საზოგადოება

ახალი წელი ამანათების გარეშე

31 დეკემბერი, 2010 • • 2112
ახალი წელი ამანათების გარეშე

თვეზე მეტია, რაც ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან საქართველოში ამანათებს ამ მომსახურების მქონე კომპანიების ნაწილი ვეღარ აგზავნის.

კონტეინერებით და ავტობუსებით საბერძნეთიდან და ესპანეთიდან საქართველოში თვის მანძილზე 80 ტონა ტვირთი ჩამოდიოდა.

ამანათებს, როგორც წესი, ემიგრანტები საქართველოში მცხოვრებ ნათესავებსა და ახლობლებს უზაგვნიდნენ.

წელს კი პირველი ახალი წელია, როცა ამანათების არც გამოგზავნა და არც მიღება მოხერხდა. ასეულობით ოჯახს საშობაო და საახალწლო საჩუქრებით და ტკბილეულით სავსე ამანათები არ მიუღიათ.

”დედა წლებია საბერძნეთში ცხოვრობს, ათი წელია  ყოველ შობას მიგზავნის ამანთებს, ტკბილეულს, ზეითუნის ზეთს, რა ვიცი, ყველაფერს. წელს პირველი წელია, როცა ბერძნული ნუგბარის გარეშე გვიწევს ოჯახში ახალი წლის შეხვედრა”,- ამბობს ნინო, 46 წლის.

ნეტგაზეთი საბერძნეთში ქართველ ემიგრანტებს დაუკავშირდა. ისინი ამბობენ, რომ ერთადერთი, რაც მოახერხეს, ფულის გამოგზავნაა.

რამდენიმემ შეძლო და ამანათები საქართველოში წამომსვლელებს გამოატანა.

კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხერხდება ამანათების გამოგზავნა, ცალსახა პასუხი არ არსებობს.

საქართველოს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ამანათების მიღება და მათი გამოგზავნა პრობლემა არ არის.

შემოსავლების სამსახურს მაგალითად რამდენიმე კომპანია მოყავს, რომლებსაც ამანათების მიღება–გამოგზავნაში პრობლემები არ შექმნიათ.

მათ შორის, ”ბარამი” და ”იუესეი თუ ჯორჯია”. ორივე კომპანია ამანათებს ამერიკიდან აგზავნის.

„იუესეი თუ ჯორჯიას“ მომსახურება ერთი კილოგრამ ტვირთზე 8 დოლარი ღირს. ისეთი კომპანიები, როგორებიცაა– ”თბილისი ტურსი” და სხვა, რომლებიც საბერძნეთის მარშრუტზე მუშაობენ, ერთ კილოგრამში დაახლოებით 2-3 ევროს იღებდნენ ადამიანებისგან.

საბერძნეთში, ქალაქ სალონიკის „თბილისი ტურსის“ ოფისში, ამბობენ, რომ არც მათი და არც სხვა ოფისებიდან ამანათები საქართველოში არ იგზავნება.

ლიზა შამანიდი, კომპანიის ოფის მენეჯერი ამბობს, რომ ტვირთის გადმოტანის პრობლემა სარფის საბაჟოსთან იქმნება.

”დადგინელება ან რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, რომ გამოგზავნის უფლება აღარ გვაქვს, არ მიგვიღია”, – ამბობს შამანიდი.

კონტეინერებით ტვირთი საბერძნეთიდან ბოლოს 20 ნოემბერს ჩამოვიდა. ნეტგაზეთთან საუბარში ერთ–ერთი ადამიანი, რომელსაც კონტეინერებით ამანათები ჩამოჰქონდა და რომელმაც ამჯერად ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურში დაიბარეს:

”ვაკუუმში ვართ, საერთოდ, არაფერი ვიცით, სოხაძე რომაა შემოსავლების სამსახურიდან, იმან დაგვიბარა და გვითხრა ამის (ტვირთის ჩამოტანის შეწყვეტის) შესახებ.“

სოხაძესთან კომპანიების წარმომადგენელის შეხვედრის შესახებ არ საუბრობს შემოსავლების სამსახური. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, ეს ისეთივე ჭორია, როგორც ძიძებზე გავრცელებული ამბავი (თითქოს ძიძები დააპატიმრეს, საშემოსავლო გადასახადების გადაუხდელობის გამო).

როგორც კომპანიებში ამბობენ, სარფის საბაჟოზე ამანათებით დატვირთულ კონტეინერებს აღარ უშვებენ. მძღოლების თქმით, გაფრთხილება ამანათებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურისგან მიიღეს.

ვერსიები, თუ რატომ არ უშვებენ ამანათებს საქართველოში, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

ვერსიებს შორის, რომლებიც ემიგრანტებში ვრცელდება, ამანათების ბიზნესში ახალი კომპანიის ჩანაცვლებაზეა საუბარი.

საბერძნეთის გავლით ამანათები კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან იგზავნება, მათ შორის, იტალიიდან და ესპანეთიდან.

სალონიკის „თბილისი ტურსის“ ოფისში ყოველ დღე ათობით ადამიანი მიდის, ერთადერთი კითხვით: ხომ არ გარკვეულა რაიმე?

გარდა იმისა, რომ ევროპის ქვეყნებში მყოფ ქართველ ემიგრანტებს ამანათების გამოგზავნა იმ ოფისებიდან, რომლებიც დღეს მათ აღარ აგზავნიან, პრობლემებს უქმნის, როგორც თავად ამბობენ, ამ კომპანიებისთვის ბიზნესი აღარ არის მომგებიანი.

ოფისის მენეჯერი ლიზა შამანიდი ამბობს, რომ მათთვის მგზავრობის ბილეთის საფასურზე მეტი მოგება  ამანეთებს მოჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი