დღეს, 20 თებერვალს, ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც, ტრადიციულად, სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა ლევან ხაბეიშვილმა და განცხადება გააკეთა.
ხაბეიშვილმა ყურადღება გაამახვილა ერთიანობის მნიშვნელობაზე, რომ მთავარია „ყველა მინუს ივანიშვილი“ ფორმულა და პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა დაანებონ იმ ძალებთან დაპირისპირებას, ვინც ერთობაში არ შედის და თავისი გზა აქვს.
ხაბეიშვილმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ დაპატიმრებამდე მის მიერ მხილებული ყოფილი მაღალჩინოსნები „ქართული ოცნებიდან“ დღეს უკვე დაკავებულები არიან, იმავე ბრალდებით, რაზეც ის საუბრობდა და ერთადერთი გამონაკლისი ჯერჯერობით კახა კალაძეა.
გთავაზობთ მის სიტყვას სრულად:
„აქ თქვენს სანახავად მოვდივარ და განცხადებების გასაკეთებლად [მიმართავს დარბაზს]. ძალიან მოკლედ უნდა გამოვეხმაურო, რასაც ვუყურებ ტელევიზორში ერთიანობასთან დაკავშირებით კონკრეტული პარტიების განცხადებებს. მე ვწუხვარ, თუ ამ დრომდე ხალხმა ვერ გაიგო კონკრეტულ პარტიებში, რომ პარტიები ბიძინამ გააუქმა და ყველას გვაუქმებს, პარტიებს კი არა, მოქალაქეებს გვაუქმებს.
იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც წარმოვადგენ, მოვუწოდებ, რომ არასდროს არ ვიყოთ რამის ხელის შემშლელი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება მეტი ერთიანობა გვინდოდეს. არ შეიძლება უკან დახევა. ერთიანობა სადაც იქნება, ყველგან უნდა ვიყოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური პარტია იქნება იქ.
იმ ხალხს, ვისაც არ უნდა ერთიანობა, ნუ ესვრით და ნუ შედიხართ განსჯაში, დავანებოთ თავი საერთოდ. ზოგი საჩვენო საქმეს აკეთებს, ოღონდ ეგრე უნდა, ეგრე სწამს და დავანებოთ თავი. ყველა ეთერში ნუ მივალთ იმიტომ, რომ რაღაც სადღაც გვიჭირს და პრობლემა გვაქვს, რომ ერთმანეთს თავს დავესხათ, გავლანძღოთ. გავიგეთ, რომ „ლელო“ არ შემოდის. აკეთებს იმ თავის საქმეს და გააკეთოს. აღარ გვინდა ყველა ეთერში დაჯდომა და „აი, ლელო როგორი ცუდია“. მეტსაც გეტყვით, იმ გახარიას პარტიასაც დავანებოთ თავი. ყველას თავისი გზა აქვს.
ვინც ერთიანები ხართ, იმათმა ილაპარაკეთ ერთმანეთში, ესაუბრეთ საზოგადოებას, დაიგეგმეთ, იმოქმედეთ, გააკეთეთ. არ გვინდა ამდენი გაუგონარი სჯა-ბაასი და რკვევა, რომ იქ რაღაცა მეხუთე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ მომწონს. მართლა რა სისულელეა!
„ყველა მინუს ივანიშვილი“ — ეს უნდა იყოს [მთავარი]. პარტიული კუთვნილების გარეშე, ესაა ერთი გულშემატკივრის პოზიცია და მინდა გაიგოს საზოგადოებამ. „ყველა მინუს ივანიშვილი“ და ვისაც უნდა ეს მარტოს, აკეთოს მარტომ“, — თქვა ხაბეიშვილმა.
ამის შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა „ოცნების“ წარმომადგენლებზე, ვისაც მანამდე კორუფციაში და სხვა დანაშაულებში ამხელდა, „ოცნებიდან“ პასუხობდნენ, რომ ტყუოდა, დღეს კი თითქმის ყველა ეს ადამიანი დაკავებულია.
„მეშვიდე თვეა საპატიმროში ვარ და ტელევიზორში ვუყურებ რას:
- მე რომ პარლამენტში ვიყავი და ვამბობდი, მიქაუტაძე არის კორუმპირებული. მაგ დროს გამოდიოდა ხალხი, ზარქუები, ვოლსკები, და ხაბეიშვილი ტყუისო. ეს ახლა მაგან მოიგონაო. დაიჭირეს მიქაუტაძე კორუფციაზე.
- ღარიბაშვილი რომ მოდიოდა, როგორც პრემიერი, პირდაპირ ვამბობდი, რომ კრიმინალია. ხაბეიშვილი არის მასხარაო. დაიჭირეს ღარიბაშვილი.
- ჯუანშერი [ბურჭულაძე] მოვიდა. პარლამენტის სხდომაზე ალბათ სამ კაცს აქვს კითხვა დასმული და ერთი მე ვიყავი. კითხვა კი არა, ვამბობდი, ქურდი ხარ-მეთქი. არა, ხაბეიშვილმა ეს იმიტომ თქვაო…
- იგივე ლილუაშვილზე რომ ვამბობდი, ქოლცენტრები-მეთქი, კობახიძე, მდინარაძე, ყველა ატარებდა ბრიფინგს, რომ არა, ხაბე ასეო… კეზერაშვილს აქვს ქოლცენტრებიო. 2 წელია, ამას ლაპარაკობენ. ზღაპრებს. ტყუილიაო. ციხეშია ლილუაშვილი, ჩემს სართულზეა, სხვათა შორის.
- ფარცხალაძეს აქვს ქოლცენტრი-მეთქი და ლამის დანასისხლად გადაიქცნენ, ფიზიკურად იწევდნენ პარლამენტში.
- ინფრასტრუქტურის სამინისტროზე ხომ ვამბობდი, ქარსელაძეზე. ყველა ამ ადამიანზე თავის დროზე განცხადება მქონდა შეტანილი პროკურატურაში, რომ სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხი ეგოთ.
მე რატომ ვარ ციხეში?! მგონი, ჩინი უნდა მოგემატებინათ, ეს ყოფილა მთავარი გამომძიებელიო. აღებული აქვთ ჩემი განცხადებები „შპარგალკასავით“, მიჰყვებიან ერთი-ერთში და კაცი არ დატოვეს, ვისზეც ვთქვი, რომ კორუმპირებულია, მიჰყვებიან და იჭერენ. მე რატომ ვარ დამნაშავე, თუ ყველაფერს მართალს ვამბობდი?!
ერთი კაცი მითხარით, შეცდი და არასწორი ხარო.
ერთადერთი კაცი, ვისზეც „ხაია“ გაქვთ, არის კალაძე. მასზე და მის კორუფციაზე დისერტაციას დავიცავ“, — თქვა ხაბეიშვილმა.
„დროის ამბავია“, — ეპასუხება ზურა გირჩი ჯაფარიძე კალაძესთან დაკავშირებით დარბაზიდან.
როდესაც ლევან ხაბეიშვილმა ოცნების მაღალჩინოსნები ჩამოთვალა, რომლებიც ახლა პატიმრობაში არიან, როგორც მის მიერვე მხილებულები და იკითხა, მე რატომ მიჭერთო, პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა მას „ქრონიკა +“-ის დამფუძნებელი ელისო კილაძე შეახსენა.
„ელისო კილაძეც ხომ იძახდა ქოლცენტრებზე?“ — გააკეთა რეპლიკა პროკურორმა იმის საგულისხმოდ, რომ ახლა ელისო კილაძეც დაკავებულია. თუმცა გუშინ, 19 თებერვალს, კილაძისა და ქოლცენტრების საქმეზე მასთან ერთად ბრალდებული სხვა პირების სხდომა სასამართლომ დახურა. ამ საქმის დეტალებს და ობიექტურ ინფორმაციას საზოგადოება ვეღარ დააკვირდება.
ხაბეიშვილმა დასასრულს მის მიმართ წარდგენილ ბრალზეც გააკეთა კომენტარი და პარალელი გაავლო გელა ხასაიასთან, რომელსაც საქმეში „ნაცემი კაცი ჩაუდეს“, მას კი მოქმედებასაც არ ედავებიან.
„ჩემს დანაშაულთან დაკავშირებით თქვენ არაფერი გაქვთ და ამას შევახსენებ საზოგადოებას. ვარ პოლიტიკური განცხადებების გამო დაკავებული. არცერთ მოქმედებას არ მედავებიან. ხომ არიან, რომ ვიღაცებს აბრალებენ. მაგალითად, გელა ხასაიას აბრალებენ, ვიღაცა სცემაო, ჩაუდეს ვიღაცა ნაცემი კაცი. მე მოქმედებას პროკურატურა არ მაბრალებს. თუ ვინმეს იჭერდნენ, აბრალებდნენ მაინც [ადრე]. ჩემს ბრალში 5 ფურცელია, 3 გამოძახებული, დაქირავებული მოწმე, ფეისბუკის სტატუსები და ვიდეოები [ეთერების ჩანაწერები]. ჩემს საქმეში არ არის არცერთი დაზარალებული. არ არსებობს ბუნებაში ჩემგან ძალადობრივი წინადადება“, — თქვა ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე.
დღეს სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელი დაიკითხა, ბექა ჯიჭონაია. ის ხაბეიშვილის დამკავებელი ჯგუფის შემადგენლობაში იყო, თუმცა ჩვენება მურთაზ ზოდელავას ნაწილში მისცა, რომელიც, მისი თქმით, ძალადობრივი ქმედებებით გამოირჩეოდა ხაბეიშვილის დაკავებისას, როცა დაკავებამდე ხაბეიშვილს ტელეფონი გამოართვა და მიმალვას შეეცადა. ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ ბრალდების მტკიცებულებების კვლევაზე სასამართლო ჯერ არ გადასულა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს ტ/კ ფორმულას ეზოში.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას ედავება საჯარო გამოსვლების დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირებას. საუბარია განცხადებაზე, სადაც ხაბეიშვილმა მიმართა გდდ-ის წარმომადგენლებს და თქვა, რომ „200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში“.
მოგვიანებით ლევან ხაბეიშვილს კიდევ ერთი მუხლი დაუმატეს — საქვეყნოდ მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, პატიმრობაში მყოფ ლევან ხაბეიშვილს 15 სექტემბრიდან პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება აქვს შეზღუდული.
სუს-ის გამომძიებელი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ლევან ხაბეიშვილს ზემოაღნიშნული უფლებებით სარგებლობა შეეზღუდოს.







