ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, გორში პოლიციის მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გადაჰყავს დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადას მანქანით.

გორში პოლიციელების მიერ ჯგუფურად ნაცემ პაპუნა ლოცულაშვილს მრავლობითი დაზიანება აქვს, მათ შორის მოტეხილი აქვს ნეკნი. მან წუხანდელი ღამე საავადმყოფოში გაატარა, თუმცა მოგვიანებით სახლში გაწერეს. სწორედ სახლში გახდა ცუდად, რის გამოც სასწრაფოს დახმარება დასჭირდა.

27 მაისს გორში, კომბინატის დასახლებაში, პოლიციელებმა ჯგუფურად იძალადეს 28 წლის პაპუნა ლოცულაშვილზე. პოლიციელთა ძალადობის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ, „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა.

გორში პოლიციელების მიერ ნაცემი მოქალაქის მეგობარი, ლაშა აბისონაშვილი ამბობს, რომ ნაცემი 28 წლის კაცი საქართველოს ბანკის თანამშრომელია, რომელიც შესვენებაზე იყო გამოსული და ფეხით მიმავალს პოლიციამ მანქანით ავარიული სიტუაცია შეუქმნა, კინაღამ დააჯახა, რასაც შელაპარაკება და კონფლიქტი მოჰყვა, რაც მასზე ფიზიკური ძალადობით დასრულდა.

ნაცემია თავად ლაშა აბისონაშვილიც პოლიციელები მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც თავად ამბობს, ის სიტუაციის გასარკვევად და გასანეიტრალებლად მივიდა.

ლოცულაშვილი თავდაპირველად დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.

ამ საქმეზე გამოძიება ორი სხვადასხვა მუხლით მიმდინარეობს, ერთი უშუალოდ პოლიციელების წინააღმდეგ არის მიმართული, ხოლო მეორე – დაზარალებულის.

შსს-ს ინფორმაციით, ლოცულაშვილის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციაზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს.

უშუალოდ პოლიციის მხრიდან ჩადენილ ძალადობაზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ – ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ისჯება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით. პროკურატურამ განაცხადა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე მხოლოდ ექვსი პოლიციელი დააკავეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჯგუფურ ძალადობაში 6-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობს.