“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშივლი აბობს, რომ რუსთაველის “1000-კაციანი” პროტესტის მიღმა “არანაირი წინააღმდეგობა საქართველოში არ არსებობს” და “ამ დროისთვის რუსმა ოლიგარქმა მოუგო ქართველ ხალხს” ბრძოლა, თუმცა, არა ომი.

ეს განცხადებები ხაბეიშვილმა გააკეთა სასამართლო სხდომათა დარბაზში, სადაც განიხილება მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ხაბეიშვილმა გარეთ დარჩენილ ოპოზიციონერებს მოუწოდა, რომ თუ რეჟიმთან ბრძოლას ვერ ახერხებენ, აიღონ პასუხისმგებლობა და დაიწყონ მოლაპარაკებები, რომ ამ გზით მაინც გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები.

ნეტგაზეთი გთავაზობთ ხაბეიშვილის სიტყვით გამოსვლის ძირითადად მონაკვეთებს.

ხაბეიშვილმა საუბარი პროკურორ ბექა ხუნაშვილისადმი მიმართვით დაიწო და მას ჰკითხა, რატომ არ აძლევდნენ თუნდაც შვილებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას. პროკურორმა მას მოუწოდა, საქმესთან დაკავშირებით ესაუბრა, რაზეც ხაბეიშვილი გაღიზიანდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ციხეშიც არ აძლევენ სატელეფონო კომუნიკაციისა თუ მიმოწერის საშუალებას და ერთადერთი შესაძლებლობა, საზოგადოებას ხმა მიაწვდინოს, სწორედ სასამართლო სხდომებია.

“პროკურორო, ჩემს შვილებს შეხედე თვალებში, შენ წაართვი მათ ჩემი ნახვის უფლება […] ბოდიში, მაგრამ შეზღუდული მაქვს, ხალხო, ყველაფერი. ვერ გავიგე – პოლიტიკოსი ვარ, პოლიტიკური განცხადებების გამო დაკავებული და არ შემიძლია, რომ ხუთი წუთი ვილაპარაკო? მართლა ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი? მაშინ სასამართლომ მითხრას, რომ მიცვალებული ხარ და ხმა არ ამოიღო. ვერ გავიგე მართლა – არავისთან ილაპარაკო, წერილი არა, ტელეფონი არა, შვილები არა, ვერ გავიგე, მართლა მკვლელი ვარ?

მე არა სასამართლოსთან, არამედ პროკურორთან მაქვს პრეტენზია. პროკურორს მივმართავ და ყვირილის ტონით არა, პოზიცია მაქვს ასეთი. ყველა სხდომაზე აბსოლუტურად მშვიდად მოვდივარ, ვუსმენ და პროკურორი პროვოცირებს. გესმით? ხან ჩემი მოსმენა არ უნდა, ხან რაღაცა… ანუ, პროკურორს უნდა, რომ ვიყო ციხეში და მორჩა […] მომეცით 15 წუთი სასამართლოზე.

ბრალდებული ვარ. ჩამსვით და ყველაფერი შემიზღუდეთ, კაცო, სიტყვა მაინც მათქმევინეთ. ადამიანი ვარ, ვერ გავიგე მართლა, არაფრის უფლება არა მაქვს?”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამის შემდეგ, მან თქვა, რომ სამ სხვადასხვა საკითხზე სურს საუბარი:

„ჩემი საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ განცხადებებზეა დაფუძნებული. საზოგადოებას ვეუბნები: მე არავინ მედავება რამის ჩუმად გაკეთებას — მედავებიან მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების გამო. ამიტომ სამ თემაზე მსურს განცხადების გაკეთება.

ჩემი მოწმეები არ მოჰყავთ. სასამართლოს ვეუბნები: ნახევარი წელია, მძევლად ვარ აყვანილი. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) სამი მოწმეა, რომელიც ამბობს, რომ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. მეექვსე თვე დაიწყო, რაც ტყვეობაში ვარ და ამ სამი კაციდან აქ ერთიც არ მოუყვანიათ. 6 თვეა, კაცი პატიმრობაში ვარ; მოვიდეს გდდ-ის ეს თანამშრომელი და თქვას, როგორ იგრძნო თავი შეურაცხყოფილად. თანაც, იმ უწყების თანამშრომელი ამბობს ამას, რომელმაც ჩემი პოლიტიკური განცხადების შემდეგ თავ-პირი დამალეწა, ლამის ინვალიდი დამტოვა და ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა გამიჩინა. ექვსი თვის განმავლობაში პროკურორს, რომელსაც სხვა არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს, ერთი მოწმეც კი არ მოჰყავს. ხალხმა უნდა იცოდეს: ეს არ იყო ჩემი სასამართლო პროცესი. საქართველოს სახელით მიყენებთ ბრალს, ხომ? ამიტომ საქართველომ, ქვეყანამ, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ ხნის განმავლობაში აქ ერთი მოწმეც ვერ მოიყვანეთ. სხვა მოწმე ბუნებაში არ არსებობს. ესენი არიან გდდ-ის „შეურაცხყოფილი“ თანამშრომლები, „დანიშნული“ მოწმეები, რომლებმაც თავად კი არ თქვეს, შეურაცხყოფილები ვართო, არამედ სუს-მა მიმართა უწყებას: დაგვინიშნეთ ვინმე, ვინც ნახა ხაბეიშვილის განცხადება და თავი შეურაცხყოფილად იგრძნოო.

კიდევ ორი თემა მაქვს სათქმელი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, საზოგადოებას ვუთხრა. მე ყოველთვის სიმართლეს ვამბობ და შეიძლება ბევრს არ მოეწონოს ის, რასაც დღეს ამ დარბაზში ვიტყვი, მაგრამ ეს უნდა ითქვას. თუ გარეთ ვინმეს გამბედაობა არ ჰყოფნის, მე აქედან, ტყვეობაში მყოფმა, მინდა გითხრათ ჩემი სათქმელი.

ქედს ვიხრი იმ 500-დან 1000-მდე ადამიანის წინაშე, რომელიც ყოველდღიურად საკუთარი ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და თავისუფლების ფასად აპროტესტებს… ეს გმირი ხალხია და მათ წინაშე ქედს ვიხრი. მაგრამ, ამის მიღმა, დღეს საქართველოში არანაირი პროტესტი, ბრძოლა და წინააღმდეგობა არ არსებობს. ეს არის აბსოლუტური სიმართლე და მე, როგორც პროტესტის გულშემატკივარი, ამის გამო ძალიან ვწუხვარ. მინდა, საზოგადოებაში ამაზე დისკუსია დაიწყოს.

ნუ ატყუებთ ერთმანეთს, თითქოს ყველაფერი კარგადაა, თითქოს ვერ დაგვამარცხეს და ა.შ. ამ წუთას იმ კანონებმაც კი იმუშავა, რომლებზეც ვამბობდით, რომ ვერ იმუშავებდა! იმუშავა, იმიტომ, რომ ხალხი შეშინებულია; იმიტომ, რომ მხოლოდ 1000 ადამიანი წირავს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ბრძოლისთვის. დანარჩენი საზოგადოება კი სწორედ ამ 1000 ადამიანზეა ჩამოკიდებული. ამიტომ, ვიღაცას უნდა ეყოს გამბედაობა და თქვას: ამ ეტაპზე რუსმა ოლიგარქმა მოუგო ქართველ ხალხს. ამ დროისთვის, ჩემდა სამწუხაროდ, ის იგებს. ბრძოლა წაგებულია, თუმცა, ომი ჯერ არა.

წინა სასამართლოზეც ვთქვი და ზოგს ყურში კარგად არ მოხვდა — რატომ თქვა ლევანმა ასეო. იმიტომ ვთქვი, რომ ორ მოთხოვნაში ერთიანი ხართ: პოლიტპატიმრები (მძევლები) და არჩევნები. ამაზე არავინ დავობს, მაგრამ თუ იტყვით, რომ ეს თემა ამოწურულია, მერე რას ვაკეთებთ? „მერე რას ვაკეთებთზე“ მსჯელობა არ გსურთ, რადგან პრობლემა გვაქვს, პრობლემის არსებობა კი უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ხელები გადაგვიგრიხეს. ეს ბრძოლაც ამ ეტაპზე მოგვიგეს. ეს არის სიმართლე.

ერთი რამ მინდა ვთხოვო გარეთ მყოფ ადამიანებს: ნუ გადაუგდებთ ამ პასუხისმგებლობას პატიმრებსა და პოლიტპატიმრებს. მიდიან და ეკითხებიან: „ხომ არ გინდათ, რომ თავისუფლები იყოთ?“ რომელი ღირსეული ადამიანი იტყვის, რომ ახლა შეწყალებას ითხოვს? რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ შეწყალება არავის უნდა. ესენი ღირსეული ადამიანები არიან, ვინც პატიმრობაშია. მაგრამ შენ თუ ეუბნები, რა მაგარი ხარ, შეწყალებას რომ არ ითხოვო, თავად რას აკეთებ გარეთ ამ ხალხის გასათავისუფლებლად? თუ არაფერს აკეთებ, მაშინ მხოლოდ ორი გზაა. როცა ტერორისტებს მძევლები ჰყავთ აყვანილი, არსებობს ორი გამოსავალი და არა მესამე, რომელიც დღეს ჩვენ მოვიგონეთ. ეს ორი გზაა: პირველი — გადადიხარ შეტევაზე და გამოიხსნი მძევლებს, და მეორე — მოლაპარაკება, საუბარი და დიალოგი. ზოგს გარეთ ამის თქმისაც კი ეშინია. ბრძოლა ხომ არ გამოგდით?!

ამ პატიმრების გამო მაინც მოვუწოდებ ყველა პასუხისმგებლობიან ადამიანს, ვინც თავისუფლებაზეა: მეგობრებო, თუ ამბობთ, რომ რეჟიმს ხელს არ ჩამოართმევთ და არ ეგუებით — ეს ასეცაა, მაგრამ მრცხვენია, რომ დღეს საქართველოში მხოლოდ 1000-მდე ადამიანი იბრძვის გმირულად (მაგალითად, რუსუდან კობახიძე და სხვები, ვისი გვარებიც მახსენდება). ასე არაფერი გამოვა. ეს ტყუილია. ნუ ვიტყუებთ თავს, ნუ ვიცხოვრებთ სიცრუეში.

მეორე გამოსავალია მძევლების გამოყვანა დიალოგით, რაც უნდა მძიმე იყოს ეს პროცესი. აიღეთ ეს თქვენს თავზე! წინაზეც ვთქვი: მე რომ თავისუფალი ვიყო, რას ჰქვია „ტალახს მესვრის ვიღაცა“? ამ მძევლების გამო, რომლებიც ტყვეობაში არიან, რათა ისინი საკუთარ ოჯახებს — დედას, მამას, ცოლსა და შვილებს დაუბრუნდნენ, ყოველგვარ ტალახს საკუთარ თავზე მივიღებდი.

მე არავის ვსაყვედურობ, ეს არავინ გაიგოს ასე. მესმის, დაო და ძმაო, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა — ტროტუარზე დგომის გამოც კი გვიჭერენ. გვიჭერენ! როგორ არ გვეშინია? გვეშინია! ათას კაცზე მეტი არ იძებნება რუსულ რეჟიმთან საბრძოლველად, რაც ნიშნავს, რომ ხელები გადაგვიგრიხეს. ამიტომ მივმართავ მათ, ვინც გარეთაა: აიღეთ პასუხისმგებლობა! ოღონდ ამასაც პატიმრების მშობლებს ნუ დააბრალებთ. ეს ხალხი ისედაც იბრძვის — ოჯახის წევრები ციხეში ჰყავთ, თავად კი გარეთ არიან სიცხესა თუ სიცივეში.

აიღეთ პასუხისმგებლობა. ახლა დებატებს ან რაღაც მსგავს სისულელეებს რომ სთავაზობენ, დაუჯექით პირობითად — თუ პატიმრებს გამოუშვებენ. დაელაპარაკეთ, თუ ამ ეტაპზე ბრძოლა არ შეგვიძლია. სხვა გამოსავალი არ არის.

ახლა მესამე გამოსავალი მოიფიქრეს: „დაველოდოთ, თავისით რაღაც მოხდება“. თავისით არაფერი მოხდება! ეს ხალხი ზვარაკად უნდა იყოს შეწირული?! სულ იმაზე აპელირება, რომ პატიმრები მაგრები არიან… კი, მაგრები არიან, მაგრამ მერე?! დღევანდელი მონაცემებით, არ არსებობს ნიშანწყალი იმისა, რომ სადმე წინააღმდეგობა ან ბრძოლა მიმდინარეობს. ეს ტყუილია. ნუ ვატყუებთ ერთმანეთს!

ამიტომ, პირველ მოთხოვნაზე — პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე — აიღოს ვინმემ პასუხისმგებლობა. გეყოთ გამბედაობა, რომ ამაზე მაინც დაიწყოთ ლაპარაკი. მე მინდა თუ არა მათთან საუბარი? რა თქმა უნდა, არა! რისი თქმაც მინდოდა, ვამბობდი კიდეც და სწორედ ამ საუბრის გამო ვარ ახლა ციხეში. გეყოთ გამბედაობა! ოღონდ ეს შენიშვნად ან ვინმეზე ხელის გაშვერად არ მიიღოთ. უბრალოდ, უნდა გვესმოდეს რეალობა: ან აკეთებთ ერთს — რაც არის შეტევა და ბრძოლა (თუმცა ვწუხვარ, 1000 კაცი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, აგერ, გაზაფხული ისედაც მოდის), ან თუ ბრძოლას არ აპირებთ და ხელი გადაგვიგრიხეს, მაშინ ელაპარაკეთ მაინც, რომ იქნებ გამოვძვრეთ და ვითარება შევცვალოთ.

მინდა, საზოგადოებამ ეს კარგად გაიგოს. იმედი მაქვს, რთული კომუნიკაციის მიუხედავად, ეს სათქმელი ადრესატამდე სწორად მივა. სხვა გამოსავალი ამ ეტაპზე არ ჩანს და ეს ხალხი ზვარაკად არ უნდა შევწიროთ.

მესამე თემა: ყოველ ჯერზე მათ მოედანზე გადავყავართ. არანაირი დღის წესრიგი არ გვაქვს. შემოიტანეს ფასების თემა და ოპოზიციის ნაწილი ისე დადგა, თითქოს ბიზნესი იჩაგრება… ბიზნესი კი არა, ეგენი ყაჩაღები არიან, ყველანი ერთად შეკრულები!

ერთი რამ მინდა გითხრათ: თავის ჭკუაზე გვატრიალებენ საკუთარი დღის წესრიგითა და თემებით. ჩვენ კი, ნაცვლად იმისა, რომ ვუპასუხოთ — ფასების ზრდაც მათი ბრალია და ყველაფერი სხვაც — ვიღაცის დაცვა დავიწყეთ. ვის იცავ? იმ ბიზნესს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ფულს სწირავს და კარჩაკეტილ შეხვედრებზე წილების გადანაწილებაზე ლაპარაკობს?

ერთი კითხვა უნდა დავსვა და თქვენც დასვით, რატომ ეშინიათ ვიღაცებს? საბანკო ოლიგარქიაზე რატომ არავინ ლაპარაკობს? 2025 წელს 3 მილიარდი მოგება რომ ნახეს. 2012 წელს ბანკების წმინდა მოგება 125 მილიონი ლარი იყო, ახლა კი 3 მილიარდია — 20-25-ჯერ გაიზარდა. ვის გაეზარდა შემოსავალი 25-ჯერ? თავის გულში ჩაიხედოს ყველამ, ან კალკულატორი აიღოს და მაცივარი გამოაღოს. საბანკო ოლიგარქიაზე რატომ არ ლაპარაკობთ? ადამიანებს სესხები კაბალურ პირობებში აქვთ. 10 000 ლარს რომ ისესხებ, ხუთი წლის შემდეგ 18 000 უნდა დააბრუნო; 20 000-ის ნაცვლად — 45 000 ოთხ წელიწადში. რატომ არავინ საუბრობს ივანიშვილის მიერ შექმნილ საბანკო ოლიგარქიაზე, საიდანაც მოდის სესხების, ფასებისა და ყველაფრის სიძვირე?

ყოველ ჯერზე მათ მოედანზე გადავყავართ. ტელევიზორს ვუყურებ ყოველდღე: „აი, ახლა დაიწყება“, „აი, ახლა ვიზამთ“… არავინ არაფერს იზამს, ეს ფაქტია. თუმცა მესმის თქვენი — ავტოკრატიაში არ უნდა ველოდოთ, რომ ოპოზიცია ძლიერი იქნება. ვენესუელაში, ირანში, ბელორუსსა თუ რუსეთში გინახავთ ძლიერი ოპოზიცია? ავტოკრატიაში ძლიერი ოპოზიცია არ არსებობს, რადგან მათ იჭერენ. აგერ ვარ, ოპოზიცია ვარ და პატიმრობაში ვარ, ხალხო! მხოლოდ ლაპარაკის გამო. მე ხომ არ მედავებიან ძალადობას ან რაიმე ქმედებას? არა, მხოლოდ საუბარს.

ძლიერი საზოგადოება გვყავს. მე ქედს ვიხრი იმ ხალხის წინაშე, ვინც ჯერ კიდევ პროტესტშია. მაგრამ, როგორც ნათქვამია, „სიმართლე თვალის სინათლეა“ — ეს რეალობა გვაქვს. გინდათ მოგეწონოთ ჩემი ნათქვამი, გინდათ — არა. ეს არის სიმართლე.

მე ამ ბრძოლაში ჩემი ტყავი, ჩემი თავისუფლება და ჯანმრთელობა მაქვს ჩადებული და ეს ყველამ ნახა. მაგრამ თუ სხვაგვარად არ ხერხდება, მაშინ დაიწყეთ ლაპარაკი, რომ მძევლები მაინც გავათავისუფლოთ. თქვენ, ვინც გარეთ ხართ, ამბობთ — დაველოდოთ, სად გვეჩქარებაო. ტყვეობაში მყოფმა ხალხმა რა დააშავა? ისინიც დაბრუნდნენ ოჯახებში და თქვენთან ერთად დაელოდონ, როდის მოხდება რამე „თავისით“.

ძმებო, კარგო ხალხო, მე გელაპარაკებით, როგორც თქვენი რიგითი გულშემატკივარი. არასდროს მითქვამს, რომ თანამდებობა მინდა; ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი ვარ. ერთი პატრიოტი კაცი ვარ, რომელიც მუდამ სიმართლეს ლაპარაკობს. ესეც მიიღეთ ჩემს ალალ-მართალ სიტყვად.

დასასრულს, ეს ერთი ინფორმაციაც გაიტანეთ სხდომის დარბაზიდან, მინდა საზოგადოებამ იცოდეს: სასამართლოში ჩემი მოწმეები არ მოჰყავთ, უკვე ნახევარი წელია. არ მოჰყავთ ის „დანიშნული“ მოწმეც, ვისაც ხელი მოაწერინეს, თითქოს ხაბეიშვილის საუბარმა შეურაცხყოფილად აგრძნობინა თავი. ექვსი თვეა, პატიმრობაში ვარ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების გამო. პროკურორს არ მოსწონს ჩემი საუბარი, თუმცა ისიც კი არ მედავება, რომ რამე ჩუმად გავაკეთე. პროკურორიც ამბობს: ხაბეიშვილმა საჯაროდ თქვა ეს, აქციას დაუჭირა მხარი, „მშვიდობიან დამხობასო“, პროაქტიული იყო და ლაპარაკობდა, ამის გამო უნდა იჯდესო. დანაშაული ყოფილა ის, რომ ვთქვი: ხალხს თავ-პირი არ დაალეწოთ და მომავალში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პრემიას ჯილდოს სახით მიიღებთო.

6 თებერვალს გვაქვს სასამართლო. სასამართლოსგან არაფერს ვითხოვ, გარდა ერთისა — დაჩქარებას. მე ხომ არ ვწელავ დროს გადადებით? მინდა, რომ მართლმსაჯულება სწრაფად აღსრულდეს. თქვან, არის თუ არა ეს კაცი დამნაშავე. იცით, რატომ მინდა დაჩქარება? გარდა იმისა, რომ პოლიტიკოსი ვარ და აქტიურ ცხოვრებას ვაპირებ, მყავს ორი შვილი, ორი ბიჭი, რომლებსაც ახლა მამა გარეთ სჭირდებათ. უნდა იცოდნენ, რამდენ ხანს მოუწევს მამას ჯდომა — მამას, რომელიც კრიმინალი არ არის. ლევან ხაბეიშვილი ნამდვილად არ არის საზოგადოებისთვის საშიში რეციდივისტი. ჩემს შვილებს თვალებში რომ ვუყურებ, მინდა იცოდნენ, როდის ვიქნები მათთან. 10 წლის შემდეგ თუ 2 თვეში? ამ ბიჭებისთვის მაქვს პასუხი გასაცემი. დააჩქარეთ! ამ ბავშვებს იმის უფლებაც კი არ აქვთ, იცოდნენ, რამდენ ხანს იქნებიან უმამოდ?!

[მიმართავს შვილებს] ძალიან მიყვარხართ. ვამაყობ თქვენით. ზუსტად იცოდეთ, რომ წინ არასდროს არაფერი დაგხვდებათ მამის სიმართლის, ადამიანობისა და კაცობის გარდა. ვწუხვარ და ბოდიშს გიხდით — რომ ამ მდგომარეობაში, უმამოდ გიწევთ ყოფნა. მაგრამ იარეთ თავაწეულებმა; ისტორია იტყვის, რომ მამა მხოლოდ სიტყვის გამო იყო დაკავებული. ვერავინ ვერასდროს წამოგაძახებთ, რომ მამათქვენი კრიმინალი იყო. უკიდურესად მიყვარხართ. ველოდები სასამართლოს და მართლმსაჯულებას. მადლობა!“

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს 2025 წლის 11 სექტემბერს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას ედავება საჯარო გამოსვლების დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირებას. საუბარია იმ საჯარო განცხადებაზე, სადაც ხაბეიშვილმა მიმართა გდდ-ის წარმომადგენლებს და თქვა, რომ „200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში“.

დღევანდელ სხდომაზე გამოიკითხნენ ხაბეიშვილის დამკავებელი პოლიციელი გია გაფრინდაშვილი და გამომძიებელი თამაზ გაგოშიძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით,  პატიმრობაში მყოფ ლევან ხაბეიშვილს 15 სექტემბრიდან პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება შეზღუდული აქვს.

ამავე თემაზე: