სასამართლომ ანტონ ჩეჩინის, სერგეი კუხარჩუკისა და არტიომ გრიბულის წინააღმდეგ ახალი საქმის წარმოება შეწყვიტა. ციხის საკანში ხელნაკეთი ბანქოს თამაშის საბაბით უკრაინელ და რუს სინდისის პატიმრებს 5000-5000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე არ გადასულა პროკურატურასთან ე.წ. წინასასამართლო განხილვის ეტაპზევე მიღწეული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე. მუხლი, რომლითაც პატიმრებს ახალი ბრალი წარუდგინეს [სისხლის სამართლის კოდექსის 378 სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილი], 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წარმოშობით რუსი და უკრაინელი სინდისის პატიმრები 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დააკავეს და წლობით პატიმრობა მიუსაჯეს საპროტესტო აქციებზე აქტიური მონაწილეობისთვის. ჩეჩინი და გრიბული ნარკოდანაშაულის საბაბით, კუხარჩუკი კი -ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებებში მონაწილეობის საბაბით. ანტონ ჩეჩინსა და არტიომ გრიბულს 8.5 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი, სერგეი კუხარჩუკს  — 2 წლით პატიმრობა.

მათ ამჯერად პენიტენციურ დაწესებულებაში „აკრძალული საგნის შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარებას ან/და ამ საგნით სარგებლობას“ ედავებოდნენ, თანაც „ჩადენილს ჯგუფურად“. ჯგუფურად აკრძალული ნივთის გამოყენებაში ლიეტუველი თანამესაკნის მიერ მოხატული მუყაოს ფირფიტები იგულისხმება და მისი ბანქოს სახით გამოყენება.

როგორც ადვოკატი დარია სამოდუროვა ნეტგაზეთთან განმარტავს, ჩეჩინს, გრიბულსა და კუხარჩუკს, როგორც უკვე მსჯავრდებულებს, ციხეში კარტით თამაში რეციდივად ეთვლებათ [დანაშაულის განმეორებით ჩადენა] და მათ მიმართ სასამართლო მუხლით გათვალისწინებულ მინიმალურ სასჯელს, 3 წელს კი არ გამოიყენებდა გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, არამედ მინიმუმ 4 წელს შეუფარდებდა. ეს პერსპექტივა განსაკუთრებული რისკის შემცველი იყო სერგეი კუხარჩუკისთვის, რომელსაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაკავებული დემონსტრანტების ე.წ. 11-პირიანი საქმის ფარგლებში 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და მას ყველა შესაძლო სცენარში მსჯავრი დაუმძიმდებოდა.

„აღიარეს, რომ ითამაშეს „დურაკა“ და დაურიგეს 5000-ლარიანი ჯარიმები. როგორც ადვოკატს, ნამდვილად მაინტერესებდა, რა იქნებოდა არსებითი განხილვის ეტაპზე. თუმცა ლოგიკური იყო ბიჭების პოზიციაც, რომ არ ვიცით, რა გველოდება, ქართული მართლმსაჯულების ჩვენ არ გვჯერაო. მით უმეტეს, ბრალდებას ჰქონდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თამაშობენ კარტს და ამ ფაქტს არც უარვყოფდით.

საქმე ის არის, რომ არ იყვნენ უზრუნველყოფილი სათანადო თარგმანით. არ იცოდნენ, რომ კარტის თამაში ეკრძალებოდათ. ცხადია, კანონის არცოდნა პასუხისმგებლობისგან პირს არ ათავისუფლებს. მაგრამ მათ არ ჰქონდათ იმედი, რომ მოსამართლე გაითვალისწინებდა საქმეში არსებულ დარღვევებსა და მათ სიმართლეს“, — გვეუბნება ადვოკატი დარია სამოდუროვა.

ბრალის წარდგენამდე ჩეჩინი, გრიბული და კუხარჩუკი ერთ საკანში ისხდნენ გლდანის ციხეში, მეოთხე, ლიეტუველ თანამესაკნე ვორონოვიჩთან ერთად, რომელმაც დაამზადა მუყაოსგან ბანქო. რუსი და უკრაინელი სინდისის პატიმრების ახლობლებს აქვთ ვერსია, რომ ლიეტუველმა პატიმარმა იცოდა, რასაც აკეთებდა. მას საქართველოდან ექსტრადიცია ელოდა და ამისთვის ხელის შესაშლელად აწყობდა საქართველოს ტერიტორიაზე ახალი დანაშაულის ჩადენა. თუმცა, როგორც ადვოკატი გვეუბნება, ვორონოვიჩი ქვეყნიდან მაინც გაიყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ წარუდგინეს ბრალი ჩეჩინს, გრიბულსა და კუხარჩუკს.

წინასასამართლო განხილვის ეტაპზე, როცა მტკიცებულებების დასაშვებობა-დაუშვებლობაზე მსჯელობენ და უნდა გადაწყდეს, საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავა თუ სამართალწარმოება შეწყდება, ჯგუფურად ბანქოს თამაშის საქმეს, როგორც რეციდივს, მოსამართლე ნატო ხუჯაძე განიხილავდა.

მოსამართლე ხუჯაძის მიერ წარმართული ერთ-ერთი სხდომა ჯგუფურად ბანქოს თამაშის საქმეზე ერთგვარად კურიოზულიც აღმოჩნდა, როცა მან დარბაზში მხატვრის ჯდომა გააპროტესტა.

წარმოშობით რუსი და უკრაინელი სინდისის პატიმრების პროცესებს ყოველთვის ესწრებოდა საქართველოში მცხოვრები რუსი მხატვარი, რომელიც პლანშეტის გამოყენებით სხდომაზე მიმდინარე მოვლენებს სკეტჩების სახით ასახავს. ასე იყო მას შემდეგაც, რაც სასამართლოში ფოტო-ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა აკრძალეს. არასდროს არცერთ მოსამართლეს, არცერთ პროცესზე მხატვრის მუშობა არ აუკრძალავს. თუმცა ჩეჩინის, გრიბულისა და კუხარჩუკის საქმის განხილვისას ამის მცდელობა მოსამართლე ნატო ხუჯაძეს ჰქონდა. ადვოკატების განმარტებების შემდეგ, რომ ხატვა სასამართლოში აკრძალული არ არის, რასაც პროკურორიც კი დაეთანხმა, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ აღნიშნა, რომ რა აზრი აქვს, თუ „სახეებით გამოჭენება“ მოხდება. მან მხატვარს მუშაობის გაგრძელების უფლება მისცა, მაგრამ მიუთითა, რომ სახეები არ დაეხატა.