კვირას, 12 აპრილს, უნგრეთში არჩევნებია. ქვეყანა ახალ ხელისუფლებას ირჩევს. POLITICO-ზე დაყრდნობით, გთავაზობთ სტატიას, რა უნდა იცოდეთ, თუ ეს არჩევნები და მისი შედგები გაინტერესებთ.

გაფრთხილებთ: ეს კონკურსი საკმაოდ რთულ მათემატიკას მოიცავს.


უნგრელები კვირას მიდიან საარჩევნო უბნებზე ისეთ არჩევნებში, რომელმაც შესაძლოა წერტილი დაუსვას პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის 16-წლიან მმართველობას.

ამ საარჩევნო რბოლას მთელ მსოფლიოში ყურადღებით აკვირდებიან ორბანის უზარმაზარი გავლენის გამო, რადგან ის არის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარი მოკავშირე ევროკავშირში.

ორბანი “ქართული ოცნების” მეგობარიცაა, რომელმაც დიდწილად უზრუნველყო ის, რომ აქციების ძალადობრივი დარბევების მიუხედავად ევროკავშირმა ვერ მოახერხა პასუხისმგებელი პირების სანქცირება (ნეტ.).

როგორც ვაშინგტონში, ისე მოსკოვში, უნგრელი ლიდერის წასვლა უკუსვლად აღიქმება. მას პირდაპირ უჭერენ მხარს ტრამპი და MAGA-ს მოკავშირეები, რომლებიც მას თავიანთი იდეოლოგიისა და პოლიტიკური პლატფორმის პიონერად ხედავენ. რუსეთის მხრივ კი ორბანმა დაამტკიცა თავისი სარგებლიანობა ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდამჭერი ზომების შეფერხებითა და დაბლოკვით.

POLITICO-ს გამოკითხვების აგრეგატორი (Poll of Polls) მიუთითებს, რომ პრემიერ-მინისტრი ახლა პრობლემების წინაშეა, რადგან მისი კონკურენტი პეტერ მაგიარი და მისი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „ტისა“ (Tisza) კომფორტული უპირატესობით სარგებლობენ.

თუმცა გამოკითხვების რიცხვები ყოველთვის არ ნიშნავს საპარლამენტო მანდატებს — განსაკუთრებით უნგრეთის რთულ საარჩევნო სისტემაში. ამომრჩეველთა უმეტესობა ხმას მისცემს როგორც მაჟორიტარ კანდიდატს, ისე პარტიულ სიას. ამას ემატება ისიც, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრები მმართველი პარტიის სასარგებლოდ არის გადახაზული და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზღვარგარეთიდან შემოსული ხმებიც.

ამ საარჩევნო რბოლაში გარკვევა არც ისე მარტივია, მაგრამ აქ არის ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ პირველი შედეგების გამოცხადებამდე.

ხმის მიცემის ლოჯისტიკა

საარჩევნო უბნები 12 აპრილს, დილის 6 საათზე იხსნება და საღამოს 7 საათზე იხურება. ამომრჩევლები, რომლებიც უბნების დახურვის დროისთვის უკვე რიგში დგანან, ხმის მიცემას მაინც შეძლებენ. ხმის მიცემის უფლება აქვს უნგრეთის ყველა მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან; ასევე, 16 წელს ზემოთ პირებსაც, თუ ისინი დაქორწინებული არიან.

უმეტესობა ორ ხმას მისცემს: ერთს — მაჟორიტარ კანდიდატს საკუთარ ოლქში; მეორეს — პარტიულ სიას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს. ამომრჩევლებს, რომლებიც რეგისტრირებულ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან, შეუძლიათ ხმა მისცენ ეროვნულ უმცირესობათა სიასაც — თუმცა, იმ რაოდენობის ხმები, რომ საკუთარი წარმომადგენელი აირჩიონ, მხოლოდ გერმანულ და ბოშურ უმცირესობებს აქვთ.

რას ამბობენ გამოკითხვები

უნგრული გამოკითხვები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან იმის მიხედვით, თუ რომელი ორგანიზაციები ატარებენ ან უკვეთავენ მათ.

POLITICO-ს Poll of Polls აერთიანებს სხვადასხვა ორგანიზაციის მონაცემებს. მისი პროგნოზებით სიტუაცია ასეთია:

  • Tisza (მაგიარი): 49%
  • Fidesz (ორბანი): 39%
  • MH: 5%
  • MKKP: 4%
  • DK: 3%

POLITICO-მ გამორიცხა ზოგიერთი გამოკითხვა, რადგან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ შერჩევის ზომის, მეთოდოლოგიის ან დაფინანსებისა და დაკვეთების გამჭვირვალობის კრიტერიუმებს. ეს მონაცემებიც რომ გაეთვალისწინებინათ, ორ პარტიას შორის სხვაობა შემცირდებოდა, მაგრამ სიტუაცია ორბანის სასარგებლოდ მაინც არ შეიცვლებოდა.

მიუხედავად ამისა, ხმის მიცემის განზრახვის შესახებ გამოკითხვები იშვიათად ემთხვევა არჩევნების ზუსტ შედეგებს და, უნგრეთის (თავგზისამბნევი) საარჩევნო სისტემისა და მანიპულაციურად გადანაწილებული ოლქების პირობებში, ხმების პროცენტული წილი საბოლოო პოლიტიკურ წონას არ უდრის.

თვალსაჩინო მაგალითი

ჯერ კიდევ 2022 წელს გამოკითხვები ორბანსა და მის მაშინდელ კონკურენტს, პეტერ მარკი-ზაის შორის მჭიდრო ბრძოლას წინასწარმეტყველებდნენ. თუმცა საბოლოოდ „ფიდესმა“ პარტიული სიით ხმების უზარმაზარი, 54 პროცენტი მიიღო (ოპოზიციის 34 პროცენტთან შედარებით) და 106 მაჟორიტარული ოლქიდან 87 მოიგო.

ამ შედეგმა „ფიდესს“ 199 საპარლამენტო მანდატიდან 135 — ანუ 67.8 პროცენტი მოუტანა. და ეს იმრე რიტერის გარეშე (გერმანელი უნგრელების წარმომადგენელი და Fidesz-ის ყოფილი წევრი), რომელიც ტრადიციულად მმართველ კოალიციას უჭერს მხარს.

დათვლის რთული მექანიზმები

უნგრეთის პარლამენტში 199 ადგილია, საიდანაც 106 მაჟორიტარული ოლქებიდან ივსება. ამ რბოლის გაგება მარტივია: კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, მანდატს იგებს.

დარჩენილი 93 ადგილი ქვეყნის მასშტაბით პარტიული სიებით ივსება — და სწორედ აქ რთულდება ყველაფერი.

პარტიული სიით მანდატების მიღების უფლება მხოლოდ იმ პარტიებს აქვთ, რომლებიც ხმების მინიმუმ 5 პროცენტს მიიღებენ. თუმცა ამ მანდატების გამოთვლა მხოლოდ პარტიული სიის ხმებს არ ეფუძნება. ეს ძალიან მარტივი იქნებოდა. ნაცვლად ამისა, 93 მანდატის ხმების დათვლაში შედის 106 მაჟორიტარულ ოლქში მიცემული ხმების ნაწილიც. ეს მოიცავს არა მხოლოდ იმ ხმებს, რომლებიც დამარცხებულ კანდიდატებს ერგოთ, არამედ იმ ხმებსაც, რომლებიც გამარჯვებულ კანდიდატებს არ სჭირდებოდათ უახლოეს კონკურენტზე უპირატესობის მოსაპოვებლად! ეს არის 2011 წლის რეფორმის შედეგი, რომელსაც მას შემდეგ სისტემაში „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი“ ელემენტის ჩანერგვაში ადანაშაულებენ.

[toggle title=”ეს მექანიზმი ახსნილი უფრო მარტივი ენით – დააკლიკეთ”]

წარმოიდგინე, რომ არჩევნები არის დიდი სამაგიდო, სტრატეგიული თამაში, სადაც პარტიები აგროვებენ ქულებს (ხმებს), რათა პარლამენტში რაც შეიძლება მეტი სკამი (მანდატი) მიიღონ.

აქ ორი მთავარი წესი გვაქვს:

  1. 5%-იანი ბარიერი: თუ პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოთამაშეების (ამომრჩევლების) 5%-ის მხარდაჭერაც კი ვერ შეაგროვა, ის საერთო ჯილდოს საერთოდ ვერ მიიღებს.

  2. „ჯადოსნური ყულაბა“ პარლამენტში 93 ადგილი ნაწილდება პარტიების საერთო რეიტინგის (პარტიული სიის) მიხედვით. მაგრამ ამ რეიტინგს (ანუ ყულაბას) მხოლოდ პირდაპირ პარტიისთვის მიცემული ხმები კი არ ავსებს, არამედ კონკრეტული უბნებიდან (მაჟორიტარული ოლქებიდან) მორჩენილი „ბონუს-ხმებიც“.

წარმოიდგინე ერთი საარჩევნო უბანი, სადაც იბრძვის ორი კანდიდატი:

  • აჩიკო (მმართველი პარტიიდან)

  • ნინო (ოპოზიციური პარტიიდან)

არჩევნები დასრულდა ასე: აჩიკომ მიიღო 100 ხმა, ნინომ — 80 ხმა.

  • რა ემართება დამარცხებულის ხმებს? ნინომ წააგო ამ უბანში. ბევრ სხვა ქვეყანაში მისი 80 ხმა უბრალოდ ჰაერში გაქრებოდა და დაიკარგებოდა. უნგრეთში კი ეს ხმები არ იკარგება — ის მიდის ნინოს პარტიის „საერთო ყულაბაში“, რათა 93 ადგილიდან მაინც შეხვდეთ რამე. ეს თითქოს სამართლიანია, დამარცხებულს ამით ანუგეშებენ.

  • რა ემართება გამარჯვებულის ხმებს? (მთავარი ხრიკი) აჩიკომ ხომ 100 ხმა მიიღო, მაგრამ უბანში მოსაგებად მას ნინოზეე მხოლოდ 1 ხმით მეტი, ანუ 81 ხმაც ეყოფოდა. გამოდის, აჩიკოს 19 „ზედმეტი“ ხმა აქვს (100-ს გამოკლებული 81). უნგრული სისტემით, გამარჯვებული პარტია ამ ზედმეტ ხმებსაც არ კარგავს! ეს 19 ხმა მიდის აჩიკოს გამარჯვებული პარტიის „საერთო ყულაბაში“.

რატომ ეძახიან ამას „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი“?

იმიტომ, რომ გამარჯვებული პარტია (ამ შემთხვევაში აჩიკოს პარტია) ფაქტობრივად ორმაგად იგებს:

  1. მან უკვე მოიგო კონკრეტული უბანი და ერთი გარანტირებული სკამი პარლამენტში უკვე დაიდგა.

  2. პლუს ამას, მისი კანდიდატის მიერ მოპოვებული „ზედმეტი“ ხმები გროვდება და ემატება პარტიულ სიას, რაც მათ ეხმარება, რომ იმ საერთო 93 ადგილიდანაც ყველაზე მეტი წაიღონ.

ეს არის სისტემა, სადაც ისედაც ძლიერი პარტია არა მარტო იგებს ადგილებს, არამედ თავისი დიდი გამარჯვებისთვის დამატებით „პრემიასაც“ იღებს ხმების სახით. სწორედ ამიტომ აკრიტიკებენ ამ რეფორმას – ის ძალიან უმცირებს შანსებს სუსტ ან პატარა პარტიებს.

მანდატები პროპორციულად ნაწილდება დ’ონტის (D’Hondt) სისტემის მიხედვით, მაგრამ ეროვნული უმცირესობების სიის კანდიდატებისთვის ბარიერი უფრო დაბალია.

დ’ონტის (D’Hondt) მეთოდი არის მათემატიკური ფორმულა, რომელიც გამოიყენება პროპორციულ საარჩევნო სისტემებში პარლამენტის წევრების ან დეპუტატების მანდატების გასანაწილებლად.

მისი მიზანია, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მაქსიმალურად ზუსტად (თუმცა გარკვეული თავისებურებებით) გადათარგმნოს საპარლამენტო სკამების რაოდენობაში. ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება ევროპის ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც (სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვარიაციით).

[/toggle]

შედეგების დრო

მაჟორიტარული არჩევნების შედეგები, როგორც წესი, პირველი ცხადდება, ხოლო პარტიული სიის ხმების გადანაწილება მთელი ღამის განმავლობაში ცვალებადია რთული მათემატიკის გამო.

უნგრეთის საარჩევნო ბიურომ განაცხადა, რომ ხმების დათვლა საღამოს 7 საათზე, უბნების დახურვისთანავე დაიწყება, პირველად წინასწარ შედეგებს კი საღამოს 8 საათიდან ელიან.

ბიუროს პროგნოზით, კვირა ღამეს დაითვლიან პარტიული სიის ხმების 95%-მდე და მაჟორიტარული ხმების 97%-მდე, თუმცა გააფრთხილეს, რომ ხმების 100%-ის დათვლას შესაძლოა ერთ კვირამდეც დასჭირდეს. პარლამენტის მანდატების ახალი გადანაწილების პირველ პროგნოზებს შუაღამისას უნდა ველოდოთ.

ხმები საზღვარგარეთიდან

უნგრელებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, შეუძლიათ ფოსტით მისცენ ხმა, მაგრამ მხოლოდ საერთო-ეროვნული პარტიული სიებისთვის.

ეს ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენები 2018 წელს საკმარისი აღმოჩნდა ერთი საპარლამენტო მანდატის ბედის გადასაწყვეტად, 2022 წელს კი — ორის. ახლა კი ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ფოსტის ხმებმა შესაძლოა კვლავ გადაწყვიტოს ორი მანდატის ბედი, რაც მჭიდრო კონკურენციის პირობებში კრიტიკული მნიშვნელობის იქნება.

წინა ორ არჩევნებზე ფოსტით მიცემულმა ხმებმა უდიდესი უპირატესობა ორბანს მიანიჭა. 2022 წელს Fidesz-მა ფოსტით მიცემული ხმების 90 პროცენტზე მეტი მიიღო, ხოლო 2018 წელს — დაახლოებით 225,000 ხმიდან 216,500-ზე მეტი. სწორედ ამის გამო ოპოზიციური პარტიები წარსულში მოითხოვდნენ, რომ არარეზიდენტ უნგრელებს ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვათ.

წელს ფოსტით ხმის მისაცემად თითქმის 500 000 ადამიანი დარეგისტრირდა (რაც სარეკორდო მაჩვენებელია), მათგან ბევრი რუმინეთსა და სერბეთში ცხოვრობს. მთავრობის მონაცემებით, ხუთშაბათის მდგომარეობით (სტატიის დაწერის მომენტში), 230 000-ზე მეტი ხმა უკვე მიღებული იყო.

რუმინეთში ყველაზე დიდი უნგრული პარტია, „უნგრელთა დემოკრატიული ალიანსი რუმინეთში“, ღიად უჭერს მხარს Fidesz-ს, ხოლო პარტიის ლიდერმა ჰუნორ კელემენმა ტრანსილვანიაში მცხოვრებ უნგრელ-რუმინელებს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის დასაწყისში მაგიარი შეეცადა სლოვაკეთში მცხოვრები უნგრელების გულის მოგებას ახალი სლოვაკური კანონმდებლობის კრიტიკით. ეს კანონმდებლობა ეხება საკამათო „ბენეშის დეკრეტებს“ — მეორე მსოფლიო ომის დროინდელ კანონებს, რომლებმაც ეთნიკურ უნგრელებსა და გერმანელებს იმდროინდელ ჩეხოსლოვაკიაში მოქალაქეობა და ქონება ჩამოართვა.

პარალელურად, უნგრეთის მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მაგრამ მაინც აქვთ რეგისტრაცია ქვეყნის შიგნით, შეუძლიათ ხმა მისცენ საელჩოებში ან საკონსულოებში. ეს დემოგრაფიული ჯგუფი, როგორც წესი, უფრო მეტად ოპოზიციურ პარტიებს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა მათი ბიულეტენები შიდა ხმებთან ერთად ითვლება (როგორც პარტიული სიებისთვის, ასევე მაჟორიტარული ოლქებისთვის).

წელს ამომრჩეველთა სარეკორდო რაოდენობამ აირჩია ეს ვარიანტი: საზღვარგარეთ ხმის მისაცემად 90,734 ადამიანი დარეგისტრირდა. პარტია „ტისამ“ კი სპეციალური ვებსაიტი შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს ამ ჯგუფის საარჩევნო უბნებზე მიზიდვას.