თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 28 წლის მოკლული პედაგოგის, გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული 3 ახალგაზრდა დამნაშავედ ცნო.

8 აპრილის სხდომაზე გაირკვევა, რა სასჯელს მიუსჯის მოსამართლე ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძეს და დემეტრე ჩიქოვანს.

28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს 2025 წლის პირველ ოქტომბერს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. ის 24 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. ამ ეტაპზე 4 არასრულწლოვანია დაკავებული. გამოძიების ვერსიით, უშუალოდ დანაშაულის ადგილას ორი მათგანი იმყოფებოდა – ერთი ავალიანს ფიზიკურად გაუსწორდა, მეორემ კი ინციდენტი გადაიღო. მათ გარდა დაკავებულია კიდევ ორი არასრულწლოვანი.

ალექსანდრე გაბაშვილს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე — 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა. რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი რიკაძეს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე — 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა. რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დემეტრე ჩიქოვანს, სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა ბრალი. რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მასვე ბრალდება გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-117 მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით — ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება.