სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ეხმაურება 27 მაისს პოლიციის მხრიდან პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას და მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევა არის დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ნორმალიზებულ პრაქტიკად დამკვიდრების მორიგი მკაფიო დადასტურება.

„როგორც აღინიშნა, 28 მაისს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმეზე 6 პოლიციელია დაკავებული. ბუნდოვანია, რის საფუძველზე დააკავეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებიდან მხოლოდ 6 პირი, დანარჩენები კი ამ დრომდე სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩებიან.

პროკურატურის გადაწყვეტილებაში პრობლემურია თავად დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხიც. ექვსივე დაკავებულს ბრალდება შედარებით მსუბუქი, ზოგადი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით მოხდა და პროკურატურამ არ გამოიყენა სპეციალური (წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) კვალიფიკაციები, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით არის განსაზღვრული. მიმდინარე გამოძიების სათანადო მუხლით კვალიფიკაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული საქმის ეფექტიანი გამოძიების კუთხით ადამიანის უფლებათა სამართლის პრიზმიდან, არამედ ასევე არსებითია სასჯელის როგორც სპეციალური, ისე გენერალური პრევენციის მიღწევის მიზნებისთვის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს წამების აკრძალვის პრინციპის რეალური და ქმედითი აღსრულებისთვის.

ამდენად, არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ გამოძიება, როგორც წესი, რეაგირებს მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას და მტკიცებულებების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, ხოლო სისტემური პასუხისმგებლობის საკითხს კვლავ უგულებელყოფს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს არა მხოლოდ მედიაში ძალადობის კადრების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, არამედ ასევე დააყენოს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც იმ სისტემურ, დაუსჯელ ძალადობაზე, რისი თანმდევი შედეგიც არის პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობა“, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

 

27 მაისს გორში, კომბინატის დასახლებაში, პოლიციელებმა ჯგუფურად იძალადეს 28 წლის პაპუნა ლოცულაშვილზე. პოლიციელთა ძალადობის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ, „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა.

გორში პოლიციელების მიერ ნაცემი მოქალაქის მეგობარი, ლაშა აბისონაშვილი ამბობს, რომ ნაცემი 28 წლის კაცი საქართველოს ბანკის თანამშრომელია, რომელიც შესვენებაზე იყო გამოსული და ფეხით მიმავალს პოლიციამ მანქანით ავარიული სიტუაცია შეუქმნა, კინაღამ დააჯახა, რასაც შელაპარაკება და კონფლიქტი მოჰყვა, რაც მასზე ფიზიკური ძალადობით დასრულდა.

ნაცემია თავად ლაშა აბისონაშვილიც. პოლიციელები მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც თავად ამბობს, ის სიტუაციის გასარკვევად და გასანეიტრალებლად მივიდა.

ლოცულაშვილი თავდაპირველად დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. ადვოკატის ინფორმაციით მის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან, გორში მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ – ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ისჯება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით. მომხდარიდან მეორე დღეს კი, პროკურატურამ განაცხადა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე მხოლოდ ექვსი პოლიციელი დააკავეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჯგუფურ ძალადობაში 6-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობს.

ამავე თემაზე: