საზოგადოება

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემკვეთებად ძმები კაკულიები და ბუსა ჟვანია დაასახელეს

17 თებერვალი, 2026 •
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემკვეთებად ძმები კაკულიები და ბუსა ჟვანია დაასახელეს

პროკურატურის განცხადებით, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია.

პროკურატურამ მკვლელობის დამკვეთებად ძმები, გურამ და დავით კაკულიები დაასახელა. გამოძიების თანახმად, ამ საქმეში მათ ეხმარებოდა ბესარიონ (ბუსა) ჟვანია, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟი, და ბრალს მასაც წარუდგენენ. ბუსა ჟვანია, როგორც ჩანს, ქვეყანაში არ იმყოფება და მასზე ძებნა ცხადდება.

პროკურატურის ვერსიით, ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მამაზე ცდილობდნენ შურისძიებას.

პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ძმებმა გურამ და დავით კაკულიებმა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, ამ უკანასკნელის შვილის, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობა განიზრახეს. ძმები კაკულიების მამა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი, დავით კაკულია 2001 წლის 25 აგვისტოს ქ.მოსკოვში მოკლეს, რაზეც კრიმინალურ სამყაროში და ასევე საზოგადოებაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით კაკულიას მკვლელობის დამკვეთი თითქოსდა გია კვარაცხელია იყო.

გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს, ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს, ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ, ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე, ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან, გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.

განზრახ მკვლელობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის გამარტივების მიზნით, დავით და გურამ კაკულიებმა 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რაც ცნობილი იყო ბესარიონ ჟვანიასთვის, რომელმაც ისინი ილია ჭავჭავაძის გამზ. N78-ში მდებარე, მისსავე ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში დააბინავა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად მიდიოდნენ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. მათ ძმებმა კაკულიებმა დანაშაულებრივი მოქმედების დროს მათთან კომუნიკაციისათვის განკუთვნილი „რედმის“ მოდელის მობილური ტელეფონი გადასცეს.

ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ, თავის მხრივ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს დანაშაულის ჩასადენად განკუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ასევე, დაადგინეს ნიკოლოზ კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის მისამართი და ყოველდღიური თვალთვალით სწავლობდნენ მისი გადაადგილების დეტალებს.

2021 წლის 14 სექტემბერს გიორგი კავილაძემ და ალეკო ჭელიძემ იქირავეს „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილი და დანაშაულის ჩასადენად მოემზადნენ.

2021 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 16 საათზე და 20 წუთზე, გიორგი კავილაძე და ალეკო ჭელიძე დაქირავებული „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილით მივიდნენ თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და პირად საქმეზე მყოფ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ. შემთხვევის ადგილზე ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას. ნიკოლოზ კვარაცხელია თავდამსხმელისგან თავის დაღწევის მიზნით გაქცევას შეეცადა, თუმცა ალეკო ჭელიძე დაედევნა მას და კვლავ განაგრძო მისი მიმართულებით სროლა, რითაც სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა. სროლის დასრულების შემდეგ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით. შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა პირებმა ნიკოლოზ კვარაცხელია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების შედეგად იგი იმავე დღეს გარდაიცვალა.

დანაშაულებრივი ქმედების შესრულებისთანავე ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ მკვლელობის შემკვეთებს, გურამ და დავით კაკულიებს ტელეფონით აცნობეს მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც ძმებმა რამდენიმე წუთში დატოვეს მათი დროებითი საცხოვრებელი, ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლი. ასევე, გიორგი კავილაძე ტაქსის მძღოლის მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ბესარიონ ჟვანიას და საუბრის დროს მიანიშნა ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ.

საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგენს, (2021 წელს მოქმედი რედაქციით) რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებულები არიან და სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებული აქვთ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულები გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ძმებმა კაკულიებმა 2022 წელს არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთი პირი დაჭრეს და აღნიშნულ ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.

პროკურატურა ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ბესარიონ ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით.


ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული შემთხვევაა საქართველოში, რომელმაც საზოგადოება შეძრა მსხვერპლის პიროვნებისა და დანაშაულის სისასტიკის გამო.

ნიკო კვარაცხელია იყო 22 წლის ტექნოლოგიური მეწარმე, პირველი ქართული სოციალური პლატფორმის, Feedc-ის დამფუძნებელი. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ტექნოლოგიების სფეროში.

მკვლელობა მოხდა 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე. ნიკოს საკუთარ ავტომობილთან ახლოს დაახლოებით 10-ჯერ ესროლეს. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანდა, როგორ ელოდებოდა მკვლელი მსხვერპლს და როგორ დაცხრილა ის დღისით, ხალხმრავალ ადგილას. ნიკო კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მკვლელობის შემდეგ სამართალდამცავებმა დაადგინეს ორი ეჭვმიტანილის ვინაობა: აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ისინი შემთხვევის ადგილიდან ნაქირავები მანქანით მიიმალნენ.

რამდენიმეკვირიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ ისინი წყნეთში დააკავა. მათ იქირავეს ბინა, მანქანა და აკვირდებოდნენ ნიკოს გადაადგილებას.

2022 წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე პირი დამნაშავედ ცნო: აკო ჭელიძეს (უშუალო მკვლელს) და გიორგი კავილაძეს (თანამონაწილეს) მიესაჯათ 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნიკო კვარაცხელიას ყველაზე დიდი და ცნობილი პროექტი იყო Feedc — პირველი ქართული მრავალფუნქციური სოციალური პლატფორმა.

  • Feedc-ის მთავარი იდეა იყო ინფორმაციის დეცენტრალიზაცია. მომხმარებელს შეეძლო ენახა სიახლეები იმის მიხედვით, თუ სად იმყოფებოდა (ლოკაციაზე დაფუძნებული), მეგობრობის ან „ფოლოვინგის“ გარეშე.

  • ნიკო მუშაობდა იმაზე, რომ პლატფორმა საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებულიყო და მას უკვე ჰყავდა მილიონობით მომხმარებელი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

ნიკო აქტიურად უჭერდა მხარს ახალგაზრდების ჩართვას IT სფეროში. მას სჯეროდა, რომ საქართველოს ჰქონდა პოტენციალი, გამხდარიყო რეგიონის ტექნოლოგიური ჰაბი.

  • ის მუშაობდა სხვადასხვა პროგრამულ გადაწყვეტილებებზე;

  • იყო მოტივატორი ბევრი დამწყები დეველოპერისთვის;

  • ხშირად მონაწილეობდა ფორუმებსა და შეხვედრებში, სადაც ტექნოლოგიურ მომავალზე საუბრობდა.

ნიკომ განათლება ბრიტანეთში, Loughborough University-ში მიიღო, სადაც ბიზნესსა და მენეჯმენტს სწავლობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი