საზოგადოება

თითქმის ოჯახი

28 იანვარი, 2011 • • 1669
თითქმის ოჯახი

,,ანი და ალიონა შესანიშნავი კულინარები არიან, – ამბობს მათი აღმზრდელი ზიზი ინაძე , – მაგრამ ანრის უნდა ყოველ დღე კვერცხი, ეგრე არ არის. გიგის რაღაც სტრანი საჭმელები უყვარს’’.

ანი, ალიონა, გიგი, ანრი და კიდევ 10 არასრულწლოვანი ერთ მისამართზე, თ. ერისთავის შვიდ ნომერში ცხოვრობენ. მიუხედავად  სხვადასხვა გემოვნებისა, ყოველდღიურად ხმათა უმრავლესობით წყვეტენ, რა ექნებათ სადილად.

ამ მისამართზე ორი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლია. ერთში 6, ხოლო მეორეში 8 ბავშვი ცხოვრობს.

ისინი ამ სახლებში ბავშვთა თავშესაფრიდან გადმოიყვანეს. აღმზრდელებიც და ფსიქოლგებიც საოჯახო ტიპის ბავშთა სახლების პრიორიტეტად ოჯახურ გარემოსა და თითოეულ ბავშვებთან ინდივიდუალურ მუშაობის შესაძლებლობას ასახელებენ.

დიდი ინსტიტუციების საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებით შეცვლას საქართველოს შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ,,ბავშვზე ზრუნვის რეფორმის’’ ფარგლებში გეგმავს.

სამინისტროს 2010-2011 წლის სამოქმედო სტრატეგიაში წერია, რომ გაშვილების და მინდობით აღზრდაში გადაყვანის შესაძლებლობათა ამოწურვის შემდეგ, ამ კონტინგენტზე ზრუნვის საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში აღზრდის უზრუნველყოფა.

,,ასეთ სახლებში დადასტურებული კვალიფიკაციის მქონე დედობილ–მამობილის  მეთვალყურეობის ქვეშ აღზრდა ხელს უწყობს ბავშვის ინდივიდუალობის  წარმოჩენას და უქმნის მას მშობლიური გარემოს ტოლფას ალტერნატიულ გარემოს’’, – წერია სამინისტროს 2010-2011 წლის სამოქმედო სტარტეგიაში.

ბავშვზე ზრუნვის პროგრამას სამინისტროს სოციალური მომსახურეობის სააგენტო ახორციელებს. სააგენტოს სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ეკა სანებლიძე ამბობს, რომ ასეთი ტიპის ბავშვთა სახლებში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დედობილ-მამობილი ცხოვრობენ ბავშვებთან, ხოლო შაბათ-კვირას –აღმზრდელები.

ერისთავის ქუჩაზე მდებარე მცირე ზომის ბავშვთა სახლში დედობილ-მამობილი არ ჰყავთ. ბავშვებთან მთელი კვირის განმავლობაში აღმზრდელები მუშაობენ.

ზიზი ამბობს, რომ დამატებით აღმზრდელების (შაბათ-კვირისთვის) დაქირავების საშულება ახლა მათ არ აქვთ, ამიტომ აღმზრედელებს ხანდახან ზიზიც ენაცვლება ხოლმე. თან, მათი გადაწყვეტილებით, ბავშვებისთვის უკეთესია მთელი კვირა იმ ადამიანებთან ერთად გაატარონ, რომლებსაც უკვე შეეჩვეულები არიან.

ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 37 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლია. აქედან 17-ს სახელმწიფო აფინანსებს, ხოლო დანარჩენს დონორი ორგანიზაციები.

,,შაბათ-კვირის გარდა, დილით ყველანი 7 საათზე ვდგებით’’, – ყვება ზიზი ინაძე. ბავშვები #12-ე საჯარო სკოლაში დადიან. სკოლა  მდებარეობის მიხედვით შეარჩიეს. ,,ყველა ბავშვს ჩვენ ვერ წავიყვანთ დილით სკოლაში, ამიტომ გვირჩევნია ახლოს იარონ, რომ თავისით შეძლონ მისვლა’’.

,,არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ყველა ბავშვს თავისი ოთახი ჰქონდეს, მაგრამ ვცდილობთ, რომ მხოლოდ ორ ბავშვი იზიარებდეს ერთ ოთახს. ასევე არსებობს ოთახები, სადაც ბავშვს შეუძლია განმარტოვდეს, როცა მას ამის სურვილი ექნება.  ’’, – განმარტავს სანებლიძე.

ოთახი განმარტოვებისთვის ერისთავის ქუჩაზე მდებარე სახლში ბავშვებს არ აქვთ. ორ საძინებელში კი ბიჭები და გოგოები ოთხ-ოთხად არიან გადანაწილებული. ფართის სიმცირის გამო ოთახებში ორსართულიანი საწოლები დგას. ოთახში არის სამეცადინო კუთხე და ერთი მოზრდილი გარდერობი. სახლი კეთილმოწყობილია, მოზრდილ მისაღებ ოთახში ტელევიზორი და კომპიუტერი დგას. 

Image 3078
Image 3078

რას შეჭამენ, რას ჩაიცვამენ, რომელ წრეზე ივლიან, როგორც ინაძე ამბობს, ბავშვები ამას აღმზრდელებთან შეთანხმებით წყვეტენ. ბავშვების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების მიხედვით აღმზრდელები თითოეული ბავშვისთვის გრძელვადიან და მოკლევადიან სამოქმედო გეგმას ადგენენ. ეთიკოს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის ნაწილი უკვე შესრულებულია.

ეთიკოს სამოდელო სააგენტოში უნდოდა სიარული, თუმცა, აღმზრდელების თქმით, ვაუჩერული დაფინანსება ხშირად საკმარისი არ არის ბავშვების სურვილების შესასრულებლად. ამიტომ აღმზრდელები ქველმოქმედ ადამიანებს ეძებენ. ეთიკოც სწორედ ასეთი ქველმოქმედების წყალობით მოხვდა სამოდელო სააგენტოში. 

მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები სახელმწიფოსგან ვაუჩერული პრინციპით ფინანსდება. თითო ბავშვზე სახელმწიფო აქ ყოველდღიურად 12.50 ლარს ხარჯავს. ჯამში თითო ბავშვთა სახლს ყოველთვიურად 3000-3100 ლარი ერიცხება.

საქართველოს მთავრობას ბავშვთა ზრუნვის პროგრამის განხორციელებაში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ეხმარებიან. პროგრამაზე დონორ ორგანიზაციებს ჯამში 6.8 მილიონი აშშ დოლარი აქვთ გამოყოფილი.

ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთადა, ბავშვს უფლება აქვს, იცხოვროს თავის მშობლებთან და აღიზარდოს ოჯახურ გარემოში (მუხლი 9, მუხლი 20). სწორედ ამ ვალდებულების შესრულების მიზნით იუნისეფი ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვებზე ზრუნვის ისეთი ფორმების დანერგვაში, რომლებიც ეფუძნება მათ ოჯახურ გარემოში აღზრდას.

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა 2008 წლის ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა საქართველოში სოციალური მომსახურეობის სისტემის განუვითარებლობასთან დაკავშირებით.

,,კომიტეტი რეკომენდაციას უწევს სახელმწიფოს, დააჩქაროს დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამა, მათ შორის ბავშვების დაბრუნება საკუთარ ოჯახებში და აღმზრდელი მშობლების მოძებნა’’.

გაეროს ბავშვთა ფონდის კოორდინატორი მაია ქურციკიძე ამბობს, რომ ბავშვთა სახლებსა და სკოლა-ინტერნატებში გაზრდილი ბავშვები ყოველთვის სოციალურად მეტად დაუცველ და ცხოვრებისთვის მოუმზადებელ პიროვნებად ყალიბდებებიან, ეს კი ხშირ შემთხვევაში მძიმე ტვირთად აწვება საზოგადოებას. ინსტიტუციებიდან 18 წლის ასაკში გამოსულ ახალგაზრდებს განსაკუთრებულად უჭირთ საზოგადოების არსებული ცხოვრების სტილთან შეგუება. ქურციკიძის თქმით, მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების მეშვეობით ეს პრობლემები გადაჭრილია.

ახალი ანგარიში საქართველომ გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტს 2011 წელს უნდა წარუდგინოს. თუ როგორ ასრულებს საქართველო კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს, სწორედ ამ ანგარიშის შეფასებისას გამოჩნდება.

სახელმწიფო სტრატეგიაა, რომ ,,ბავშვზე ზრუნვის’’ პროგრამის ფარგლებში გააძლიეროს სოციალური მუშაკის როლის. ზიზი ინაძე ამბობს, რომ სოციალური მუშაკები მხოლოდ იმ დროს მოდიან მათთან, როცა ამის საჭიროებაა. სოციალური მუშაკის ჩართვა გახდა საჭირო ერთ-ერთი ბავშვის– ნათიასა და მისი მშობლების ურთიერთობაში. საუბარია ნათიას მის ოჯახში დაბრუნებაზე, თუმცა მანამდე მშობლებთან სოციალურმა მუშაკმა უნდა იმუშავოს.

,,უნდა შემოწმდეს ნათიას ოჯახი, რამდენად ჯანსაღი გარემოა იმისთვის რომ ბავშვი დაბრუნდეს ოჯახში. ისინი შეაფასებენ და გადაწყვეტენ. თუ ისისნი იტყვიან, რომ არა ბავშვი ვერ დაბრუნდება, მაშინ ბავშვი აქ დარჩება’’, – განმარტავს ინაძე.

სკოლის შემდეგ ბავშვებს გარეთ გასვლა, ძირითადად, არ უწევთ. მათ მისამართზე ასევე მათთვის რამდენიმე დღის ცენტრია, სადაც ისინი სხვა ბავშვთა სახლების ბავშვებთან ერთად თექაზე მუშაობას, ხატწერას, ქარგვა-ქსოვას, ცეკვას სწავლობენ, აქვთ სპორტის გაკვეთილები. ამიტომ დილიდან 6 საათამდე თავისუფალი დრო თითქმის არ რჩებათ.

Image 3080
Image 3080

ბავშვები მშობლებთან თავად დადიან ან მშობლები აკითხავენ.  საოჯახო ტიპის სახლებში 6-დან 18 -წლამდე ბავშვები და მოზარდები ცხოვრობენ. როდესაც მათ 18 წელი შეუსრულდებათ,  ბავშვთა სახლს ტოვებენ. ზიზი ამბობს, რომ ისინი ან საკუთარ ოჯახებში ბრუნდებიან, ან დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ.

2012 წლამდე სამოქმედო სტრატეგიის მიხედვით, საქართველოში 72 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის ამოქმედება იგეგმება. სწორედ ამიტომ სოციალური მომსახურეობის სააგენტომ ასეთი ბავშთა სახლების ფუნქციონირების მიზნით შესასყიდი ობიექტების შესარჩევად  29 ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით კონკურსი გამოაცხადა.

დიდი ზომის ბავშვთა სახლების რაოდენობა ამ დროისთვის 46-დან 20-მდე შემცირდა. ჯანმრთელობის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ეტაპობრივად იგეგმება კიდევ რამდენიმე დიდი ზომის ინსტიტუციის დახურვა, ნაწილის რეაბილიტაცია-გადაკეთება.

ამ ეტაპზე 37 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში 254 ბავშვი ცხოვრობს.

როგორც ზიზიმ გვითხრა, ამ ბავშვებს სახემწიფომ მზრუნველობა მოკლებული ბავშვების სტატუსი მიანიჭა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი