განმარტებით, ამ შემთხვევაში ნოტარიუსს ხელშეკრულება არ უნდა გაეფორმებინა.

„მაგრამ აქ მეორე პრობლემაც იჩენს თავს – ნოტარიუსი მხოლოდ მაშინ მოითხოვს ფსიქიკური ჯანმრთელობის დამადასტურებელ ცნობას, თუ კლიენტის ჯანმრთელობაში ეჭვი შეეპარა, მაგრამ ხშირად  ასე, ერთი შეხედვით, ამგვარ პირებს არც არაფერი ეტყობათ, ამიტომ დიდი ალბათობაა, რომ ხელშეკრულებები ფსიქიკურად დაავადებულმა პირებმა ისე გააფორმონ, ვერავინ ვერაფერი გაიგოს, რაც ისევ დაავადებულებისთვისაა საზიანო“, – ამბობს ნ.რ.–ს ინტერესების დამცველი სასამართლოში, ნინო ანდრიაშვილი:  

„ჩვენ მოვითხოვეთ საქალაქო სასამართლოსგან, რომ ბათილად ეცნოთ ნ.რ.–სთან გაფორმებული ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. თუმცა, აქ მეორე პრობლემამ იჩინა თავი: იმისთვის, რომ პატრონს სახლი დაუბრუნო, მას აღებული ფული უნდა მისცე. ფული კი არა თავად დაზარალებულს, არამედ მის ცოლს ჰქონდა აღებული. ამის შემდეგ მოვითხოვეთ, რომ ბინის მეპატრონეს  ბინა კი აღარ დაეთმო, არამედ დაზარალებულისთვის კომპენსაცია გადაეხადა. სასამართლომ ეს მოთხოვნაც დააკმაყოფილა, მაგრამ ამასობაში ახალმა მეპატრონემ მოასწრო და ახლა სხვას მიყიდა სახლი“.

ნ.რ.–ს მსგავსად, უამრავი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი რჩება უსახლკაროდ მსგავსი პრობლემების გამო. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2009 წლის ბოლოს საქართველოს ამბულატორულ–პოლიკლინიკურ დაწესებულებებში რეგისტრირებულია ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 76 457 შემთხვევა. დაავადებულები იმყოფებიან როგორც საავადმყოფოებში, ასევე – ოჯახებში, მეურვეების ზედამხედველობის ქვეშ.

სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სოციალური სამსახურები გამართულად ვერ მუშაობენ, ვერ აგვარებენ პენსიებთან, დაავადებულის ახლობლებთან, ქონებასთან და მეურვეებთან დაკავშირებულ პრობლემებს. პაციენტების ნაწილი მეურვეებზე პრეტენზიებს გამოთქვამს.

,,გასაწერ პაციენტს ან თავშესაფარი არა აქვს, ან ნათესავები უარს აცხადებენ მის მიღებაზე, შემოსავალი კი დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას არ იძლევა. ასეთი პაციენტები უკიდურესად დათრგუნულები არიან“, – ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს ენიშნება მეურვე. მეურვეების საქმიანობაზე მონიტორინგის განხორციელება  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცუზუნველყოფის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ევალება. მეურვეს არ შეუძლია გაყიდოს ბინა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის გარეშე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მეურვე ყიდის მის მეურვეობაში მყოფი ფსიქიკურად დაავადებული პირის ქონებას, ვალდებულია, აღებული ფული ისევ ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს დაახარჯოს.

„ხშირია, როცა საავადმყოფოებში დატოვებენ ხოლმე დაავადებულს და მერე მის სახლს ან აქირავებენ, ან თვითონ ცხოვრობენ მეურვეები. პენსიებზეც იგივე ხდება: ერთ–ორ კოლოფ სიგარეტს თუ უყიდიან დაავადებულებს კუთვნილი პენსიით, თორემ ისე ამ ფულსაც თავად ითვისებენ ხოლმე მეურვეები“, – ამბობს ლალი წულეისკირი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელი.

დედა და შვილი, რომლებიც ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იყვნენ მოთავსებულნი, კანონიერმა მეურვეებმა უსახლკაროდ დატოვეს. დედა–შვილის კუთვნილი სახლი მათ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობით გაყიდეს. გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლიდან მეურვეებს დაავადებულებზე არაფერი დაუხარჯავთ, ისე, როგორც არაფერს აძლევდნენ დედა–შვილის სახელზე რიცხული პენსიიდან.

ამ საქმეში მოგვიანებით „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ჩაერთო, რომელმაც მიმართა მეურვეობისა და მზრუნველობის სამსახურს მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით, რაზეც ორგანიზაციამ თანხმობა მიიღო, თუმცა ვერ მიიღო ინფორმაცია, თუ რა რეაგირება მოახდინა მონიტორინგის შედეგად აღნიშნულმა სამსახურმა.

„მეურვეობისა და მზრუნველობის სამსახური, ფაქტობრივად, არ აკონტროლებს, დაიხარჯა თუ არა აღებული ფული დაავადებულის სასარგებლოდ“, – აცახდებენ „ადამიანის უფლებათა ცენტრში“.

მათივე თქმით, „მეურვეობისა და მზრუნველობის სამსახური სათანადოდ ვერ ეხმარება მეურვეობაში მყოფს იმ შემთხვევაში, თუ მეურვე აჭარბებს თავის უფლებამოსილებას. გარდა ამისა, ამ სამსახურს არ გააჩნია მეურვეობაში მყოფთა სტატისტიკა, რაც შეუძლებელს ხდის მეურვეთა ქმედებების მონიტორინგს“.

ამ სტატისტიკური მონაცემების აუცილებლობას ხედავს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორიც.

თავად მეურვეობისა და მზრუნველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ამჯერად ხდება მეურვეებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ცენტრალიზება. არქივები, რაც თვითმმართველობებსა და რესურს–ცენტრებში ინახებოდა, უშუალოდ სამსახურში გადადის. სრული ბაზის შედგენის შემდეგ სოციალური მუშაკები ტრენინგს გაივლიან და მეურვეების მონიტორინგს დაიწყებენ. სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ეკა სანებლიძის თქმით, მონიტორინგის განხორციელება, სავარაუდოდ, ერთი თვის ვადაში დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი