საზოგადოება

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბუსა ჟვანიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მასზე ძებნა გამოცხადდება

18 თებერვალი, 2026 •
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბუსა ჟვანიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მასზე ძებნა გამოცხადდება

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად და განზრახ, ორგანიზებული მკვლელობის საქმეზე ბრალი წარუდგინეს ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს, ასევე, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟს, ბესარიონ (ბუსა) ჟვნიას. დღეს სასამართლოში იმსჯელეს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე და წინასასამართლო სხდომის დანიშვნაზე.

ბუსა ჟვანიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. ის საქართველოში არ იმყოფება. ძმები კაკულიები სხვა დანაშაულის გამო ისედაც პატიმრობაში არიან და მათთვის აღკვეთის ღონისძიება ამ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა. სხდომას მოსამართლე თეონა ეპიტაშვილი უძღვებოდა.

გუშინ, 17 თებერვალს, განაცხადა პროკურატურამ, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია. მკვლელობის დამკვეთებად ძმები, გურამ და დავით კაკულიები დაასახელეს და ასევე აღნიშნეს ისიც, რომ მათ ეხმარებოდა ბუსა ჟვანია.

როგორც ბუსა ჟვანიას ადვოკატმა აღნიშნა, ჟვანიამ არც კი იცის, რომ სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობს. ძმები კაკულიები სხდომას დისტანციურად ლაითურის ციხიდან ჩაერთვნენ. მათ 9-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი სხვა საქმეზე.

პროკურორი გია შაიშმელაშვილი ჟვანიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზანშეწონილობას სასამართლოში ასე ასაბუთებდა:

„მას [ჟვანიას] ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ორგანიზება. საკმარისი მოტივატორია მოსალოდნელი სასჯელი, რომ ბრალდებული მიემალოს სამართალდამცავ უწყებას. მისი ადგილსამყოფელი ვერ იქნა დადგენილი. ის თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას. რამდენჯერმე არის გამოკითხული. ყველა შემთხვევაში მისცა სხვადასხვა ჩვენება. გამოძიებას გადაუმალა ტელეფონი, რომელსაც იყენებდა იგი დანაშაულის დაგეგმვის დროს და სხვა ტელეფონი მისცა. მისი თავისუფლებაში ყოფნა წარმოადგენს საფრთხეს ზემოქმედების იმ მოწმეებზე, რომლებიც დაკითხულები არიან და მასთან შემხებლობით ჩვენებებს იძლევიან.

[…] 2021 წლის გაზაფხულზე გათავისუფლდა [მსჯავრდებული იყო სხვა დანაშაულისთვის], სექტემბერში მოკლეს ნიკო კვარაცხელია. 6 თვის გათავისუფლებულიც არ იყო, როცა ამხილეს განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში. ფანტაზიაც აღარ მყოფნის, რა უნდა იყოს ამაზე მეტი დასაბუთება, რომ მისგან არსებობს საფრთხე დანაშაულებრივი მოქმედებების გაგრძელების“, — თქვა პროკურორმა შაიშმელაშვილმა.

ადვოკატები თვლიან, რომ კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გამოძიებისთვის დღეს ზუსტად ის არის ცნობილი, რაც 5 წლის წინაც იყო. კაკულიებისა და ჟვანიასთვის ბრალის წაყენებას სხვა მოტივი აქვს:

„ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ეს ყველაფერი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერთი მხარე აპირებდა აქციების დაწყებას, თუ პროკურატურა არ იმოქმედებდა. […] არსებობს ერთი ფაქტი მაინც, რომ [ჟვანია] დაიბარა გამოძიებამ და არ მოვიდა? დღეს უბრალოდ არ იცის, რომ მის წინააღმდეგ სამართალწარმოება მიმდინარეობს. ზუსტად ის მტკიცებულებებია დღეს, რაც 5 წლის წინ იყო, ახალი არაფერი მომხდარა. ბრალის წარდგენა მოხდა მიზანმიმართულად. ბრალის წარდგენამდე ბრალდება ამბობს, რომ ამ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს და ამით საზოგადოების მოწამვლა ხდება. ბრალდებულებს ერთმევათ სამართლიანი სასამართლოს უფლება“, — ადვოკატი.

ადვოკატი გულისხმობს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედის, იზა ომაძის განცხადებას, რომ გამოვიდოდა ქუჩაში და სამართალს იქ მოძებნიდა.

„კატეგორიულად არ ვეთანხმები წარდგენილ ბრალს. ეგ არის მედიის მოგონილი სცენარი. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია კვარაცხელიას მკვლელობა. დარწმუნებული ვარ, რომ პროცესში კვარაცხელიებიც გაიგებენ ამას და გაიტანენ საჩივარს. გამორიცხულია, რომ ამ მოგონილი, შეკერილი საქმით ამდენი ადამიანი იქნეს დასჯილი“, — თქვა დისტანციური ჩართვისას მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ძმები კაკულიებიდან ერთ-ერთმა.

მოსამართლის გადაწყვეტილება, რომ ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ნიშნავს იმას, რომ მასზე ძებნა გამოცხადდება.

წინასასამართლო სხდომა 8 აპრილს დაინიშნა. წინასასამართლო სხდომაზე იმსჯელებენ მტკიცებულებების დასაშვებობაზე და გადაწყდება, საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე უნდა გადავიდეს თუ არა.

გუშინ განცხადება გაავრცელა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმაც, რომელიც პოლიციის ყოფილი პოლკოვნიკის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ინტერესებს იცავს. ადვოკატის თქმით, „პოლიტპატიმარი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი მზად არის, რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესულ პროკურატურის გამომძიებელს, ადვოკატის თანდასწრებით, მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია და დაეხმაროს ნიკო კვარაცხელიას ოჯახს სრული სიმართლის დადგენაში“.

პოლიციის ყოფილი პოლკოვნიკი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსია. ამ პოსტზე ყოფნის დროს მან დააკავა კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილე პირები. ქვაჭრელიშვილი უფლებამოსილების გადამეტების, ქრთამის აღების ბრალდებით გაასამართლეს და 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თავად ქვაჭრელიშვილი მიიჩნევს, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების ინტერესებს უკავშირდება, მათ შორის, ყოფილი მთავარი პროკურორების, ოთარ ფარცხალაძის, გიორგი გაბიტაშვილის.

ადვოკატის განცხადება სრულად იხილეთ აქ:


ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული შემთხვევაა საქართველოში, რომელმაც საზოგადოება შეძრა მსხვერპლის პიროვნებისა და დანაშაულის სისასტიკის გამო.

ნიკო კვარაცხელია იყო 22 წლის ტექნოლოგიური მეწარმე, პირველი ქართული სოციალური პლატფორმის, Feedc-ის დამფუძნებელი. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ტექნოლოგიების სფეროში.

მკვლელობა მოხდა 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე. ნიკოს საკუთარ ავტომობილთან ახლოს დაახლოებით 10-ჯერ ესროლეს. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანდა, როგორ ელოდებოდა მკვლელი მსხვერპლს და როგორ დაცხრილა ის დღისით, ხალხმრავალ ადგილას. ნიკო კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მკვლელობის შემდეგ სამართალდამცავებმა დაადგინეს ორი ეჭვმიტანილის ვინაობა: აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ისინი შემთხვევის ადგილიდან ნაქირავები მანქანით მიიმალნენ.

რამდენიმეკვირიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ ისინი წყნეთში დააკავა. მათ იქირავეს ბინა, მანქანა და აკვირდებოდნენ ნიკოს გადაადგილებას.

2022 წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე პირი დამნაშავედ ცნო: აკო ჭელიძეს (უშუალო მკვლელს) და გიორგი კავილაძეს (თანამონაწილეს) მიესაჯათ 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნიკო კვარაცხელიას ყველაზე დიდი და ცნობილი პროექტი იყო Feedc — პირველი ქართული მრავალფუნქციური სოციალური პლატფორმა.

  • Feedc-ის მთავარი იდეა იყო ინფორმაციის დეცენტრალიზაცია. მომხმარებელს შეეძლო ენახა სიახლეები იმის მიხედვით, თუ სად იმყოფებოდა (ლოკაციაზე დაფუძნებული), მეგობრობის ან „ფოლოვინგის“ გარეშე.
  • ნიკო მუშაობდა იმაზე, რომ პლატფორმა საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებულიყო და მას უკვე ჰყავდა მილიონობით მომხმარებელი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

ნიკო აქტიურად უჭერდა მხარს ახალგაზრდების ჩართვას IT სფეროში. მას სჯეროდა, რომ საქართველოს ჰქონდა პოტენციალი, გამხდარიყო რეგიონის ტექნოლოგიური ჰაბი.

  • ის მუშაობდა სხვადასხვა პროგრამულ გადაწყვეტილებებზე;
  • იყო მოტივატორი ბევრი დამწყები დეველოპერისთვის;
  • ხშირად მონაწილეობდა ფორუმებსა და შეხვედრებში, სადაც ტექნოლოგიურ მომავალზე საუბრობდა.

ნიკომ განათლება ბრიტანეთში, Loughborough University-ში მიიღო, სადაც ბიზნესსა და მენეჯმენტს სწავლობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი