სტრასბურგის ადმინისტრაციულმა სასამართლომ 20 წლის ქართველი გოგოს, ნატალი სარალიძის საფრანგეთიდან დეპორტაციის გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა. მოსამართლემ განმარტა, რომ დეპორტაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გასათვალისწინებელია ნატალი სარალიძის აკადემიური შედეგები ლიცეუმში.

“მოსწავლეს აქვს ბრწყინვალე აკადემიური შედეგები ლიცეუმის ბოლო სასწავლო წელს, რომლის დასრულება აუცილებელია იმისთვის, რომ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძოს. ეს არ გაითვალისწინა ქვემო რეინის (Bas-Rhin-ის მხარე საფრანგეთში, რომლის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სტრასბურგი) პრეფექტმა სადაო [დეპორტაციის] გადაწყვეტილების მიღებისას და აშკარა შეცდომა დაუშვა შეფასებისას”, – ციტირებს ადგილობრივი მედია Franceinfo მოსამართლის განმარტებას.

სტრასბურგის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ნატალი სარალიძეს დროებითი ბინადრობის ნებართვა მისცა და Bas-Rhin-ის პრეფექტს დაავალა, გადახედოს მის გადაწყვეტილებას ქართველი გოგონას დეპორტაციის შესახებ. გადაწყვეტილების შესაცვლელად სასამართლომ პრეფექტს 1-თვიანი ვადა მისცა.

პრეფექტს გადაწყვეტილების გადახედვის თხოვნით, წერილობით მიმართეს Lycée des Pontonniers-ის პედაგოგებმაც. ეს არის ლიცეუმი, სადაც ნატალი სარალიძე სწავლობს.

ლიცეუმის პედაგოგები პრეფექტის ადმინისტრაციასთან (dna.fr)

უფრო მეტიც, ლიცეუმის პედაგოგები და მოსწავლეები ნატალის თან ახლდნენ სასამართლოში, როცა მან დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მათ იმედი აქვთ, რომ დროებითი ბინადრობის ნებართვის შემდეგ ნატალის არ გაუჭირდება მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღებაც, რათა ჯერ ლიცეუმში დაასრულოს სწავლა, შემდეგ კი უმაღლესი განათლებაც საფრანგეთში მიიღოს.

“ეროვნული განათლების სისტემა დიდ ინვესტიციას დებს ამ მოსწავლეების მომავალში. სწავლის დასრულების შემდეგ მათი ქვეყნიდან გაძევება ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის აუტანელი სანახავია. საფრანგეთს სჭირდება ასეთი მარგალიტები, რომლებიც ჩვენ ქვეყანას ღირსებას მატებენ”, – განაცხადა ლიცეუმის ყოფილმა პედაგოგმა რაისა სმირნოვამ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

სმირნოვა წლების განმავლობაში ასწავლიდა Lycée des Pontonniers-ში, ახლა კი პენსიაზეა. თუმცა, ნატალის მხარდასაჭერად მაინც მივიდა 24 მარტს, სტრასბურგის ადმინისტრაციულ სასამართლოსთან.

“ის გამორჩეული გოგონაა, ბრწყინვალე აკადემიური მოსწრებით, რომელიც კლასის მამოძრავებელი ძალა იყო. მისი შედეგები სწავლაში განსაკუთრებულია და შესანიშნავად არის ინტეგრირებული საფრანგეთში. როგორ უნდა ავუხსნათ ჩვენ, პედაგოგებმა მის უცხოელ თანაკლასელებს, რომლებიც მსგავს მდგომარეობაში არიან, რომ ჩვენი მცდელობის მიუხედავად, შეიძლება მათაც იგივე ბედი ეწიოთ? ეს უსამართლობაა”, – უთხრა პედაგოგმა ადგილობრივ მედიას.

სასამართლოსთან, ნატალის მხარდასაჭერად მისული მასწავლებლები და მოსწავლეები (franceinfo)

ნეტგაზეთი ნატალი სარალიძეს სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ ესაუბრა. ის გვიყვება იმ მხარდაჭერაზე, რომელიც საფრანგეთში პედაგოგების, თანაკლასელებისა და ლიცეუმის სხვა მოსწავლეებისგან მიიღო მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრება.

“მასწავლებლები ძალიან მეხმარებიან, მხარს მიჭერენ ყველაფერში. რაშიც არ უნდა დამჭირდეს დახმარება, ვხედავ, რომ ჩემ გვერდით არიან. მეგობრები და კლასელებიც ძალიან მიჭერენ მხარს. იციან, რა სიტუაციაში ვარ, როგორც ვცხოვრობ და ა.შ.

როცა მივიღე ეს დოკუმენტი [დეპორტაციის ბრძანება], რა თქმა უნდა, საქმის კურსში ჩავაყენე ჩემი მასწავლებელი, ავუხსენი სიტუაცია. მან დანარჩენ მასწავლებლებს გაუზიარა ინფორმაცია. გული ეტკინათ და ცოტა გაბრაზდნენ კიდეც – რატომ მიიღე ეს დოკუმენტიო?! ისინიც ხედავენ, რომ მე მართლა მინდა სწავლა, მაქვს აქ დარჩენის და სწავლის მოტივაცია და სურვილი.

მერე უკვე დირექტორს გააგებინეს და ფაქტობრივად მთელმა ლიცეუმმა გაიგო. ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე სხვა მოსწავლეებისგანაც – მათ შორის მათგან, ვისაც არც ვიცნობ. ყველა მეკითხებოდა, რა ხდება, როგორ ხარ, რით დაგეხმაროთ და ა.შ. ჟურნალისტებსაც თავად დაუკავშირდნენ, ადგილობრივ გაზეთშიც გამოქვეყნდა ინფორმაცია ჩემზე, სასამართლოშიც გამყვნენ [მასწავლებლები და კლასელები], როცა განცხადება შევიტანე”, – გვიყვება ნატალი.

ნატალი სარალიძე საფრანგეთში 2022 წელს, მშობლებთან და უმცროს ძმასთან ერთად ჩავიდა. მაშინ ნატალი 16 წლის იყო, მისი ძმა, ნიკა – 10 წლის. ოჯახმა საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება ნატალის დედის ავადმყოფობის გამო მიიღო.

“აქ ჩამოვედით დედაჩემის დიაგნოზის გამო. ჰქონდა პანკრეასის კიბო. ჩვენთან, საქართველოში მკურნალობა არის ძალიან ძვირი და გადავწყვიტეთ, აქ ჩამოვსულიყავით, სადაც სოციალური დახმარება უფრო ხელმისაწვდომია”, – გვიყვება ნატალი.

ოჯახმა ჯერ პოლიტიკური თავშესაფრის მიღება სცადა, თუმცა უარი მიიღეს. შემდეგ გადაწყვიტეს, პირდაპირ იმ საფუძვლით მოეთხოვათ თავშესაფარი, რის გამოც საფრანგეთში ჩავიდნენ – დედის მკურნალობა, რომელიც საქართველოში მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო. პროცესი დაიწყო, თუმცა რამდენიმე თვეში ნატალის დედა გარდაიცვალა, რის გამოც თავშესაფარზე ისევ უარი მიიღეს.

“დავრჩით სამნი – მე, ჩემი პატარა ძმა და მამაჩემი. აღმოვჩნდით უსახლკაროდ. შემდეგ, ხან ვაგზალზე ვათენებდით ღამეს, ხან კარავში. ასე გაგრძელდა სადღაც სამი თვე”, – გვიყვება ნატალი.

ნატალი ძმასთან და მამასთან ერთად სტრასბურგის ადმინისტრაციულ სასამართლოსთან (franceinfo)

ამის შემდეგ, ოჯახი საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, პატარა დასახლება ბუქსვილერში, სოციალური საცხოვრებელში აღმოჩნდა. ბოლო 2-3 წელია ნატალი ძმასთან და მამასთან ერთად სწორედ ამ სოციალური სივრცეში ცხოვრობს და საფრანგეთში ლეგალურად დარჩენის გზებს ეძებს. მას შემდეგ, რაც ნატალი სრულწლოვანი გახდა, მისი საქმე ცალკე განიხილება, მამის და არასრულწლოვანი ძმის კი – ერთად. მათი ბედი, ამ ეტაპზე, გაურკვეველია. თუმცა, ნატალის იმედი აქვს, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტების მხარდაჭერით, რომლებიც ოჯახს ეხმარებიან, დროებითი ცხოვრების უფლებას მისი ძმა და მამაც მიიღებენ.

რაც შეეხება სწავლას და ნატალის აკადემიურ შედეგებს, რომელიც, საბოლოოდ, გახდა მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისთვის, რომ ჯერ მასწავლებლებისა და მთელი ლიცეუმის, შემდეგ კი მოსამართლის კეთილგანწყობა და მხარდაჭერა მოეპოვებინა: ნატალიმ საქართველოში 11 კლასი დაამთავრა. მათ შორის, ბოლო სემესტრი დისტანციურად, პანდემიის გამო. საფრანგეთში შუა სასწავლო წელს, მარტში ჩავიდა. ამიტომ, სექტემბრამდე სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო. ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა ენა ესწავლა. სექტემბერში გამოცდა ჩააბარა და სტრასბურგში, Lycée des Pontonniers-ის საერთაშორისო ლიცეუმში ჩააბარა.

ფრანგულ განათლების სისტემაში ლიცეუმი დაახლოებით ისეთივეა, რაც საქართველოში სკოლის საშუალო საფეხური (მე-10, მე-11 და მე-12 კლასები). ამიტომ, ნატალის მე-10 და მე-11 კლასის გავლა ხელახლა, ამჯერად ფრანგულ ლიცეუმში მოუწია. ამას დაემატა 1-წლიანი მოსამზადებელი კლასი, რომელიც უშუალოდ ლიცეუმის პროგრამის დაწყებამდე ფრანგული ენის უკეთ შესასწავლად დასჭირდა. სწორედ ამიტომ ასრულებს ნატალი საშუალო განათლების მიღებას 20 წლის ასაკში.

ბუქსვილერიდან სტრასბურგამდე დაახლოებით 50 კილომეტრია. ნატალი გვიყვება, რომ ყოველ დილით, საცხოვრებლიდან ლიცეუმამდე მისასვლელად სამი ტრანსპორტის გამოცვლა უწევს: ჯერ ავტობუსით მიდის რკინიგზის სადგურამდე, შემდეგ მატარებლით სტრასბურგამდე, შემდეგ კი ტრამვაით სტრასბურგის რკინიგზის სადგურიდან ლიცეუმამდე. ამ ყველაფრისთვის დაახლოებით საათნახევარი სჭირდება. გაკვეთილების დასრულების შემდეგ, იგივე გზას გადის უკან – ლიცეუმიდან სახლამდე.

“საფრანგეთმა ჩემში სწავლის სიყვარული ჩანერგა” – უთხრა ნატალიმ ადგილობრივ მედიას 24 მარტს, როცა საფრანგეთში დარჩენისა და სწავლის გაგრძელების ნებართვის მისაღებად სასამართლოში განცხადება შეჰქონდა.

“23 მარტს სტრასბურგის ადმინისტრაციულ სასამართლოში ნატალი თანაკლასელებითა და მასწავლებლებით გარშემორტყმული მივიდა, რომლებიც იქ სამაგალითო მოსწავლის მხარდასაჭერად იმყოფებოდნენ”, – ასე დაიწყო ნატალიზე თხრობა გამოცემა Franceinfo-მ.

გამოცემა წერს, რომ ჩვეულებრივ, მსგავსი საქმეების განხილვისას სტრასბურგის ადმინისტრაციულ სასამართლოსთან ისეთი ხალხმრავლობა არ არის, როგორც ეს ნატალის შემთხვევაში იყო.

სასამართლოსთან, ნატალის მხარდასაჭერად მისული მასწავლებლები და მოსწავლეები (franceinfo)

ნატალის ვკითხეთ, გაუჭირდა თუ არა უცხო ქვეყანაში ინტეგრაცია.

“თავიდან, როცა ჩამოვედი, ცოტა გამიჭირდა, რადგან ენა არ ვიცოდი და ვერ ვლაპარაკობდი. მაგრამ მერე, სწავლა როცა დავიწყე, უფრო გამიმარტივდა. თან, ჩვენი ლიცეუმი ინტერნაციონალურია, შეიძლება შეგხვდეს ადამიანი, ვინც შენსავით ემიგრანტია. ფრანგებთან ერთად, ჩემს კლასში სწავლობენ პოლონელები, ესპანელები და ა.შ. ძალიან დიდ კეთილგანწყობას ვგრძნობ. რაც მე გავიარე, სოლიდარობას სულ ვგრძნობდი – წინა სასამართლოზეც, ახლაც იმდენი ხალხი მოვიდა მხარდასაჭერად… მასწავლებლებიც ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევენ”, – გვითხრა მან.

ნატალი იმედოვნებს, რომ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ბიუროკრატიული პროცედურები ხელს აღარ შეუშლის იმისთვის, რომ დარჩეს და ისწავლოს საფრანგეთში. ის სწავლის გაგრძელებას ეკონომიკის ფაკულტეტზე, მენეჯმენტის მიმართულებით გეგმავს.

ამავე თემაზე: