საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა “უცხოელი პატრონების” მითითებით დაიწყო. ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა MK.RU-თან [Московский комсомолец] ისაუბრა.
“მე მდევნიან შეთითხნილი ბრალდებით, იმისთვის, რაც არ ჩამიდენია და ცდილობენ, ჩამომაშორონ ჩემს ისტორიული სამშობლოს. საერთაშორისო კრიმინალურმა ჯგუფებმა ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს. მე არ მეშინია. ეს ყველაფერი შესანიშნავად აჩვენებს, რომ სწორია გზა ავირჩიე. მე მზად ვარ, რომ დავთმო ჩემი სიცოცხლე ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის.
დადგა დრო, რომ უკან მოვიტოვოთ ძველი წყენები, რომლებიც ჩვენი ხალხის მტრებმა შექმნეს და წავიდეთ წინ. ქართველმა ხალხმა უნდა გაახილოს თვალი და მიხვდეს, ვინ მოქმედებს მისი ინტერესების შესაბამისად და ვინ ხლართავს ინტრიგებს, ემსახურება უცხოელ პატრონებს და ანადგურებს ქვეყნის თვითმყოფადობას, ცხოვრების წესსა და ერთიანობას. სწორედ ასე შევძლებთ შევინარჩუნოთ ჩვენ სუვერენიტეტი, ტრადიციები და სარწმუნოება
[…] მე გავიარე ჩემი სამშობლოს, საქართველოს მსახურების გრძელი და საშიში გზა. დღეს აღმოვჩნდი იმ წერტილში, საიდანაც იწყება მოძმე ხალხებს შორის ურთიერთობის ახალი თავი. ჩვენ რთულ დროს ვცხოვრობთ – როცა ძველი იარები ჯერ კიდევ არ შეხორცებულა, მაგრამ ცხოვრება ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს”, – განაცხადა ფარცხალაძემ რუსულ გამოცემასთან საუბრისას.
ფარცხალაძემ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე. მან თქვა, რომ ამ ორ ქვეყანას სარწმუნოება აერთიანებს. მან ინტერვიუში ახსენა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 400 000 ქართველი, რომელიც, მისი თქმით, წითელ არმიასთან ერთად სიამაყით იბრძოდა “ფაშისტური ევროპის” წინააღმდეგ. მან თქვა, რომ ყველა ძალისხმევას მიმართავს ქართველებსა და რუსებს შორის “ძმური ურთიერთობების განმტკიცებისთვის”.
ანგარებით მკვლელობის ორგანიზების ბრალდება ფარცხალაძეს საქართველოს პროკურატურამ 2025 წლის 29 დეკემბერს წარუდგინა. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
სახელმწიფო ბრალდება მას ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ედავება. ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. ყოფილ სპეცრაზმელს, გელა უძილაურს, რომელმა დანაშაული აღიარა, უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. თუმცა ამ საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვს კიდევ არაერთი პირს. მათ შორის, ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს.
გარდა ამისა, ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეში: 18 თებერვალს ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს გამოცემა “ქრონიკა პლუსის” დამფუძნებელი, ელისო კილაძე. მასთან ერთად იმავე საქმეზე ბრალს წარუდგინეს ფარცხალაძეს, დავით და გიორგი მიქაძეებს და კიდევ რამდენიმე ადამიანს.
ამავე თემაზე:








