ნეტგაზეთი | სააკაშვილის ამერიკული ოცნება სააკაშვილის ამერიკული ოცნება – Netgazeti
RU | GE  

სააკაშვილის ამერიკული ოცნება

სააკაშვილისა და ობამას შეხვედრა  ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე
სააკაშვილისა და ობამას შეხვედრა ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე 15 იანვარს გამოქვეყნდა ინფორმაცია აშშ–სა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრის თაობაზე. ინფორმაცია ამავე საკითხზე წინა დღეს გამოაქვეყნა თეთრმა სახლმა:

„რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსახურების შემდეგ პრეზიდენტი ობამა შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს. მათ საუბარს ვიცე პრეზიდენტი ბაიდენიც შეუერთდა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სააკაშვილს ხსოვნისადმი მიძღვნილ მსახურებაში მონაწილეობისთვის ვაშინგტონში ჩასვლისა და რიჩარდ ჰოლბრუკის სიკვდილის შემდეგ ორდენით დაჯილდოების გამო. ლიდერებმა იმსჯელეს საქართველოს ძალისხმევაზე ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის ზრდის გაუმჯობესების კუთხით. მათ, ასევე, განიხილეს კავკასიაში უსაფრთხოების გამოწვევებსა და ISAF–ის პროგრამის ფარგლებში სამხედრო წვლილზე ავღანეთში, სადაც მამაცი ქართველები ამერიკული შეიარაღებული ძალების მხარდამხარ დგანან“.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი უფრო მეტ დეტალებს აცნობს საზოგადოებას ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის თაობაზე:

„შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები შემდგომი გაფართოებული ფორმატით შეხვედრის შესახებაც შეთანხმდნენ. ამერიკის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს საქართველოს პირველი პირის მიერ დაყენებულ კონკრეტულ საკითხებზე თანამშრომლობის გაგრძელება და შედეგების მოხსენება დაავალა“.

დღეს ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია აშშ–ში გაემგზავრა, პრეზიდენტ სააკაშვილის ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, თუმცა სააგენტოები იუწყებიან, რომ, ჯერჯერობით, უცნობია ბოკერიას ვიზიტის დღის წესრიგი, ისევე, როგორც უცნობია, მართლაც დაავალა თუ არა პრეზიდენტმა ობამამ აშშ–ს უშიშროების საბჭოს მისი ქართველი კოლეგის მიერ დაყენებულ კონკრეტულ საკითხებზე თანამშრომლობის გაგრძელება და შედეგების მოსმენა, როგორც ამას საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებ–გვერდი იუწყება.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსული მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მთავარი მხარდამჭერი აშშ–ს მაშინდელი ადმინისტრაცია იყო. საქართველოს ხელისუფლებამ მის მთავარ მოკავშირედ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები გამოაცხადა, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რასაც მოჰყვა 2008 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ–ში და „რესპუბლიკელი“ ჯორჯ ბუში უმცროსის შეცვლა „დემოკრატი“ ბარაკ ობამათი, ორი ქვეყნის კავშირი აშკარად შეირყა.

ბარაკ ობამამ აშშ–ს პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად 2009 წლის 20 იანვარს ჩაიბარა. 2009 წლის 6 მარტს კი ჟენევაში აშშ–ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის პირველი ოფიციალური შეხვედრა შედგა, სადაც აშშ–მ რუსეთთან ახალი ე.წ. „გადატვირთვის პოლიტიკის“ შესახებ ინფორმაცია გაახმოვანა: სიმბოლური წითელი ღილაკით – წარწერით “Reset”, რომელიც კლინტონმა ლავროვს გადასცა, აშშ–მ, რუსეთთან ურთიერთობის დათბობის დაწყების პარალელურად, ერთგვარად წითელი შუქი აუნთო ოფიციალურ თბილისს, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.

2009 წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იზოლაციაში აღმოჩნდა: საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე, სადაც სხვა ინფორმაციასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტები ქვეყნდება, 2009 წლის მანძილზე მხოლოდ ორი ვიზიტის შესახებ მოიძებნება ინფორმაცია: 2009 წლის თებერვალში საქართველოს პრეზიდენტი ესპანეთში იმყოფებოდა, ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა და პარალელურად, კატალონიის მთავრობის მეთაურსა და ბარსელონის მერს შეხვდა; 2009 წლის მარტში კი მიხეილ სააკაშვილი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იმყოფებოდა, სადაც მან შეხვედრები გამართა :ემირატების მმართველი სამეფო ოჯახის წევრთან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, ინფრასტრუქტურისა და განათლების მინისტრებთან. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა.

საქართველოს პრეზიდენტმა ერთგვარი „მოჯადოებული წრის“ გარღვევა საერთაშორისო არენაზე ისევ „ძველი“ ამერიკელი მეგობრების დახმარებით მოახერხა. 2010 წლის იანვარში საქართველოს ამერიკელი „რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ მაკკეინი ეწვია. მაკკეინი საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩა, რასაც მოჰყვა საქართველოში სხვა ამერიკელი ოფიციალური პირების – კონგრესმენების, სენატორების, სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტები. მაკკეინს გაწეული ღვაწლი მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ორდენის გადაცემითაც დაუფასა –  იგი საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა.

ამის მიუხედავად, გასული წლის თებერვალში ოფიციალურმა თბილისმა საგერეო არენაზე კიდევ ერთი ფრონტი წააგო: 2010 წლის 9 თებერვალს საფრანგეთმა რუსეთს მისტრალი მიყიდა. იმავე დღეს World Politics Review აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით – “დასავლეთმა საქართველო დაკარგა?”

„დასავლეთმა, რომელიც არაშორსმჭვრეტელურად მოქმედებს და ცდილობს აღადგინოს ურთიერთობები რუსეთთან, შეიძლება საქართველოს გვერდზე გადაწევით სტრატეგიული თავსატეხი შექმნას. თბილისის მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნებით ან სხვა ნაკლებად მისაღები რეჟიმების მხარდაჭერით მის ახლო სამეზობლოში, დასავლეთის ძალისხმევა დემოკრატიზაციისა და გეოპოლიტიკის თვალსაზრისით თაობებით უკან გადაიწევს, დაკარგავს რა იმ ერთადერთ რეალურ ბერკეტს, რომელიც მას ცენტრალურ ევრაზიაში გააჩნია,“ – ნათქვამია სტატიაში.

გასული წლის 22 თებერვალს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის ამერიკელი სენატორი რიჩარდ ჰოლბრუკი, რის შემდეგაც საქართველო „ერთგვარ დამამაშვიდებელ პრიზს“ იღებს შეერთებული შტატებიდან: ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოსთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას 8%–ით ზრდის.

ოფიციალური თბილისი ყველანაირად ცდილობს დასავლეთის ყურადღების მიპყრობას. ერთგვარად ამ მიზანს ემსახურება „მოდელირებული ქრონიკაც“, რომელიც გასული წლის 13 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა: საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მართლაც მიიპყრო, ოღონდ – ძალიან უარყოფით კონტექსტში – 18 მარტს გაზეთმა “TIME”–მა “შოკისმომგვრელ სიცრუეთა ათეული“ გამოაქვეყნა, სადაც “მოდელირებული ქრონიკა” “აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი ტყუილების” ათეულში პირველ ადგილზე აღმოჩნდა.

საქართველოს პრეზიდენტი კვლავაც ყველანაირად ცდილობს ოფიციალურ ვაშინგტონთან გაწყვეტილი კავშირის აღდგენას. 2010 წლის აპრილში ის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილების მისაღებად და თავის ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის იმედით: 13 აპრილს შედგა ბარაქ ობამასა და მიხეილ სააკაშვილს შორის პირველი შეხვედრა, უფრო სწორად, პირველი საუბარი. თეთრი სახლის ოფიციალური ვებ–გვერდი იუწყება, რომ „ბარაქ ობამა მიესალმა იმ ფაქტს, რომ  მიეცა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა ბირთვული უსაფრთხოების სამიტის დროს.  პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და მიესალმა იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი აგრძელებს დემოკრატიული რეფორმების გატარების შესახებ აღებული ვალდებულებების შესრულებას. პრეზიდენტმა გამოხატა მადლიერება საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილის გამო ავღანეთში და ორმა ლიდერმა განიხილა საერთო ვალდებულებები ბირთვული მასალების გავრცელების საფრთხის აღმოფხვრის მიზნით.“

სააკაშვილმა ობამასთან ოფიციალური შეხვედრის იმედით შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღე გაატარა, თუმცა ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მაისის დასაწყისში ობამამ აშშ–რუსეთის ბირთვული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება კონგრესში შეიტანა. 19 მაისს ჯონ მაკკეინმა პრეზიდენტი ობამა „მოკავშირეების მიტოვების“ გამო გააკრიტიკა, იმავე პერიოდში The Huffington Post–მა გამოაქვეყნა სტატია ოაბამას მხრიდან საქართველოსადმი “ღალატის” თემაზე, Newsweek–მა კი საქართველოს “გადატვირთვის” მსხვერპლი უწოდა.

საქართველოსა და აშშ–ს შორის ურთიერთობის ერთგვარი შემობრუნების დასაწყისი აღმოჩნდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 2010 წლის 6 ივლისს. იმავე დღეს The Washington Post–ი ასეთი შეფასებით გამოეხმაურა ამ ვიზიტს: „აშშ ცდილობს, დააცხროს საქართველოს შიშები ვაშინგტონის რუსეთთან ურთიერთობების გამო“.

მოგვიანებით საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს ახორციელებენ აშშ–ს კონგრესმენების თანაშემწეები, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ–ს კონგრესი საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში მხარდაჭრას ჰპირდება.

გასული წლის სექტემბრის თვიდან საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან დიალოგისთვის მზადყოფნაზე იწყებს საუბარს, ინფორმაციას ამის თაობაზე 12 სექტემბერს Newsweek–ი ავრცელებს. Newsweek–თან ინტერვიუში სააკაშვილი ამბობს: “მზად ვართ, რუსეთთან დიალოგი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ საკითხზე ვაწარმოოთ”.

ამის შემდეგ, გასული წლის 20 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიემგზავრება შეერთებულ შტატებში, თუმცა პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრას ვერც ამჯერად ახერხებს. 6 ოქტომბერს შტატებში საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შეხვედრა იმართება, რომელსაც ხსნის აშშ–ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. სააკაშვილი შტატებში ვიზიტს რამდენიმე კვირის განმავლობაში აგრძელებს, თუმცა – უშედეგოდ.  26 ოქტომბერს პრეზიდენტის პრეს–სპიკერი მანანა მანჯგალაძე იწვევს ბრიფინგს და აცხადებს: “ვერ დავადასტურებ, რომ ბარაქ ობამა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას თვს არიდებს”.

ოფიციალური თბილისი ირანთან დაახლოებას იწყებს. 3 ნოემბერს ბრიტანული “ბი-ბი-სი” ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩერ მოთაქის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება და სვამს შეკითხვას – საქართველო-ირანის დაახლოება დასავლეთს ხომ არ ავნებს? ამავე თემაზე ეხმაურება The Economist–ი და 9 ნოემბერს წერს: „აშშ-ს მიერ რუსეთთან “გადატვირთვის” პოლიტიკის დაწყების შემდეგ საქართველომ რეგიონში ირანის სახით ახალი სტრატეგიული პარტნიორის ძებნა დაიწყო“.

ნოემბერის ბოლოს პრეზიდენტი სააკაშვილი ლისაბონში მიემგზავრება ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად, სადაც საბოლოოდ ხერხდება სააკაშვილისა და ობამას პირისპირ შეხვედრა.

19 ნოემბერს თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „პრეზიდენტი ობამა შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რათა განეხილათ ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომი გაძლიერების საკითხები. პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ–ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. პრეზიდენტმა ობამამ გამოხატა პატივისცემა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილის გამო ავღანეთში ISAF–ის მისიაში და მამაცი სამხედროების მიერ გაღებული მსხვერპლის გამო. ორმა ლიდერმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიღწევები პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის რეფორმის განხორციელების და საერთო ინტერესები დემოკრატიის, სტაბილურობის უსაფრთხოებისა და საქართველოს კეთილდღეობის კუთხით“.

22 ნოემბერს „ნეზავისიმაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა სტატია მიხეილ სააკაშვილის საიდუმლო შეხვედრის შესახებ ლონდონში. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ცნობილი რუსი ბიზნესმენი, “მეტალოინვესტის” თანამფლობელი ვასილ ანისიმოვი, რომელსაც სააკაშვილი ლონდონში შეხვდა, შესაძლოა, კრემლსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის კონფიდენციალური შუამავალი გახდეს.

23 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის წინაშე გამოვიდა სიტყვით, სადაც პრეზიდენტმა ახალი ინიციატივის შესახებ განაცხადა:

„საქართველო არასოდეს გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღსადგენად, ის გამოიყენებს მხოლოდ მშვიდობიან საშუალელებს, მისი დეოკუპაციის და გაერთიანების განსხორციელებლად, მაშინც კი, თუ რუსეთი უარს იტყვის თავისი საოკუპაციო ჯარების გაყვანაზე, მაშინაც კი, თუ მისი შეირაღებული რაზმები გააორმაგებენ ადამიანების უფლების დარღვევას.  საქართველო დაიტოვებს მხოლოდ თავდაცვის უფლებას, ახალი შეტევისა და შეჭრის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიის  80 პროცენტზე, რომელსაც საქართველოს მთვარობა აკონტროლებს,“–განაცხადა მიხეილ სააკშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას.

გასული წლის მიწურულს, 2 დეკემბერს, ქართულ–რუსულ–ამერიკულ ურთიერთობებს ესპანური El Pais–ი უთმობს ყურადღებას. სტატიის ავტორი პილარ ბონეტი წერს: „ვაშინგტონი უპირატესობას ანიჭებს რუსეთთან დაახლოვებას – თბილისი სასოწარკვეთილი ეძებს აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერას. საქართველოს ძვირად დაუჯდა რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომი. ქვეყანა რომელიც კავკასიაში ნატო-ს მოკავშირედ მოიაზრებოდა, სუსტ და აშშ-ს ლაქია სახელმწიფოდ გადაიქცა, რომელიც პანიკურადაა შეპყრობილი იმის შიშით, რომ სეპარატისტულ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ“.

როგორ გაგრძელდება აშშ–სა და საქართველოს ურთიერთობა 2011 წელს? გაგრძელდება თუ არა ეს ურთიერთობები რუსეთ–ამერიკას შორის „გადატვირთვის პოლიტიკის“ ჩრდილქვეშ? შესაძლოა თუ არა, რომ ირანთან დაახლოების ფონზე რაიმე ცვლილება განიცადოს ოფიციალური თბილისის საგარეო პოლიტიკამ? – ამ საკითხებზე იხილეთ ქართველი ექსპერტების მოსაზრებები:

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი, სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრის გამგე

გია ნოდია, პოლიტოლოგი, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითრების კავკასიის ინსტიტუტის თავმჯდომარე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მაია მეცხვარიშვილი