ნეტგაზეთი | 2010 წელი – რეგიონში მომუშავე ჟურნალისტების თვალით 2010 წელი – რეგიონში მომუშავე ჟურნალისტების თვალით – Netgazeti
RU | GE  

2010 წელი – რეგიონში მომუშავე ჟურნალისტების თვალით

რომელია წლის ყველაზე წარმატებული პროექტი ქვემო ქართლში? რას ნიშნავს კარტოფილი ჯავახეთისთვის და პარლამენტი – ქუთაისისთვის? ბახმაროს მიწების სკანდალი გურიაში, სტალინის ძეგლის აღება გორში და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ოთხჯერ გადადებული პრეზენტაცია ფოთში – საქართველოს რეგიონებში 2010 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ნეტგაზეთს რეგიონის ჟურნალისტები ესაუბრნენ.

რომელია წლის ყველაზე წარმატებული პროექტი ქვემო ქართლში? რას ნიშნავს კარტოფილი ჯავახეთისთვის და პარლამენტი – ქუთაისისთვის? ბახმაროს მიწების სკანდალი გურიაში, სტალინის ძეგლის აღება გორში და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ოთხჯერ გადადებული პრეზენტაცია ფოთში – საქართველოს რეგიონებში 2010 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ნეტგაზეთს რეგიონის ჟურნალისტები ესაუბრნენ.

 

მარიკო წიქორიძე, kvemokartli.ge-ს რედაქტორი, ქვემო ქართლის რეგიონი: 

„წალკა მოწყვეტილი რაიონი იყო, საიდანაც ინფორმაციის მიღება, მე, როგორც ჟურნალისტს, ძალიან მიჭირდა. იქ ჩასვლასა და ჩამოსვლაზე ხომ ზედმეტია საუბარი: საშინელი გზა იყო, ამიტომაც ვთვლი, რომ წელს გაკეთდა ისტორიული გზა წალკის გავლით – 7 საათიანი გზა 2 საათამდე შემცირდა. ეს მართლაც ძალიან წარმატებული პროექტია.

ამას გარდა, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ქვემო ქართლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო რუსთავის ნაგავსაყრელის დახურვა. ეს იყო საკმაოდ დიდი ნაგავსაყრელი, რომლის წვის შედეგადაც ნამწვავისგან წარმოქმნილი ფერფლი და არასასიამოვნო სუნი წლების განმავლობაში გამონაბოლქვს ქმნიდა და თითოეულ ჩვენგანს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. რუსთავი-გარდაბნის გზაზე მთელი ეს გამონაბოლქვი ქალაქში შემოდიოდა. მე ვფიქრობ, ამ პრობლემის მოგვარება საკმაოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთავის.“

ნინო ნარიმანიშვილი, გაზეთ ,,სამხრეთის კარიბჭის’’ რედაქტორი, სამცხე–ჯავახეთის რეგიონი:  

„ჯავახეთისთვის წელს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ნინოწმინდა-წალკა-თბილისის გზის გახსნა იყო. ამ გზამ სოფლის მოსახლეობა დედაქალაქთან და შესაბამისად, ბაზართან დააახლოვა. მათი მთავარი საარსებო წყარო კარტოფილია და ყოველთვის ჰქონდათ პრობლემები მოსავლის გასაღებასთან დაკავშირებით, რადგან დიდი გზის გავლა ზედმეტი ფინანსური დანახარჯი იყო და არ უღირდათ დედაქალაქში წაღება კარტოფილის. ახლა ისინი ამბობენ, რომ ამ გზის გახსნით გაუადვილდათ დედაქალაქთან კავშირი და გაჩნდა მათთვის გასაღების ბაზარი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ჯავახეთში ისევ კარტოფილს უკავშირდება. გასულ წელს იყო საკმაოდ ბევრი მოსავალი კარტოფილის, მაგრამ წელს მთელი წლის განმავლობაში ჰქონდათ გასაღების პრობლემა. შემოდგომაზე მოყვანილ კარტოფილს ისინი იმ წლის შემოდგომაზე და მომდევნო წლის ზამთარსა და გაზაფხულზე ყიდიან ხოლმე. ამიტომ მე მახსოვს, წლის დასაწყისში მთელი ციკლი გვქონდა სტატიების ამ თემაზე. ამასთან, წელს შემოდგომაზე ძალიან ცუდი მოსავალი ჰქონდა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას. ამიტომ გასაღების პრობლემა, ალბათ, აღარ ექნებათ, რადგან ფაქტობრივად მოსავალი არ არის.

„მტკვარი ჰესის“ მშენებლობა შეიძლება ჩაითვალოს, რომ წლის მოვლენა იყო. ახალციხესთან ახლოს სოფელ საყუნეთში „მტკვარი ჰესი“ იმპორტზე გაიტანს ჩვენს ელექტროენერგიას. გაზაფხულიდან დაიწყო ეს პროექტი და საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა მოყვა, რადგან ადგილობრივი მუშახელი უნდა დასაქმებულიყო მშენებლობაზე. თუმცა მერე ისე მოხდა, რომ მათი გვერდის ავლით განხორციელდა ეს პროექტი. სამშენებლო ფირმებმა, რომლებიც ჩართულები იყვნენ პროექტში, ყველამ თავისი მუშახელი ჩამოიყვანა. ადგილობრივების ძალიან უმნიშვნელო ნაწილი დასაქმდა.

ახალქალაქის და ახალციხის გაზიფიკაცია თითქმის  დასრულდა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა მოსახლეობისთვის. აქეთ მკაცრი ზამთარია. არ იყო გაზი და შეშით თბებოდა მთელი რეგიონი. ამიტომ ძალიან ბევრი შეშა იჩეხებოდა.“

ირაკლი მაჩიტაძე, რადიო ,,ძველი ქალაქის’’ დირექტორი, იმერეთის რეგიონი: 

„ქუთაისში რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა არ ყოფილა, პოზიტიური ისაა, რომ ოპერის თეატრისა და სათაფლიის რეაბილიტაცია მოხდა.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლობის გადმოტანა გადაწყდა საბოლოოდ და დაიწყო ამაზე მუშაობა. მშენებლობა საკმაოდ მოცულობითია და ხალხი დასაქმდება, ბუნებრივია. გარდა ამისა, იმედი გვაქვს, რომ ეს მეტ ფუნქციას შესძენს ქალაქს და შესაბამისად, გაიზრდება ეკონომიკური დაინტერესებაც, თუნდაც ინვესტორების მხრიდან.

ასევე, ალბათ, გაიზრდება რეგიონის მოსახლეობის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე (რადგან ხალხს შესაძლებლობა მიეცემა პარლამენტთან პროტესტი თბილისში ჩამოუსვლელად გამოხატოს).

ამ წელს იყო რამდენიმე კორუფციული სკანდალი. ეს იყო საბავშვო ბაღების დირექტორებისა და ბუღალტერების დაჭერა. საერთოდ, ეს წელი ხასიათდება გამალებული შემოწმებებით საგადასახადო ინსპექციის მხრიდან, რასაც მოყვა დაჯარიმება ბევრი ბიზნეს სუბიექტის.“

ლადო მენაბდე, გაზეთ ,,გურიის მოამბის’’ რედაქტორი, გურიის რეგიონი: 

„წლის ამბავია გურიაში ბახმაროს მიწების სკანდალი. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად კურორტ ბახმაროზე აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები სადაჩე სარგებლობისთვის გადაცემულია რამდენიმე ასეულ ადამიანზე, ამათგან დაახლოებით ასი ადამინი აღმოჩნდა სახელმწიფო მოხელე და შსს-ს მაღალჩინოსანი. ამის შედეგან 20 მაღალჩინოსანმა სამსახური დატოვა. ეს მოვლენა ძალიან რეზონანსული იყო მხარეში. ჩოხატაურის საკრებულოს მიწების ლეგალიზაციის კომისიის ხელმძღვანელი შოთა სირაძე, რომელიც დღესაც ძებნაშია, მაღალჩინოსნებს მეგობრობის, ნაცნობობის, ზოგს თანხის ხარჯზე გადასცემდა ამ მიწებს. უმრავლესობა სახელმწიფო მოხელეებისა ჩათრეული აღმოჩნდა ამ კრიმინალურ საქმიანობაში. ორი თვის განმავლობაში გაზეთებში მთავარი თემა სწორედ ეს იყო.

წელს იყო ასეთი კრიმინალური ისტორია: გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო ოჯახი ამოხოცა ერთმა ძებნილმა. დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაა, რომ გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლო. აღმოჩნდა, რომ ვინც გამოძიებასთან თანამშრომლობს, ის ძალიან დაუცველია. ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალში მამა-შვილი მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ მათ გამოძიებასთან ითანამშრომლეს.“

შორენა ღლონტი, გურია ნიუსის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი:

„ვერ გავიზიარებ ადგილობრივი ხელისუფლების მოსაზრებას, თითქოს ეს წელი და არამარტო 2010 წელი აღმშენებლობის წლები იყო, რადგან გურიაში ისევ დგას მთელი რიგი პრობლემები, როგორიცაა კორუფცია, ადამიანის უფლებების სხვადასხვა კუთხით დარღვევის ფაქტები, საკმაოდ მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობა, მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. მაგალითისთვის დავასახელებდი ბახმაროში მიწების სკნადალურ საქმეს, მამა–შვილის მკვლელობას სოფელ თხინვალში და სხვა.

კორუფციული სქემა მოქმედებდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი შესრულებული სამუშაოებისთვის დაკავებულია ინდმეწარმეები, რომლებიც გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობდნენ.

მინდა ავღნიშნო, რომ დღემდე არ გამოძიებულა 2010 წლის 28 ოქტომბერს, გაზეთ „გურია NEWS“–ის ჩოხატაურის ოფისის დარბევის ფაქტი, ისევე, როგორც ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტები.“

საბა წიწიკაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის რეგიონუი რეპორტიორი, შიდა ქართლის რეგიონი: 

„წელს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი შიდა ქართლში სტალინის ძეგლის აღება იყო. ასევე, გორის უნივერსიტეტის რექტორის ზაზა ცოტნიაშვილის დაკავება. ეს საქმე თითქოს გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ მერე ჩვენ გავახმაურეთ, ჟურნალისტებმა.

ყველაზე მთავარი, ალბათ, ამ წელს შიდა ქართლისთვის მაინც „მოდელირებული ქრონიკა“ იყო.“

გოგა აფციაური, რადიო ,,თავისუფლების’’ რეგიონული რეპორტიორი, შიდა ქართლის რეგიონი: 

„ყველაზე ცუდი, უარყოფითი, ნეგატიური მოვლენა იყო სარწყავი სისტემების გადაკეტვა ცხინვალის სოფლების უმრავლესობაში ადგილობრივი, კოკოითის ხელისუფლების მიერ. მოსახლეობას, ფაქტობრივად, მოსავლის გარეშე მოუწია ყოფნა, ამას დაემატა ზაფხულის გვალვები, და ფაქტობრივად, ყველაზე მძიმე ზამთრის გადატანა მოუწევთ ამ წელს. წლის განმავლობაში ყველაზე ბევრი რეპორტაჟი სწორედ ამ თემაზე გავაკეთე.

ნაწილობრივ პოზიტიურია, რომ გაკეთდა ნიქოზის კაშხალი. კაშხალმა წესით უნდა მოაგვაროს სარწყავი წყლის პრობლემა სოფლებში, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ შეძლო ყველა სოფლის დაკმაყოფილება. სოფლების ნაწილს მიეწოდა წყალი, მაგრამ ზემო ნიქოზში, ერგნეთში, ზემო ხვითში და კიდევ რამდენიმე სოფელში წყალი ვერ მივიდა, თუმცა მე როგორც ვიცი, აპირებენ 2011 წელს კაშხალზე დამატებითი წყალსაქაჩი სისტემები დადგან, იმისთვის, რომ წყალი ზემო სოფლებშიც მივიდეს.

წინა წლებისგან განსხვავებით შედარებით ნაკლები სროლის ხმა ისმის რეგიონში, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რუსებს და ოსებს ხშირად აქვთ სამხედრო სწავლებები. ამას უკვე მოსახლეობა შეეჩვია. არ არის გაურკვევლობა, იციან, რომ თუ სროლა იწყება ცხინვალის მიმართულებით, ეს სწავლებებს უკავშირდება.

სტალინის ძეგლის მოხსნა გორში გორელებისთვის გარკვეული მოვლენა იყო.  ნაწილი გორელებისთვის, ვისაც ჯერ კიდევ უყვარს სტალინი, ეს უარყოფითი ფაქტი იყო, ხოლო შედარებით ლიბერალებისთვის, ახალგაზრდებისთვის ეს ფაქტი პოზიტიურ ჭრილში განიხილებოდა. გორისთვის ამ წელს, ალბათ, ყველაზე რეზონანსული ეს მოვლენა იყო.“

ლაშა ზარგინავა, „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი, ფოთი:

„ფოთელებს 2010 წელი სტიქიებითა და საპროტესტო აქციებით ეწვია. არადა, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება, იმედოვნებდა, რომ ქალაქში, სადაც ეკონომიკური მუხტი, წლიდან წლამდე მცირდება, ქართულ ეკონომიკურ რეალობაში რევოლუციას მოახდენდა და დუბაის თუ ვერ გაუსწრებდა, სიჩქარის აკრებას მაინც დაიწყებდა.

მოკლედ, სანამ დუბაიზიაციის გზას შეუდგებოდით, ზღვისპირა ქალაქს ქარბორბალამ გადაურა, რასაც წყალდიდობები მოჰყვა. წყალდიდობის მიზეზად კი, ყოველწლიურად, მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა და დამატებითი წყალსატუმბი სადგურების არარსებობა სახელდება, მოგვარების გზები კი, ისევ და ისევ ბიუჯეტის უკმარისობის გამო, მიმდინარე წელსაც ვერ გამოინახა და 2011-ის პერსპექტივად დარჩა.

პერსპექტივაში დარჩა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პრეზენტაციაც, რომელიც ოთხჯერ გადაიდო. ამის მიზეზად, თავად ოპერატორი კომპანიის-“RAKIA”-ას ხელმძღვანელები, საორგანიზაციო საკითხების მოუგვარებლობას ასახელებენ, ხოლო ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში, ინდუსტრიული ზონის შექმნიის იდეის ულოგიკობას.

მანამ, სანამ “RAKIA” ინდუსტრიულ ზონას აამუშავებს, წლის ერთ-ერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა – კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ აქციებს საფონდო ბირჟაზე გასაყიდად გაიტანს. რატომ და რისთვის, ამის ახსნით თავი არავის შეუწუხებია, პირიქით, ეს ნაბიჯი, ნაციონალურმა ტელევიზიებმა, ლამის წლის მთავარ ეკონომიკურ მოვლენად შეაფასეს.

“RAKIA”-ს ამ განცხადებას, წინ უძღოდა, ფოთის პორტში, ორი მოიჯარე კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა, რის გამოც 400-მდე ადამიანი უსამსახუროდ დარჩა.

მარადიული პერსპექტივების ქალაქის მკვიდრებს, კიდევ ერთხელ გაუცრუვდათ იმედი, როცა 24 საათიანი სასმელი წყლის, 27 მილიონიანი პროექტი, თურმე წარუმატებელი აღმოჩნდა და წინა წლების მსგავსად,  წელსაც, მათი ონკანები, ყოველ მეორე დღეს, მხოლოდ ორი საათით სველდებოდა.

წელს, ვერც ფოთის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის საკითხი დაძრულა იდეის იქით. არადა, პრეზიდენტი ამ ტერიტორიას ორჯერ სტუმრობდა და ვირტუალურ პროექტზეც ბევრი ისაუბრა. ვირტუალური, იმიტომ, რომ რეალური ბუნებაში, ჯერჯერობით არავის უნახავს.

ჯერჯერობით, არც ის  იცის ვინმემ, როდის დასრულდება წლების წინ დაწყებული და დღემდე გარდამავალი, ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის მშენებლობა.

სიახლე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ფოთელებმა მიიღეს, ახალი მერი იყო. ვახტანგ ლემონჯავამ, თითქმის 6 წლიანი მუშაობის შემდეგ, ამ თანამდებობაზე, ივანე საღინაძე შეცვალა.

წლის კი არა, საუკუნის მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, ფოთში ბუნებრივი აირის შემოყვანა. მართალია, ჯერჯერობით გაზქურა არც ერთ ოჯახში არ ანთებულა, მაგრამ, თუ დაპირებებით ვიმსჯელებთ, გაზაფხულზე ამ „სასწაულის“ ნახვაც იქნება შესაძლებელი.“

გერონტი ყალიჩავა, რადიო ,,თავისუფლები’’ კორესპონდენტი, ზუგდიდი:

,,წლის ამბად შეიძლება ჩაითვალოს ანაკლია, რომელზეც პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ უნდა გახდეს ევროპის ქალაქების მსგავსი კურორტი. გაიხსნა სასტუმრო, ასევე, განმუხური-ანაკლიის სანაპიროზე გაკეთდა ბულვარი. ანაკლიაში ამ დრომდე არ იყო სასტუმრო, ტურისტული ზონა, ზღვის სანაპირო არ იყო იმდენად მოწესრიგებული მანამდე, როგორც დღეს.

2010 წელს აფხაზეთი-სამეგრელოს ე.წ. შემოვლით გზებით საზღვრის გადმოკვეთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის თითქმის შეუძლებელი იყო. 2010 წელს დე-ფაქტო მთავრობამ მიიღო დაგაწყევეტილება, რომ იქ მცხოვრებ მოქალაქეებს მიეღოთ ფასიანი საშვები, რომლის საშუალებით ისინი მხოლოდ ცენტრალურ ენგურის ხიდს გადაკვეთდნენ. ექვსმხრივი შეხვედრებისას თბილისის დელეგაცია ამ საკითხს ყოველთვის აყენებდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. ამ მოქალაქეებს მუდმივად აკავებდნენ რუსი სამხედროები ე.წ. შემოვლით გზებზე. ეს გზებია ოტობაია-ორსანტია, ფიჩორი-განმუხური, საბერიო-ფახულანი, ხურჩა-ნაბაკევი და სხვა.

წლის მოვლენაა, ჩემი აზრით, ის რომ რუსმა სამხეროებმა დაიწყეს აფხაზეთში დემარკაცია, რომლის შედეგად სამოსახლო ეზოები გაიყო, მოსახლეობის თხილნარი და საყანე მიწების ნაწილი სამეგრელოს ტერიტორიაზეა, ნაწილი კი აფხაზეთის’’.

ეთერ თურაძე, “გაზეთ ბათუმელების” რედაქტორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა:

,,გვაქვს მუდმივი კონცერტების რეჟიმი. დაიწყო წელი გრანდიოზული კონცეტებით და მთავრდება კონცერტებით. მთელი წელი მიდოდა კონცერტების ანონსირება. ყველას ვისაც კი შევეკითხე ამ წელს მნიშვნელოვანი რა იყოთქო, ყველამ კონცერტები დაასახელა.

ის, რაც ქობულეთს და ბათუმს აწუხებს მთელი წელია, ქუჩების პრობლემაა. გადაითხარა მთლიანად ქუჩები და მიდის მათი რეაბილიტაცია. ოფიციალური ცნობებით, ეს  2013 წლამდე გაგრძელდება. მანამდე გაუსაძლისი სიტუაციაა ქუჩებში. ნაწილი გადაკეტილია სამუშაოების გამო, ამიტომ გადაადგილება ჭირს. თხრიან მიწისქვეშა სამუშაოებისთვის ქუჩებს და მერე ტოვებენ ისე, რაიმე მოპირკეთებითი სამუშაოს არ ატარებენ.

სეზონზე, როგორც ამბობენ, აჭარაში 800 000 ტურისტი ჩამოვიდა. ამიტომ ალბათ ეს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი იყო შემოსავლების თვალსაზრისით.

აჭარელი ჯაშუშების დაკავებას ქონდა ამ წელს დიდი რეზონანსი. სპეცოპერაცია ,,ენვერის’’ შედეგად 13 აჭარელი დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ხშირად მესმოდა, ამდენ სამშობლოს მოღალატეებს სულ აჭარაში რატომ აკავებენო? მახსოვს ასევე შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის კომენტარი, აბაშიძე იყო აჭარაში და ფესვები არის დარჩენილიო. ეს იყო სალაპარაკო თემა მთელი წლის განმავლობაში’’.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლიკა