9 პროდასავლური პარტია ოპოზიციის ალიანსზე შეთანხმდა.
საერთო გადაწყვეტილების შესახებ პარტიებმა დღეს, 2 მარტს, შეხვედრის შემდეგ გამოაცხადეს.
ოპოზიციის ალიანსში ერთიანდება 9 პოლიტიკური პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ და „ევროპული საქართველო“.
როგორც პარტიების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი გამარჯვების საერთო სტრატეგიაზე და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდნენ.
განცხადების თანახმად, ოპოზიციის ალიანსი მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებას, ევრო-ატლანტიკური კურსის აღდგენას და ამ გზით საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის გადარჩენას.
„ოპოზიციის ალიანსი შეთანხმდა, რომ დღეს მიმდინარეობს სასიცოცხლო ბრძოლა საქართველოს ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანის შესახებ, რომლითაც გადაწყდება, თუ „რკინის ფარდის“ რომელ მხარეს აღმოჩნდება ქართველი ხალხი შემდეგი ათწლეულების განმავლობაში.
ოპოზიციის ალიანსის სტრატეგიული მიზანია საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მობილიზება მშვიდობიანი პროტესტისა და რეჟიმის დემონტაჟისთვის.
შეთანხმების ძირითადი პრინციპებია:
- ერთობა ერთფეროვნების გარეშე: პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საკომუნიკაციო და საპროტესტო სტრატეგიაზე;
- დემოკრატიული ალტერნატივა: ალიანსი თანხმდება, რომ ავტოკრატიულ რეჟიმს მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული დემოკრატიული ალტერნატივა დაამარცხებს;
- მიზნის მიღწევის გზა: პროტესტის გაფართოება, საერთაშორისო წნეხის გაძლიერება და დემოკრატიული, სანდო ალტერნატივის შეთავაზება ქართველი ხალხისთვის.
ქცევის კოდექსი და პასუხისმგებლობა:
- დოკუმენტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ქცევის კოდექსი, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ პარტიებს შორის თანამშრომლობის წესებს მყარი ერთობის უზრუნველსაყოფად;
- პარტიები აღიარებენ ერთმანეთს თანასწორ პარტნიორებად და თანხმდებიან, რომ საერთო მიზნის მისაღწევად კოორდინირებული მოქმედება სტრატეგიული აუცილებლობაა.
ოპოზიციის ალიანსი იბრძოლებს ბოლომდე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების მოპოვებამდე“, – ნათქვამია ოპოზიციის ალიანსის განცხადებაში.








