მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას საქმეზე პროკურატურამ 17 დეკემბერს სასამართლოში თავისი მთავარი მოწმე, დაზარალებულად ცნობილი ბექა გოცირიძე მოიყვანა ჩვენების მისაცემად. მიუხედავად იმისა, რომ გოცირიძის თქმით, არსებითი ტკივილი არ განუცდია და პრეტენზია არ აქვს, მოსამართლე ელენე გოგუაძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომ ამ ახალი გარემოების საპასუხოდ ბრალდებულები წინასწარი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა. მან შერვაშიძე და თოშხუა პატიმრობაში დატოვა.
გაგახსენებთ, რომ მინდიას და თორნიკეს ჯგუფურად ძალადობა ბრალდებათ. პროკურატურის მტკიცებით, მათი „მსხვერპლი“ ბექა გოცირიძე გახდა, რომელმაც პროკურორ ნინო ჟვანიას თქმით, „ფიზიკური ტკივილი განიცადა“.
მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ჩვენების მიცემისას ბექა გოცირიძემ მოსამართლეს არაერთგზის ხაზგასმით უთხრა, რომ „არაფერი განსაკუთრებული და სასწაული ტკივილი არ განუცდია“. მან დაადასტურა, რომ ბრალდებულების მისამართით პრეტენზია არ აქვს, არაა მათი გათავისუფლების წინააღმდეგი, თუნდაც გირაოს სანაცვლოდ. და საერთოდაც, „რა ამბავი ატყდა“, „ადამიანური ჩხუბი“ იყო და თვითონაც „მოიქნია ხელი“. რუსთაველზე გავლას და ამ კონფლიქტს ნანობს კიდეც.
როგორ მოვედით დღევანდელ სხდომამდე?
ვინ არიან ბრალდებულები? მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილე აქტიური მოქალაქეები: მოქმედი საჯარო მოხელე, შემოსავლების სამსახურის მთავარი აუდიტორი, 37 წლის თორნიკე თოშხუა და 33 წლის მინდია შერვაშიძე, 3 არასრულწლოვანი ბავშვის მამა, რომელიც დილიდან სარემონტო სამუშაოებზე იყო და საღამოს რუსთაველზე უწყვეტად მიმდინარე პროტესტს უერთდებოდა.
ვინ არის დაზარალებული? 37 წლის ყოფილი ფეხბურთელი, „ქართული ოცნების“ გულმხურვალე მხარდამჭერი, რომელსაც „ოცნების“ მოწინააღმდეგე აქტივისტები ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე კალაძის პერსონალურ „ტიტუშკადაც“.
„კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფთან დაახლოებული პირი, რომელიც სარგებლობს პრივილეგიებით. ისეთი პრივილეგიებით, რომ თითის გატკაცუნებით შეუძლია მიუთითოს შსს-ს და პროკურატურას, ვინ დაიჭირონ და ვინ არა. გამოვიდეს და მის მიერვე მიცემული ჩვენების საწინააღმდეგო რამ თქვას საჯაროდ. დღემდე დევს საჯარო წყაროებში მისი ვიდეოები, რომ არავის უცემია“, — გვეუბნებოდა ადვოკატი ომარ ფურცელაძე ბექა გოცირიძეზე საქმის განხილვის უფრო ადრეულ ეტაპზე, — „6-ჯერ მისცა ჩვენება გამოძიებას, 4 საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტში. ლამის თანამშრომლებზე მეტ დროს ატარებს პოლიციის განყოფილებაში და ფურცელი და კალამი ვერ გააგდებინეს ხელიდან. […] ის არის შეიარაღებული თავდამსხმელი, პოლიციის კალთას შეფარებული კრიმინალი ორმაგი ცხოვრებით, ფსევდოძველი ბიჭის და პოლიციის ერთგული მუშაკის.“
თორნიკე თოშხუასა და ბექა გოცირიძის სისხლის სამართლის საქმე და ამბავი დაიწყო ასე:
- ბექა გოცირიძე სისტემატურად წერს და აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც ღიად გამოხატავს აგრესიასა და მუქარას რუსთაველზე ყოველდღიურად შეკრებილი დემონსტრანტების მიმართ.
- აქციის მონაწილეების თანახმად, 31 ივლისის ღამეს თავადვე მიდის რუსთაველზე, მოზრდილი დანით ჯიბეში. შეურაცხყოფას აყენებს შეკრებილ მოქალაქეებს ზოგადად, მერე კონკრეტულ ადამიანებს, ქალებს, და ემუქრება მათ. ამას დაპირისპირება მოჰყვება. ამ დროს უვარდება დანა, რომელსაც აქციის მონაწილეები იღებენ და პოლიციას აბარებენ. გოცირიძეს აქციას განარიდებენ.
- გადის დღეები, ორ კვირაზე მეტი. ბექა გოცირიძე დადის პოლიციაში, ჩივის, ხელს ადებს თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს. პარალელურად, საჯაროდ დებს ვიდეოებს, რომ მისი ცემა ვერ მოახერხეს, პირიქით, იქით გაუსწორდა მათ და ეს ყველაფერი არ არის. „შვილს ვფიცავარ, ვერაფერი მიქნეს. ფარჩაკები არიან. ვერც მცემეს. ვაგინე. მალე გაგაძევებთ მანდედან“ — ამბობს ბექა გოცირიძე და ყველა ამ ფრაზის ბოლოს იგინება და იმუქრება.
- ამ ყველაფრის მიუხედავად, 16 აგვისტოს მინდია შერვაშიძესა და თორნიკე თოშხუას აკავებენ ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით.
- პროკურატურა ამტკიცებს, რომ დანა, რომელიც აქციის მონაწილეებმა პოლიციას გადასცეს, საქმეში არ არსებობს და ეს ყველაფერი იმას ადასტურებს, რომ მას ის არ ჰქონია.
- თორნიკესა და მინდიას მოსამართლე ეკა ბარბაქაძე ე.წ. წინასწარ პატიმრობაში უშვებს და ისინი ოფიციალურად ეწერებიან სინდისის პატიმრების რიგებში. რადგან „არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისა და გამოძიებაზე/მოწმეებზე ზემოქმედების რისკი“.
თორნიკე თოშხუამ 21 დღის განმავლობაში იშიმშილა. უშედეგოდ ითხოვდა ბექა გოცირიძის დანის საქმეზე დართვას. შიმშილობა შეწყვიტა მოტივით, რომ ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდებოდა ჯანმრთელი ყოფილიყო. მხოლოდ წინასასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ ეს დანა, რომლის არსებობას მანამდე კატეგორიულად გამორიცხავდა პროკურორი ნინო ჟვანია, საქმეში მტკიცებულებად გაჩნდა და მანამდე, როგორც თითქოს უბრალოდ „ნაპოვნი ნივთი“, ერთ-ერთ გამომძიებელთან, კორნელი კირცხალიასთან ინახებოდა. საქმე არსებითად განსახილველად მოსამართლე ელენე გოგუაძეს გადაეცა.
მოწმეთა ჩვენებები:
- მთავარი გამომძიებელი გიგა ხურციძე ჰყვება, რომ დაზარალებული ბექა გოცირიძე გამოჰკითხა. დაათვალიერა 112-ის კამერების ჩანაწერები. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვისას მინდია შერვაშიძემ არაერთგზის მიუთითა ბექა გოცირიძის დანაზე, გამომძიებელმა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაატარა, რადგან, მისი თქმით, კამერების ჩანაწერში დანა ვერ დაინახა. აქვე ეშველება პროკურორი თავის მოწმეს და აცხადებს, რომ გამომძიებელი „აბსტრაქტული დანის ძებნას ვერ დაიწყებს“.
- უფროსი გამომძიებელი მინდია გოსტამაშვილი. მანაც გამოჰკითხა დაზარალებული ბექა გოცირიძე ორჯერ. წარუდგინა ბრალი თორნიკეს და მინდიას. მოწმე გამომძიებლების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ რატომღაც ყველა სიტყვაზე ენდობა ბექა გოცირიძეს. მაგალითად, გოსტამაშვილი ჰყვება, რომ „როცა გოცირიძეზე ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ბრალდებულებმა, ამ დროს ამოუვარდა დანა. ძალადობის მომენტში არ გაახსენდა და მერე ნახა სიუჟეტი დანაზე, რის შემდეგაც მიმართა პოლიციას. ამოუვარდა შემთხვევით და არ აპირებდა გამოყენებას, არც გამოუყენებია.“
- მოწმე დეტექტივი თამარ გაბროშვილი, რომელმაც შეისწავლა 112-ის კამერების ჩანაწერები, მანაც გამოჰკითხა გოცირიძე და აცხადებს: „მე მოწმე რასაც მეუბნება, იმას ვაფიქსირებ და ესე იგი კითხვა არ გამიჩნდა, თორემ ოქმში იქნებოდა.“ ანუ დეტექტივმა ვერც ის დაინახა, რომ გოცირიძე ხელს დასარტყმელად იშვერს სხვა ადამიანის მიმართ და არც რამე კითხვა გასჩენია შესაბამისად. „რა რეაგირებას ახდენთ, როგორც გამომძიებელი, როცა მონათხრობი და ვიდეო ერთმანეთს არ ემთხვევა?“ — ეკითხებიან ადვოკატები გამომძიებელს. „არ დამიფიქსირებია , რომ არ ემთხვეოდა“, — პასუხობს დეტექტივი. „ასე რატომ გააკეთე და ისე რატომ არ გააკეთე, ამ კითხვების დასმის უფლება ადვოკატს არ აქვს“ — ერთვება ნინო ჟვანია.
- ბრალდების მთავარი მოწმე, ბექა გოცირიძე და სასამართლოში მისი ჩვენებიდან ამონარიდები:
„მთაწმინდაზე ვიყავი [კახა კალაძის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, რომელზეც ამბობს, რომ დაპატიჟეს], მანქანა გამიფუჭდა და წამოვედი ფეხით, მივედი რუსთაველზე. მოგვივიდა შელაპარაკება, მოხდა ჩხუბი. 25 კაცს ვეჩხუბებოდი მარტო. ბატონო მოსამართლევ, რა მოვყვე, არც ვიცი. მივდიოდი, ჩხუბი მომივიდა რა. მარტო მინდია და გიორგი [თორნიკეს გულისხმობს] ხომ არ იყვნენ.
დიდი არაფერი, უბრალოდ მოგვივიდა ჩხუბი. მითხრა, რატო იღებო, მინდიამ. ძმა დაღუპვია და ვიზიარებ [მინდია შერვაშიძეს ძმა გარდაეცვალა, რომელიც კვირას დაკრძალეს. მინდიას, ბორკილდადებულს, რამდენიმე წუთით მიეცა საშუალება, რომ ძმას გამოთხოვებოდა]. მგონი, თორნიკემ დამარტყა პირველმა, ჩხუბი უშუალოდ მაგათთან მომივიდა. მე თავს ვიცავდი. დაახლოებით 3-4 წუთი გრძელდებოდა ჩხუბი. ვიჩხუბეთ, მინდოდა მოვცილებოდი, გავიქეცი, მომდევდნენ, მერე მოვიდა პოლიცია და გამარიდეს.
დიდი ტკივილი არ მიგრძნვია, რაღაცა სასწაული ტკივილი არ იყო, ხელი დამარტყა. ცოტა ვიგრძენი. ადამიანი ვარ, რომ დაგარტყამენ, ტკივილს იგრძნობ. ადამიანები ვართ და ვიჩხუბეთ, რა. არ შეიძლებოდა გირაო ან რაღაც? დააჭერინაო და მე რა დავაჭერინე?! თავს ვიცავდი და მეც ვურტყამდი. აგენტობა დამაბრალეს და მაბულინგებენ, არანაირი პროვოკაციის მოსაწყობად იქ არ მივსულვარ. დანის ამოღების მიზანი არ მქონია. ჩხუბისას ამომივარდა.
არ მეგონა, რომ ეგ ყველაფერი მოხდებოდა, თორემ ხომ არ გავივლიდი. უკეთესი იქნებოდა, სხვა გზით გამევლო, ვნანობ, რა თქმა უნდა.
არ მაქვს პრეტენზია ბრალდებულების მიმართ, მათი პატიმრობა არ მსურს და არც მათი თავისუფლად ყოფნით ვიგრძნობ საფრთხეს. ძაან გამიხარდება, თუ გაათავისუფლებენ.“
თუმცა ჩვენების დასასრულს თორნიკე თოშხუას ბექა გოცირიძე უზუსტებს, რომ რუსთაველზე „ქათმები და აკაცუკები დგანან. გზას არ უნდა კეტავდნენ და მოსახლეობას არ უნდა აწუხებდნენ“.
გოცირიძის დაკითხვის დასრულების შემდეგ, ადვოკატები, ომარ ფურცელაძე და დათა კუპრავა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვენ. მათი თქმით, ბექა გოცირიძის ეს ჩვენება ის ახალი გარემოებაა, რაც ბრალდებულების გათავისუფლების წინაპირობა უნდა გახდეს. ალტერნატივის სახით არ გამორიცხავენ გირაოს შესახებ მსჯელობასაც, თუ სასამართლო ასე გადაწყვეტს. თუმცა თორნიკე თოშხუას გირაოზე საუბარი უსამართლობის განცდას უმძაფრებს.
პროკურორი ნინო ჟვანია თვლის, რომ დაზარალებულის მხრიდან იმის თქმა, რომ პრეტენზია არ აქვს ბრალდებულების მიმართ, არ არის საკმარისი და ეს არ არის ის „ახალი გარემოება“, რაც თორნიკესა და მინდიას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს. მისი მტკიცებით, ძალაში უნდა დარჩეს პატიმრობა, რადგან არ დაუნახავს სინანული ბრალდებულების მხრიდან და რჩება ძალაში მათი მხრიდან „დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე“. მოსამართლე პროკურორს ეთანხმება და ამბობს, რომ მოწმის ჩვენება შეიძლება განაჩენის გამოტანისას გაითვალისწინოს, აღკვეთის ღონისძიების გადახედვისას — არა.
ჯგუფური ძალადობის მუხლი, რომლითაც თორნიკესა და მინდიას ბრალი აქვთ წარდგენილი (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასოთხმოციდან ორასორმოც საათამდე, ან პატიმრობას ორ წლამდე.
„დამხობა ბიძინას, თავისუფლება საქართველოს“, — დარბაზიდან გამოსვლისას მოგვყვება თორნიკე თოშხუას შეძახილი, რომელსაც, მინდიას მსგავსად, ხელზე ბორკილებს ადებენ და სხვა გასასვლელისკენ მიჰყავთ.
შემდეგი სხდომა უკვე მომავალი წელს, იანვარში გაიმართება. სასამართლოში 112-ის კამერების ჩანაწერებს გამოიკვლევენ, პროკურატურა თავისი მტკიცებულებების გამოკვლევას მორჩება და ჯერი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაზე მიდგება.








