ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდადებულ ორ არასრულწლოვანს — ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს — 14-14 წლით პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს — 9 წლით.

გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდადებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებენ, დემეტრე ჩიქოვანი კი — 6 წელსა და 9 თვეს.

28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს 2025 წლის პირველ ოქტომბერს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. ის 24 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. ამ ეტაპზე 4 არასრულწლოვანია დაკავებული. გამოძიების ვერსიით, უშუალოდ დანაშაულის ადგილას ორი მათგანი იმყოფებოდა – ერთი ავალიანს ფიზიკურად გაუსწორდა, მეორემ კი ინციდენტი გადაიღო. მათ გარდა დაკავებულია კიდევ ორი არასრულწლოვანი.

ალექსანდრე გაბაშვილს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე — 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი რიკაძეს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე — 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დემეტრე ჩიქოვანს, სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა ბრალი, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა სამივე მათგანი დამნაშავედ ცნო 4 აპრილის სხდომაზე, დღეს, 8 აპრილს კი მათ წარდგენილი ბრალისთვის განკუთვნილი სასჯელის უმაღლესი ზომა განუსაზღვრა.

გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტები სასამართლომ დამნაშავედ ცნო