გორში პოლიციელების მიერ ჯგუფურად ნაცემ პაპუნა ლოცულაშვილს მრავლობითი დაზიანება აქვს, მათ შორის მოტეხილი აქვს ნეკნი.

ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა ლალი ცირეკიძემ „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა. ცემიდან თითქმის 12 საათის შემდეგ გადაიყვანეს პაპუნა ლოცულაშვილი გორიდან თბილისში, „ვივამედის“ კლინიკაში.

„აღენიშნებოდა ტკივილი კისრის მიდამოში და თავის არეში. ზოგადი დაჟეჟილობის კლინიკური სურათი იყო. პაციენტს აქვს თავის ზედაპირული ტრავმა, ამავე დროს აღენიშნებოდა გულ-მკერდზე მარჯვნივ მეორე ნეკნის მოტეხილობა და მარჯვნივ სხივ-მაჯის სახსრის დაჟეჟილობა და ღრძობა“, – აცხადებს ექიმი.

27 მაისს გორში, კომბინატის დასახლებაში, პოლიციელებმა ჯგუფურად იძალადეს 28 წლის პაპუნა ლოცულაშვილზე. პოლიციელთა ძალადობის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ, „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა.

გორში პოლიციელების მიერ ნაცემი მოქალაქის მეგობარი, ლაშა აბისონაშვილი ამბობს, რომ ნაცემი 28 წლის კაცი საქართველოს ბანკის თანამშრომელია, რომელიც შესვენებაზე იყო გამოსული და ფეხით მიმავალს პოლიციამ მანქანით ავარიული სიტუაცია შეუქმნა, კინაღამ დააჯახა, რასაც შელაპარაკება და კონფლიქტი მოჰყვა, რაც მასზე ფიზიკური ძალადობით დასრულდა.

ნაცემია თავად ლაშა აბისონაშვილიც პოლიციელები მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც თავად ამბობს, ის სიტუაციის გასარკვევად და გასანეიტრალებლად მივიდა.

ლოცულაშვილი თავდაპირველად დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. ადვოკატის ინფორმაციით, მის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან, გორში მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ – ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ისჯება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით. მომხდარიდან მეორე დღეს კი, პროკურატურამ განაცხადა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე მხოლოდ ექვსი პოლიციელი დააკავეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჯგუფურ ძალადობაში 6-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობს.