გორში პოლიციელების მიერ ჯგუფურად ნაცემი პაპუნა ლოცულაშილის ძმა, გიგლა ლოცულაშვილი ძმის სახელით განცხადებას ავრცელებს.
„მოგესალმებით ყველას ვინაიდან ჩემს ძმას არ გაჩნია სოციალური ქსელი გიზიარებთ ჩემი ძმის აზრს.
დიდი მადლობა ვინც გულწრფელი მხარდაჭერა გამოხატა ჩემდამი.
რაც მოხდა საშინელება იყო. მთავარი არის ის, რომ ეს ადამიანები დღეს უკვე დასჯილები არიან.
მინდა მივმართო იმ ადამიანებს , ვინც ამ ამბით სათავისოდ გამოყენებას ცდილობს და ჩემი ამბით გამოჩენა უნდა ნუ გამოიყენებთ ჩემს მდგომარეობას თქვენს სასიკეთოდ.
სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად და ეს ფაქტი რაც მოხდა, მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც ასე მოიქცევა“, – ნათქვამია განცხადებაში.
29 წლის პაპუნა ლოცულაშვილს პოლიციელები ჯგუფურად, ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა 27 მაისს გორში, კომბინატის დასახლებაში მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ, “ქართლის ამბებმა” გაავრცელა.
ლოცულაშვილის მეგობარი, ლაშა აბისონაშვილი, რომელიც მომხდარის თვითმხილველია, ამბობს, რომ ლოცულაშვილის სამსახურიდან შესვენებაზე იყო გამოსული, როცა პოლიციელმა მასზე მანქანა „მიუშვა და ხელი გაუქნია“. ამას ჯერ შელაპარაკება მოჰყვა, შემდეგ კი, როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, პოლიციელებმა მასზე ჯგუფურად იძალადეს. პოლიციელებმა სცემეს თავად აბისონაშვილიც, რომელიც “სიტუაციის განეიტრალებას” ცდილობდა. შსს-ს ვერსიით, პოლიციელებმა ლოცულაშვილი გადამოწმების მიზნით გააჩერეს, “რა დროსაც გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე”. შს მინისტრის მოადგილის, დიდი ბრიტანეთს მიერ დასანქცირებული ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ლოცულაშვილმა „ქვის გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა“.
ამ ეტაპზე შსს-ში ორი გამოძიება მიმდინარეობს – ერთი, ინციდენტში მონაწილე პოლიციელების მიმართ, მეორე, თავად პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ. ამ უკანასკნელის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
