საზოგადოება

პროკურატურის ვიდეო-მტკიცებულებები ბრალდებას ვერ ადასტურებს | თოშხუა/შერვაშიძის საქმე

23 იანვარი, 2026 •
პროკურატურის ვიდეო-მტკიცებულებები ბრალდებას ვერ ადასტურებს | თოშხუა/შერვაშიძის საქმე

მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას საქმეზე დღეს სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა. პროკურატურამ თავისი მტკიცებულებების გამოკვლევა პრაქტიკულად დაასრულა.

23 იანვარს ბრალდების მხრიდან გამოსაკვლევი მტკიცებულება 112-ის კამერების ჩანაწერები იყო, რომელსაც უნდა ეჩვენებინა ის, რასაც მანამდე ამტკიცებდა პროკურატურა — რომ მინდიამ და თორნიკემ, 2025 წლის 31 ივლისის ღამეს, ჯგუფურად იძალადეს ბექა გოცირიძეზე, 37 წლის ყოფილ ფეხბურთელზე, „ქართული ოცნების“ გულმხურვალე მხარდამჭერზე, რომელსაც „ოცნების“ მოწინააღმდეგე აქტივისტები ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე კალაძის პერსონალურ „ტიტუშკადაც“. გოცირიძემ, პროკურორ ნინო ჟვანიას თქმით, „ფიზიკური ტკივილი განიცადა“.

რას აჩვენებს საქმეში მტკიცებულებებად დართული 112-ის ვიდეოჩანაწერები კამერებიდან, რომლებიც პარლამენტის მიმდებარედ არის განთავსებული და მომხდარს სხვადასხვა რაკურსით ასახავს, უხმოდ:

ყველაფერი იწყება 2025 წლის 31 ივლისს, საღამოს 23:05 საათზე, და ორიოდე წუთში მთავრდება.

რუსთაველი გადაკეტილია, ზუსტად პარლამენტის წინ, გზაზე, ღერძულა ხაზზე ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით იმყოფებიან მინდია შერვაშიძე და თორნიკე თოშხუა. მინდია ასფალტზე ზის, თორნიკე მოშორებით დგას და ნაცნობს ესაუბრება.

23:05 საათზე ჩნდება შავებში ჩაცმული ბექა გოცირიძე, ტელეფონით ხელში, რომელიც გადაკეტილ რუსთაველზე, სადაც ხალხი მეჩხრად დგას, ჩაუვლის, მათ შორის, ძირს მჯდომ მინდია შერვაშიძეს. [გოცირიძემ სასამართლოში თავადვე მოჰყვა, რომ მთაწმინდიდან, კახა კალაძის წინასაარჩევნო ღონისძიებიდან მოდიოდა.] წამებში ვხედავთ, რომ ბექა გოცირიძე მინდიასკენ ტრიალდება და, სავარაუდოდ, იწყება სიტყვიერი შელაპარაკება. მინდია ფეხზე დგება და გოცირიძეს უახლოვდება. ამავე დროს ჩანს, რომ თორნიკე თოშხუაც მათკენ მიდის. მათკენ იძვრებიან სხვა ადამიანებიც. ვხედავთ, რომ აშკარა სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ შეხებაში გადადის. თუმცა პროკურორი ვიდეოს პარალელურად აკეთებს ისეთ კომენტარებს, რაც მინდიასა და თორნიკესთვის ბრალის დასამტკიცებლად გამოდგებოდა. უგულებელყოფს აშკარად აღქმად ეპიზოდებს, რაც ბრალდებულების სასარგებლოდ მეტყველებს და ადასტურებს მათ მონათხრობს მომხდართან დაკავშირებით. პროკურორი თვალს არიდებს ბექა გოცირიძის მხრიდან სავარაუდო სამართალდარღვევას და მინიმუმ, კონფლიქტის პროვოცირებას.

კერძოდ:

  • სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურში გადადის მაშინ, როდესაც ბექა გოცირიძე კორპუსით ეჯახება თორნიკე თოშხუას (მას ეს გამოკითხვისას არ უარუყვია და თქვა, რომ „ინერციით შეეჯახა“). ამის შემდეგაა, რომ სამეულს სხვა ხალხიც ეხვევა გარს. ბექა გოცირიძე ურტყამს გაიოზ კალანდაძეს, რომელიც დაცვის მხრიდან მოწმედ უნდა გამოიკითხოს სასამართლოში. ამავე მომენტში ჩანს გოცირიძის მხრიდან მოქნეული ხელი თოშხუას მიმართ. ყველა ცდილობს ბექა გოცირიძის გარიდებას პროტესტის ტერიტორიიდან, თოშხუა უქნევს ფეხს და ხელს კეფის არეში ურტყამს. ეს მოქმედებები ხდება გადაადგილებისას — ბექა გოცირიძეც აგრძელებს გზას და მისი მიმყოლი თუ გარს მყოფი აქციის მონაწილეებიც.
  • დაახლოებით ჭიჭინაძის ქუჩის ასახვევთან ახლოს, პარლამენტისპირა ტროტუართან, გოცირიძე მორბის და მას თოშხუა მოსდევს, ჩანს, რომ ფეხზე ფეხს ჰკრავს, რის შემდეგაც გოცირიძე წაფორხილდება და ეცემა. წამოდგომისას მუცელში მუხლს ურტყამს თოშხუა. გოცირიძეს, რომელსაც მარჯვენა ხელში ტელეფონი უკავია, მარცხენა ხელი, უკვე მეორედ, შარვლის ჯიბისკენ მიაქვს. ამავე ეპიზოდში ჩანს, რომ ჯიბიდან რაღაც უვარდება, რასაც პროტესტის მონაწილე ლადო (ვეფხია) ბეროზაშვილი იღებს. [სწორედ ეს ნივთია დანა, რომელსაც პროტესტის მონაწილეები პოლიციას აბარებენ, ილუქება და ინახება ასევე მომდევნო სხდომაზე დასაკითხ გამომძიებელ კორნელი კირცხალიასთან, სანამ დაცვის მხრიდან აპელირების შემდეგ საქმეს დაურთავენ — მას შემდეგ, რაც ბექა გოცირიძეს მედიაში გავრცელებული ცნობების შემდეგ „გაახსენდება“, რომ დანა ჰქონდა რუსთაველზე და დაკარგა].

23:07 საათზე ყველაფერი დამთავრებულია. საწყის ადგილს არიან დაბრუნებული მინდია და თორნიკე, სადაც გოცირიძესთან კონფლიქტი დაიწყო.

გოცირიძე პოლიციელის თანხლებით გადის აქციის არეალიდან. მას ეწევიან აქციის მონაწილეები და აძლევენ გასაღებს, რომელიც ასევე ამოუვარდა, რასაც არ უარყოფს არც პროკურორი. თუმცა პროკურორი მის მიერვე მოტანილ კადრებში „ხედავს“ მხოლოდ შემდეგს, რომ მინდია შერვაშიძე და თორნიკე თოშხუა ესხმიან თავს გოცირიძეს, თორნიკე თოშხუა მას ურტყამს. ის უარყოფს ჯიბისკენ, სავარაუდოდ, დანის ამოსაღებად წაღებულ ხელს გოცირიძის მხრიდან და ამბობს, რომ უბრალოდ შარვალს ისწორებს. ვერ ხედავს, ან კომენტარს არ აკეთებს გოცირიძის მხრიდან გამოხატულ აგრესიაზე და კონფლიქტის პროვოცირებაზე. მიუთითებს, რომ ოცამდე ადამიანი წამოვიდა „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მისაღებად“ და „დაესია“ ბექა გოცირიძეს.

„ხალხმრავალ ადგილას დანით შეიძლება შესვლა?“ — ეკითხება პროკურორს მინდია შერვაშიძე.

პროკურორი არ პასუხობს, მერე კი ჩაილაპარაკებს, — „გააჩნია“.

„ბატონო?!“

ადვოკატი ომარ ფურცელაძე: „თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბექა გოცირიძის მიმართ არის თუ არა მიღებული ზომები, რომ ხალხმრავალ ადგილას დანით იყო?“

პროკურორი ნინო ჟვანია: „როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დაჯარიმებულია. შეიძლება პიროვნებას ჰქონდეს დანა, მაგრამ როცა არ იღებს და შენ წინააღმდეგ არ იყენებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯგუფურად დაესხა თავს.“

თორნიკე თოშხუა: „საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვა თუ არა?!“

პროკურორი: „თქვენი მხრიდან დაირღვა.“

საქმის განხილვის მიმდინარე ეტაპს ბრალდების მხარის პოზიციებს აფასებს ბრალდებულების ადვოკატი და მას „უცნაურს“ უწოდებს, თუმცა, მინდიასა და თორნიკესთვის სასარგებლოდ უცნაურს.

„პროკურატურას უწევდა ეჩვენებინა ერთი კადრი ეკრანზე და გაეკეთებინა სხვა შეფასება. დაზარალებული [ბექა გოცირიძე], ბრალდებულები და ბრალდებულების ადვოკატები ვართ ერთ აზრზე და ვიდეოს ვაფასებთ თითქმის იდენტურად, რაც გამორიცხავს სისხლის სამართლის დანაშაულს. მხოლოდ პროკურორი იზოლირებულად აფასებს ამ ვიდეომასალას, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულის მადასტურებელ მტკიცებულებას. მსგავს გარემოებას ბევრ საქმეში ვერ შეხვდებით, რომ დაზარალებული და დაცვის მხარე თანხმდებოდნენ, დანაშაული ჩადენილი არ არის. ამას ადასტურებდეს საქმეში ჩადებული ვიდეომტკიცებულებებიც და განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს მხოლოდ პროკურორს. ცოტა უცნაური სიტუაცია გვაქვს. მაგრამ ეს უცნაურობა ბრალდებულების სასარგებლოდ არის.

მოწმეები [დაცვის მხარის] იტყვიან იმასაც, რომ ისმოდა შეძახილები, „დანა! დანა აქვს! არცერთ მომენტში არავინ ცდილობდა მის შემოტრიალებას, არამედ ცდილობდნენ, გაერიდებინათ. პროკურატურა ამტკიცებს, 20-30 ადამიანი გავეშებული მისდევდა დაზარალებულსო, მაგრამ ვიდეომტკიცებულებაში ჩანს, რომ ეს „გავეშებული“ მასა მას პირად ნივთებს უბრუნებს და უკან ბრუნდება“, — თქვა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ სხდომის შემდეგ.

წინასწარ არსებული მოლოდინის საწინააღმდეგოდ, 17 დეკემბერს, ჩვენების მიცემისას, ბექა გოცირიძემ მოსამართლეს არაერთგზის ხაზგასმით უთხრა, რომ „არაფერი განსაკუთრებული და სასწაული ტკივილი არ განუცდია“. მან დაადასტურა, რომ ბრალდებულების მისამართით პრეტენზია არ აქვს, არაა მათი გათავისუფლების წინააღმდეგი, თუნდაც გირაოს სანაცვლოდ. და საერთოდაც, „რა ამბავი ატყდა“, „ადამიანური ჩხუბი“ იყო და თვითონაც „მოიქნია ხელი“. რუსთაველზე გავლას და ამ კონფლიქტს „ნანობს“ კიდეც. თუმცა ჩვენების დასასრულს თორნიკე თოშხუას ბექა გოცირიძე უზუსტებს, რომ რუსთაველზე „ქათმები და აკაცუკები დგანან. გზას არ უნდა კეტავდნენ და მოსახლეობას არ უნდა აწუხებდნენ“.

მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას საქმეზე მომდევნო სხდომა 6 თებერვალს, 13:00 საათზე გაიმართება და ბრალდების მტკიცებულებების კვლევა ამით დასრულდება. მომდევნო სხდომაზე, სავარაუდოდ, გამოიკითხება გამომძიებელი კორნელი კირცხალია, რომელთანაც ბექა გოცირიძის დანა ინახებოდა, სანამ საქმეში მას გამოაჩენდნენ და მასალებს თან დაურთავდნენ. სასამართლოში მოიტანენ, სავარაუდოდ, დანასაც, ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევის ეპიზოდისთვის. ამის შემდეგ ჯერი დაცვის მხარის მტკიცებულებების კვლევაზე, ანუ დაცვის მოწმეთა გამოკითხვაზე მიდგება, რაც ასევე, მაღალი ალბათობით, ერთი სხდომის ფარგლებში მოხდება. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას საქმეზე მოსამართლე ელენე გოგუაძე განაჩენს სულ რამდენიმე სხდომაში გამოიტანს.


ბექა გოცირიძე, 2025 წლის 31 ივლისის ინციდენტამდე, სოციალურ ქსელებში ღიად ემუქრებოდა და აგინებდა რუსთაველზე მყოფ უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს. 31 ივლისის ღამეს თავადვე მიდის რუსთაველზე, მოზრდილი დანით ჯიბეში. შეურაცხყოფას აყენებს შეკრებილ მოქალაქეებს, ზოგადად, მერე- კონკრეტულ ადამიანებს, ქალებს, და ემუქრება მათ. ამას დაპირისპირება მოჰყვება. დაპირისპირებისას უვარდება დანა, რომელსაც აქციის მონაწილეები იღებენ და პოლიციას აბარებენ. გოცირიძეს აქციას განარიდებენ.

მომდევნო კვირების განმავლობაში ის არაერთხელ მივიდა პოლიციაში, უჩიოდა მინდიასა და თორნიკეს. პარალელურად აქვეყნებდა ვიდეოებს, სადაც აგრძელებდა აქციის მონაწილეებისადმი ლანძღვა-გინებას და ამასთან, მომხდარ ინციდენტზე ამბობდა, რომ პირიქით, თავად გაუსწორდა მათ.

16 აგვისტოს მინდია შერვაშიძე და თორნიკე თოშხუა დააკავეს. გამოძიებისას და შემდეგ უკვე სასამართლოში გამოკითხულმა გამომძიებლებმა სრულიად უგულებელყვეს, არ დაუსვამთ კითხვებიც კი იმაზე, რომ ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა ა) მოვლენების კადრებში ხილვადი განვითარება და  გოცირიძის მონათხრობი, ბ) თავად გოცირიძის მონათხრობები პოლიციაში სხვადასხვა დროს, გ) მის მიერ საჯაროდ მონაყოლი და პოლიციაში ნაამბობი, დ) მინდიასა და თორნიკეს ჩვენებები მაგისტრ მოსამართლესთან და გოცირიძის ვერსია. არ გასჩენიათ კითხვები გოცირიძის მხრიდან მანამდე და უშუალოდ 31 ივლისის ღამესაც რუსთაველზე გამოხატულ აგრესიასა და მუქარასთან დაკავშირებით.

ჯგუფური ძალადობის მუხლი, რომლითაც თორნიკესა და მინდიას ბრალი აქვთ წარდგენილი (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასოთხმოციდან ორასორმოც საათამდე, ან პატიმრობას ორ წლამდე.

საქმის სხვა გარემოებები და დეტალები ვრცლად, რაც დაგაინტერესებთ, იხილეთ აქ:

„დაზარალებულ“ გოცირიძეს პრეტენზია არ აქვს, მაგრამ მინდია შერვაშიძე და თორნიკე თოშხუა პატიმრობაში რჩებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი