აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს, რომ შეერთებული შტატების ფართომასშტაბიანი ოპერაცია ვენესუელაზე წარმატებული იყო, რომლის შედეგადაც დაკავებული არიან ვენესუელას ლიდერი ნიკოლას მადურო და მისი ცოლი. აშშ-ს პრეზიდენტის ცნობით, ისინი ქვეყნიდან გაიყვანეს.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს.
ეს ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავებთან ერთად განხორციელდა.
დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. პრესკონფერენცია დღეს, დილის 11 საათზე, მარ-ა-ლაგოში გაიმართება. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
დღეს, 3 იანვარს, დილით, გავრცელდა ცნობები ვენესუელაში აფეთქებების შესახებ და ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სამიზნეებზე, მათ შორის სამხედრო ობიექტებზე, დარტყმების ბრძანება გასცა.
ჯერჯერობით მწირი ცნობები ვრცელდება კარაკასში თავდასხმების შესახებ – რა ზიანი მიადგა დაბომბილ სამხედრო ინფრასტრუქტურას და რამდენი მსხვერპლია. ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა აგროვებს ინფორმაციას დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ და ამტკიცებს, რომ დარტყმები სამოქალაქო დასახლებებსაც შეეხო.








