ვაუჩერიზაცია, რომელსაც სკოლების ფინანსური დამოუკიდებლობა უნდა მოეტანა და ამის გამო საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოპტიმიზაცია განხორციელდა, რეალურად არ მუშაობს. საქართველოში არსებული სკოლების 70%–ზე მეტი განათლების სამინისტროდან გამოყოფილ სუბსიდიაზეა დამოკიდებული.
დურდანა აგაევამ რვა კლასის განათლება მარნეულის რაიონის სოფელ ახალომამუდლოს სკოლაში მიიღო. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალომამდლოს სკოლის ოპტიმიზაცია განხორციელდა, ამიტომ დურდანას წელს სწავლა არაფლოს სკოლაში უნდა გაეგრძელებინა, რომელიც მისი სახლიდან 5 კილომეტრითაა დაშორებული. სხვა ახალომამუდლოელი ბავშვების მსგავსად, დურდანას ეს მანძილი ყოველდღიურად ფეხით უნდა გაევლო.
”არავითარი პრობლემა არ არის. ბავშვები ძალიან ჯანმრთელები არიან და სპორტულად მომზადებულნი, ფეხით არ უჭირთ სიარული“, – ამბობს მარნეულის განათლების რესურს–ცენტრის ხელმძღვანელი ჩამანბარ ისმაილოვი ნეტგაზეთთან საუბარში.
ისმაილოვისგან განსხვავებით, პრობლემებზე საუბრობენ ახალომამუდლოელი მოსწავლეების მშობლები. ალი აგაევი, დურდანას მამა, ამბობს, რომ სოფელში, ვისაც მოზარდი გოგო ჰყავს, ერიდებიან ამ მანძილზე შვილის სკოლაში გაშვებას.
”აზერბაიჯანულ დასახლებაში გოგოს ხშირად იტაცებენ. ამის გამო არ ვუშვებ შვილს სკოლაში” – ამბობს ალი აგაევი, რომელმაც დურდანას, შექმნილი პრობლემების გამო, სწავლა მიატოვებინა.
ახალომამუდლოს სკოლის დირექტორი საიათ კასანოვის თქმით, სკოლის ოპტიმიზაცია სამინისტრომ არასწორად მოახდინა:
“ჩვენ 120 მოსწავლე გვყავდა, ვაუჩერული დაფინანსებით ვერ ვახერხებდით თავის შენახვას და ამიტომ განათლების სამინისტროსგან დამატებით ყოველთვიურად 1300 ლარს ვითხოვდით,“ – ამბობს კასანოვი.
განათლების ყოფილ მინისტრს გია ნოდიას მიაჩნია, რომ ვაუჩერიზაციას აზრი აქვს იქ, სადაც კონკურენციის შესაძლებლობაა: “სადაც ერთი სკოლაა მთელ რეგიონზე, იქ ვაუჩერული დაფინანსების აზრი მაინცდამაინც დიდი არ არის”, – ამბობს გია ნოდია.
მისივე თქმით, იმ პერიოდში, როდესაც ის განათლების მინისტრად მუშაობდა (2008 წელი), სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებდა სასკოლო ავტობუსების პროგრამა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სკოლებში უხდებოდათ სიარული: „თუმცა პრობლემა იყო ის, რომ სკოლებს ჰქონდათ ავტობუსი, მაგრამ უჭირდათ, რომ ემუშავათ ამ ავტობუსებს, იმის გამო, რომ სკოლებს არ ჰქონდათ ფული ავტოტრანსპორტის რემონტისთვის, საწვავისთვის,“ – ამბობს ნოდია.
მისივე თქმით, ასეთ სკოლებს სამინისტრო ფინანსურად ეხმარებოდა:
“ცხადია, ვაუჩერული დაფინანსება არ ჰყოფნიდათ და დამატებით ვაძლევდით რეგიონების სკოლებს ფულს,”– ამბობს ნოდია.
მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალომამუდლოს სკოლის დამატებით დაფინანებაზე უარი თქვა, არ ნიშნავს, რომ სამინისტროს ანალოგიური პოზიცია აქვს ყველა სხვა სკოლასთან მიმართებაში.
თიანეთში 13 საჯარო სკოლაა, აქედან 12 – მცირეკონტიგენტიანია. კანონის მიხედვით, მცირეკონტიგენტიანებად ითვლებიან ის სკოლები, რომლებიც ვაუჩერული დაფინანსებით თავს ვერ ინახავენ. მცირეკონტიგენტიან სკოლებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო ორი ტიპის მიდგომას იყენებს ხოლმე – ოპტიმიზაციას (როგორც ეს ახალომამუდლოს სკოლის შემთხვევაში მოხდა), ან დამატებით დაფინანსების გამოყოფას.
თიანეთის საგანმანათლებლო რესურს–ცენტრში ამბობენ, რომ სკოლების ოპტიმიზაცია რეგიონში ვერ მოხერხდება, რადგან ისინი ერთმანეთისგან 25 კილომეტრით არიან დაშორებულნი.
”ავტობუსი არ არის და ბავშვები ფეხით დადიან, ზოგიერთ სკოლამდე მოსწავლეს 8 კილომეტრის ფეხით გავლა უწევს, ჩვენთან არ არსებობს ტრანსპორტი, რომელიც სოფლიდან სოფელში დადის. ხშირ შემთხვევაში, ბავშვები სკოლასთან მდებარე ოჯახებში რჩებიან პარასკევამდე, ძალიან ხშირია გაცდენები,” – ამბობს რესურს–ცენტრის დირექტორი ნონა ფეტვიაშვილი.
ამიტომაც თიანეთის მცირეკონტიგენტიან სკოლებს განათლების სამინისტრო ფინანსურად ყოველთვიურად ეხმარება.
თიანეთის სოფელ ღულეების საჯარო სკოლაში 87 ბავშვი სწავლობს. ვაუჩერული დაფინანსებით სკოლის წლიური შემოსავალი 55 245 ლარია. მხოლოდ პედაგოგების ხელფასებისთვის სკოლას თვეში 7900 ლარი ჭირდება.
“ყოველთვიურად მაქვს 3996 ლარის დანაკლისი, რომ გავცე ხელფასები და ამ თანხას მივსებს განათლების სამინისტრო,” – ამბობს თამაზ არაბული, ღულეების სკოლის დირექტორი.
სიმონ ჯანაშია, ექსპერტი განათლების საკითხებში, ამბობს, რომ ვაუჩერული დაფინანსება რეალურად არ მუშაობს.
“ჩემი აზრით, ვაუჩერების სისტემა იმ მიზნებს ვერ ასრულებს, რაც თავიდან იყო ჩადებული,“ – ამბობს სიმონ ჯანაშია.
ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის მთავარ პრიორიტეტად სისტემის დეცენტრალიზაცია 2004 წლიდან გამოცხადდა. 2005 წელს ზოგადი განათლების შესახებ მიღებული კანონის მიხედვით, სკოლებმა მიიღეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და მათ ფინანსური დამოუკიდებლობა მიენიჭათ. საჯარო სკოლების სამართავად სამეურვეო საბჭოები შეიქმნა, სკოლა ავტონომიური ერთეული გახდა და გადავიდა ვაუჩერულ დაფინანსებაზე. რეფორმის შედეგად თითოეულ მოსწავლეს ეძლევა ვაუჩერი, რომელზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხაა დარიცხული: მისი ვაუჩერი გადაეცემა იმ სკოლას, რომელშიც მოსწავლე მიდის. სწორედ ამ ვაუჩერებით ფინანსდება თითოეული სკოლის ბიუჯეტი. სამეურვეო საბჭოები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ სახელმწიფოსგან მიღებული ვაუჩერული დაფინანსების განაწილების საკითხებს.
ვაუჩერის ღირებულება, 2005 წლის 14 ოქტომბრის მთავრობის დადგენილებით, შემდეგი ოდენობით განისაზღვრა: ქალაქის საჯარო სკოლაში თითოეულ მოსწავლეზე წელიწადში 345 – 415 ლარი (სკოლაში მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით), სოფლის/დაბის სკოლაში – 475- 545 ლარი; მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სკოლაში – 565 -635 ლარი.
“მთელი პრინციპი ვაუჩერიზაციის ის იყო, რომ სკოლებს ხარჯების ოპტიმიზაცია მოეხდინათ და საკუთარი ბიუჯეტი დაეგეგმათ, მაგრამ პრობლემა გახდა ის, რომ ხარჯები სკოლებს გაუზარდეს (მაგალითად, სახელმწიფო უდგენს სკოლებს მასწავლებლების მინიმალურ ხელფასს), ვაუჩერის ღირებულება კი – არა,” – ამბობს სიმონ ჯანაშია.
შესაბამისი კანონიდან გამომდინარე, მასწავლებლის შრომა საათობრივად ანაზღაურდება – 15-18 ლარის ოდენობით (სტაჟის მიხედვით), წლევანდელი სასწავლო წლიდან მოქმედებს სამინისტროს მითითება, რომლის მიხედვითაც, მასწავლებელი მინიმუმ 18 საათით უნდა იყოს დატვირთული. ამდენად, მიმდინარე სასწავლო წლიდან მასწავლებლის მინიმალური ხელფასი სამინისტროს მიერ თვეში 300 ლარით განისაზღვრა.
“ამიტომ სკოლები წავიდნენ მინუსში“ – ამბობს სიმონ ჯანაშია. მისივე თქმით, ვაუჩერული დაფინანსების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ შექმნილიყო კონკურენცია სკოლებს შორის და აქედან გამომდინარე, განხორციელებულიყო სკოლების ოპტიმიზაცია: ის სკოლები, რომლებიც ვერ გაუძლებდნენ კონკურენტულ გარემოში არსებობას, თავისთავად დაიხურებოდნენ.
”სამინისტრო სკოლების დამატებითი დაფინანსებით კლავს კონკურენციას” – ამბობს სიმონ ჯანაშია.
თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის #144 და #75 საჯარო სკოლების ხელმძღვანელები ერთმანეთს კონკურენტებად არ განიხილავენ. მართალია, 144-ე სკოლისგან განსხვავებით (სადაც 563 მოსწავლე სწავლობს და 44 მასწავლებელი ასწავლის), 75-ე სკოლა (სადაც 240 მოსწავლე სწავლობს და 23 პედაგოგი ასწავლის) საკუთარი სახსრებით – ანუ ვაუჩერებითა და შემოწირულობებით თავის შენახვას ვერ ახერხებს, მაგრამ მას სამინისტრო ეხმარება ყოველთვიურად 1100-1300 ლარით.
”800-1000 ლარამდე გვიმატებს სამინისტრო ყოველთვიურად მასწავლებლების ხელფასებისათვის, 300 ლარი ირიცხება წვრილწვრილი ხარჯებისთვის – წყალი, საკანცელარიო ხარჯები, ტელეფონის გადასახადი” – ამბობს 75-ე სკოლის დირექტორი ხათუნა ყაველაშვილი.
“როცა სამინისტრო უმატებს თანხას, მაშინ შეიძლება სკოლამ გაზარდოს ხარჯები განუსაზღვრელად და თქვას, რომ ამდენი დაეხარჯა გათბობაში და ვერავინ დაადგენს, სინამდვილეში რამდენი უნდა ეხარჯებოდეს. ვაუჩერულ დაფინანსებას სწორედ თანხების ოპტიმიზაცია უნდა მოყოლოდა და სკოლებს ფინანსურ დამოუკიდებლობისთვის უნდა მიეღწია და არა ის, რაც ახლა ხდება: სკოლის დირექცია წარმოადგენს საკუთარ ხარჯებს და შემდეგ სამინისტრო უმატებს,“ – ამბობს სიმონ ჯანაშია.
მისივე თქმით, სამინისტროს დღეს აკლია პოლიტიკური ნება, რომ საჯარო სკოლების კონკურენტულ გარემოში განვითარებას შეუწყოს ხელი, რაც გულისხმობს, სხვა საკითხებთან ერთად, იმ სკოლების დახურვასაც, რომლებიც თვითდაფინანსებას ვერ ახერხებენ.
”მაგალითად, სკოლა, რომელიც თავს ვერ ინახავს ვაუჩერით, არ დაიხურება იმიტომ, რომ რომელიმე გავლენიანი გამგებელი იტყვის, თუ დახურავთ, მერე არჩევნებს ვეღარ მოვიგებთ,” – ამბობს სიმონ ჯანაშია.
განათლების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში მთლიანობაში 10 სკოლის ოპტიმიზაცია განხორციელდა. დღესდღეობით საქართველოში 2134 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, აქედან 1500 მცირეკონტიგენტიანია, რომლებიც დამოუკიდებლად, მხოლოდ ვაუჩერული დაფინანსებით თავს ვერ ინახავენ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს მიაჩნია, რომ ვაუჩერული დაფინანსება არის ერთადერთი სწორი გზა საჯარო სკოლების დასაფინანსებლად.
“სამწუხაროდ, არის მცირეკონტიგენტიანი სკოლები, რომლებიც ვერ ახერხებენ ვაუჩერებით დაფინანსებას და ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ,” – განუცხადა შაშკინმა ნეტგაზეთს, თუმცა მეტი კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა.
განათლების სამინისტროდან არ იძლევიან ინფორმაციას, თუ რა უჯდება სამინისტროს ბიუჯეტს სკოლების დამატებით დაფინანსება. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ სამინისტრო ზაფხულის პერიოდში დამატებით 1200-მდე, ზამთარში კი 1400-მდე სკოლას უყოფს დაფინანსებას.