ნეტგაზეთი | დევნილები სოლიდარობას ითხოვენ დევნილები სოლიდარობას ითხოვენ – Netgazeti
RU | GE  

დევნილები სოლიდარობას ითხოვენ

დევნილების აქცია პარლამენტის წინ
დევნილების აქცია პარლამენტის წინ

დღეს პარლამენტის წინ გამართულ დევნილთა სოლიდარობის აქციაზე მთავარი მოწოდება იყო ის, რომ მათ პროტესტს დევნილებისა და საზოგადოების წევრების მეტი წარმომადგენელი უნდა შეუერთდეს.

რუსთაველის გამზირზე, პარლამეტის წინ, გამართულ საპროტესტო აქციას დღეს დაახლოებით 300-მდე ადამიანი ესწრებოდა: პოლიტიკური პარტიების, დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები, თავად დევნილები და უბრალო მოქალაქეები.

აქცია 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციაზე სიტყვით გამომსვლელები, პირველ რიგში, მოუწოდებდნენ დევნილებსა და საქართველოს მოქალაეებს, რომ დევნილთა უკანონოდ გამოსახლების პროცესის შეჩერების მიზნით გამართულ საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ.

არც დევნილებმა და არც “კონსერვატიული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა ჯერ არ იციან, აირჩევენ თუ არა დევნილები პროტესტის ფორმად რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლას. ჩხარტიშვილი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია, აქციაში მეტი ხალხი ჩაერთოს.

,,ეს მათი გადასაწყვეტია, თუ გადაწყვეტენ კარვების გაშლას, ალბათ, გააკეთებენ კიდეც’’, – ამბობს ჩხარტიშვილი.

დევნილთა აქციას ოპოზიცია შეუერთდა
დევნილთა აქციას ოპოზიცია შეუერთდა

დევნილები, უბრალო მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აქციაზე ამბობდნენ, რომ დევნილთა გამოსახლების პროცესი უკანონოა და მის შეჩერებას მოითხოვენ.

ამ მიზნით დევნილები თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავენ.

მანამდე კი დევნილებს აქციაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებები დაურიგდათ. განცხადებების შევსების შემდეგ ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნება.

განცხადების ფორმა ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის’’ ხელმძღვანელმა ლია მუხაშავრიამ მოამზადა.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა აქციაზე განმარტა, განცხადება უზრუნველყოფს სასამართლოში სარჩელის შეტანამდე გამოსახლების პროცესის შეჩერებას. განცხადების შეტანიდან 24 საათში საქალაქო სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გამოსახლების პროცესის შეჩერებაზე.

ხვალ დევნილები პარლამენტის წინ ისევ შეიკრიბებიან, თუმცა მსვლელობით ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ, გადაინაცვლებენ.

დევნილთა გამოსახლების პროცესი გუშინ დაიწყო და დღეს განახლდა. დღეს დილიდან დევნილები სამი ობიექტიდან, – ვაჟა-ფშაველას მესამე მიკრო მე-8 ა კორპუსიდან, ყაზბეგის #25ა-დან და ყიფშიძის #34-დან გამოსახლეს.

როგორც იქ მცხოვრებმა დევნილებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, გუშინ საღამოს მათთან სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები მივიდნენ და გააფრთხილეს, რომ დილიდან მათი გამოსახლების პროცესი დაიწყებოდა.

გამოსახლების პროცესი მთელი დღე მშვიდად მიმდინარეობდა. დევნილებს სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

,,იმის მერე, რასაც ვუყურე, გუშინ ბაგებში რაც მოხდა, აღარ მიფიქრია წინააღმდეგობის გაწევაზე, რა აზრი აქვს? ვის აქვს თავი, ამ გაჭირვებაში კიდევ დამატებით 400– ლარიანი ჯარიმა გადაიხადოს?!’’, – ამბობს დევნილი კოდორის ხეობიდან ნათია კუპრაძე.

სამივე შენობას პოლიციამ ალყა შემოარტყა და ევროკავშირის დამკვირვებლები და ჟურნალისტები არც შენობაში და არც შენობის ეზოში არ შეუშვა.

ვაჟა-ფშაველას მესამე მიკროდან გამოსახლებული დევნილები ამბობენ, რომ ალტერნატიულ ფართზე შეთავაზება მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა მიიღო. დანარჩენები კი, მათი თქმით, საცხოვრებლად ნათესავებთან გადავლენ.

ისინი, ვინც გუშინ ბაგებიდან გამოასახლეს და ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში, კახეთში გადაიყვანეს, უკმაყოფილონი არიან იქ არსებული საცხოვრებელი პირობებით.

ერთ-ერთი მათგანი დღეს პარლამენტთან თავისი პროტესტის გამოსახატავად ოჯახთან ერთად მოვიდა. მერაბ არღვლიანი აქამდე ბაგებში ცხოვრობდა. ოჯახთან ერთად  გუშინ გამოასახლეს.

,,გუშინ გამომასახლეს ყოფილი სტუდქალაქის შენობიდან, წამიყვანეს წინწყაროში, საშინელი პირობებია, შუქი არ არის, გათბობა არ არის, ჭაობში მიმიყვანეს, აქ უნდა იცხოვროო, მე ვუთხარი, აქ ვერ ვიცხოვრებ, ავდექი და წამოვედი ისევ უკან’’, – ყვება არღვლიანი.

დღევანდელ აქციაზე დევნილი ჯულიეტა ცინდელიანი იყო მოსული. ცინდელიანი ერთ-ერთი იმათგანია, რომლიც გუშინ ბაგებში გამოსახლების პროცესის დროს დააკავეს. ცინდელიანი ბაგებში არ ცხოვრობს, თავის მეზობელ დევნილებთან ერთად ბაგებში ნათესავებთან მივიდა, როცა შეიტყო გამოსახლების შესახებ.

როგორც ცინდელიანი ყვება, პოლიციელებმა შენობაში არ შეუშვეს, რის შემდეგაც მან შეურაცხყოფა მიაყენა მათ. ამის შემდეგ ცინდელიანი თავის მეზობლებთან ერთად, რომლებიც მასთან ერთად მივიდნენ ბაგებში, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დღის ბოლოს კი სასამართლოს გადაწყვეტილებით 400 –ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს.  

,,ამ თანხის გადახდას ვერ შევძლებ. ვარ სოციალურად დაუცველი, დევნილი’’.

დევნილები, რომელთაც ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი რაიონებში შესთავაზეს, ამბობენ, რომ ალტერნატიულ ფართებში საცხოვრებლად უვარგისი პირობებია.

ადეკვატური საცხოვრებელი პირობების აუცილებლობაზე სახალხო დამცველის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშიცაა საუბარი. სახალხო დამცველი წერს, რომ ჯერ გაურკვეველია, გადაეცემათ თუ არა დევნილებს სასოფლო-სამეურნეო მიწები სარგებლობაში და განხორციელდება თუ არა განსახლების ადგილებზე დევნილთა დასაქმების ხელშემწყობი პროექტები.

“ადეკვატური საცხოვრებელი პირობები მოიცავს არა მხოლოდ შენობისა და ფართის ადეკვატურობას, არამედ აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას სხვა არაერთი ასპექტი. კერძოდ, მნიშვნელოვანია საცხოვრებლის მდებარეობა. საცხოვრებელი უნდა  მდებარეობდეს ისეთ ადგილზე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამუშაო ადგილები, ასევე, წარმოდგენილი იქნება სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო პუნქტები და სხვადასხვა სოციალური სერვისის ობიექტები”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

დევნილები, რომლებიც დღეს გამოასახლეს უმრავლესომა კოდორის ხეობიდან 2008 წლის დევნილია, ნაწილი კი– აფხაზეთიდან ძველი დევნილი. ახალ დევნილებს ალტერნატიულ ფართს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო რეგიონებში სთავაზობს. ძველ დევნილებს კი, როგორც თავად ამბობენ, ალტერნატიული ფართით სამინისტრო 2011 წლის მაისიდან დააკმაყოფილებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლიკა გიგინეიშვილი