ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დღეს, 4 მარტს, დაიკითხა პრორუსული ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” [პარტია “კონსერვატორები საქართველოსთვის”] ერთ-ერთი დამფუძნებელი, კოკა მორგოშია. სხდომაზე მან ვრცლად ისაუბრა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორზე, რუსეთის უშიშროების სამსახურთან კავშირის გამო აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეზეც.
სხდომის დაწყებამდე მორგოშიამ განაცხადა, რომ გასულ წელს თბილისის ცენტრში მოკლული ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე მისი მეგობარი იყო. გარდა ამისა, მან თქვა, რომ უშuალოდ ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე აქამდე გამოკითხული არ ყოფილა. მორგოშიას თქმით, პოლიციამ გამოჰკითხა მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმეზე, რა დროსაც “სხვა მოსაზრებებსაც შეეხო”, ამიტომ დაიბარეს ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დასაკითხად პირდაპირ სასამართლოში.
სხდომაზე შესვლამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას მორგოშიამ თქვა, რომ ლევან ჯანგველაძეს აფრთხილებდა “მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით”. კითხვაზე, ვისგან მომდინარეობდა ეს საფრთხე, მორგოშიამ უპასუხა:
“ფარცხალაძისგან, თავისთავად ცხადია”.
გარდა ამისა, მორგოშიამ თქვა, რომ ამ მოსალოდნელი საფრთხის გამო ჯანგველაძე გეგმავდა დაცვის აყვანას იმ პერიოდისთვის, როცა თბილისში ჩამოვიდოდა. თუმცა მას 2025 წლის მარტში ჩამოსვლა დაუგეგმავად, მეგობრის გარდაცვალების გამო მოუწია და ვერ მოასწრო უსაფრთხოების ზომების მიღება. ლევან ჯანგველაძე სწორედ პანაშვიდიდან გამოსვლის შემდეგ მოკლეს ჭავჭავაძის გამზირზე.
რაც შეეხება მორგოშიას ჩვენებას უშუალოდ სასამართლოში, “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, მორგოშიამ თქვა, რომ ჯანგველაძეს რუსეთი პოლიტიკურ აქტივობას სთავაზობდა, რაც ოთარ ფარცხალაძეს აშფოთებდა. მორგოშიას თქმით, “ფარცხალაძეს უნდოდა ეგ მიმართულება”.
როგორც მორგოშია ჰყვება, ლევან ჯანგველაძემ ეს შეთავაზება სერიოზულად არ მიიღო და საბოლოოდ უარი თქვა. მორგოშიამ თქვა ისიც, რომ ჯანგველაძეს ურჩევდა შეთავაზებაზე დათანხმებას.
“მე ვუთხარი, ჩემი აზრით, არასწორს აკეთებ, რადგან გთავაზობენ, უნდა ჩაერთო, შენი გავლენა სისტემის გარეთ რომ იყოს გასული, აქაურობა ვერ აიტანს და პრობლემები გექნება-მეთქი […] მერე შეხვდნენ და უარი უთხრა […] რატომ უთხარი უარი, რა უთხარი-მეთქი? მიპასუხა, პირველ ეტაპზე, შეიძლება, კარგი საქმეები დავიწყოთ, მაგრამ შუასა და ბოლოში ისეთი რამე შეიძლება მოხდეს, რომ ცუდი იყოს და მე ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ არ წავალო”, – თქვა მორგოშიამ სხდომაზე.
გარდა ამისა, მან ჯანგველაძეს ურჩია, რომ გაეყიდა აქტივები [რუსეთში და/ან საქართველოში] და წასულიყო ევროპაში, რადგან მიღებული შეთავაზების გამო, მასზე უარის თქმის მიუხედავად, ფარცხალაძისგან საფრთხე ელოდა. მორგოშიას თქმით, ჯანგველაძე თავადაც ეუბნებოდა, რომ ფარცხალაძეს “შფოთვები აქვს ჩემთან დაკავშირებითო”.
სხდომაზე მორგოშიამ ისაუბრა მისი და ფარცხალაძის ნაცნობობის შესახებ. მან თქვა, რომ ფარცხალაძეს გენერალური პროკურორობის დროს არ იცნობდა და მხოლოდ 2020-2021 წლებში გაიცნო. მისი თქმით, იმ დროისთვის ფარცხალაძე უკვე რუსეთში იყო გადაბარგებული და მათი კომუნიკაცია ბიზნესს უკავშირდებოდა. მორგოშიას თქმით, 2022 წლის ბოლოს, ან 2023 წლის დასაწყისში, როცა ამ უკანასკნელმა მორგოშიას დაფუძნებული ტელევიზიის, “ალტ-ინფოს” წილის ყიდვა მოინდომა, ტელევიზიის წილის მიყიდვაზე ფარცხალაძეს უარი უთხრა, რასაც მათი ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვა.
ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე მოკლეს 2025 წლის 14 მარტს თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე. ყოფილ სპეცრაზმელს, გელა უძილაურს, რომელმა დანაშაული აღიარა, უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. თუმცა ამ საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვს კიდევ არაერთი პირს. მათ შორის, ოთარ ფარცხალაძეს.
გარდა ამისა, ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეში: 18 თებერვალს ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს გამოცემა “ქრონიკა პლუსის” დამფუძნებელი, ელისო კილაძე. მასთან ერთად იმავე საქმეზე ბრალს წარუდგინეს ფარცხალაძეს, დავით და გიორგი მიქაძეებს და კიდევ რამდენიმე ადამიანს.
ამავე თემაზე:
