თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მეია მელქაძემ გამოაცხადა.
პროკურატურამ, რომელსაც ვაჟა თოდუა და თამარ ბეჟუაშვილი წარმოადგენდნენ, სხდომის დახურვა მოითხოვა. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მანამდე სხდომა დაატოვებინეს ანი ნადარეიშვილსაც, რომლის სტატუსი საქმეში — მოწმეა თუ ბრალდებული — მხარეების თანახმად, განსაზღვრული არ არის.
ბაჩო ახალაია სხდომის დახურვის წინააღმდეგი იყო. მან თქვა, მას სუს-ში ცოლის დაკავებით ემუქრებოდნენ, თუ პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდნენ.
„რატომ უნდა დაიხუროს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ჯერ არც დაწყებულა? რა უნდა იყოს მიზანი იმისა, რომ უბრალოდ ადამიანები არ მოვიდნენ, არ გაიგონ ვინ არის დამნაშავე, და რა მტკიცებულებები არის საქმეში წინააღმდეგ?
ვერ გავიგე, ბრალდებულია ჩემი მეუღლე, არ არის ბრალდებული? გასულია დარბაზიდან, არ არის. ახლა საერთოდ დავხუროთ, არავინ შემოვუშვათო… დახურვაც, ჩემი ღრმა რწმენით, არის მთელი იმ პროცესის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს. დახურვას ისე არ მოითხოვენ, ხომ? რატომ ითხოვენ დახურვას, მიზეზი რა არის? მეც შემიძლია არ დავესწრო, არანაირი პრობლემა არაა, საერთოდ არავინ შეიძლება არ დაესწროს. ჯერ ადვოკატებს წარუდგინეს გაუთქმელობის ხელწერილი… კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მე ამის. მე მინდა მთელი პროცესის სრული საჯაროობა. მინდა, რომ ყველა მტკიცებულება ყველამ ნახოს და ყველამ მოისმინოს.
სულ რამდენიმე საათია მას შემდეგ გასული, ამ ადამიანზე მაქვს საუბარი, რომელიც ვერ გაირკვა ბრალდებულია თუ არ არის ბრალდებული [იგულისხმება ანი ნადარეიშვილი], ჩემთან ერთად დააკავეს. სუს-ის შენობაში გასაგებად, ნათლად, ქართულად, მკაფიოდ მითხრეს: ან ახლა შენ ცოლს დავიჭერთ, ან შენ იმ დანარჩენ ადამიანებს — პაატა ბურჭულაძიდან დაწყებული, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს, ყველას — ამხელ ძალადობის ორგანიზებაში. აი, ეს მითხრეს ღიად!
როცა მეუბნებიან, რომ შენ ცოლს დავიჭერთ და სიტყვა-სიტყვით მეუბნებიან — „13 წლის ბავშვს დაგიტოვებთ 10 წლით ობლად“ — თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ნიუანსის მქონე საქმე უნდა დაიხუროს? ახლოს მეჯდა ადამიანი, რომელიც ამას მეუბნებოდა: „ან იტყვი, რომ ბურჭულაძე, მურთაზი და სხვები და სხვები ჩადიოდნენ… აი ახლა, აი აქ, წუთები გაქვს, 15 წუთი გაქვს, 20 წუთი გაქვსო“. მერე — „კაი, თუ შენ არ მონაწილეობდი, ის მაინც თქვი, რომ იცოდი, თორემ დავიჭერთ შენ ცოლს“.
თქვენ გინდათ დახუროთ ეს საქმე, სადაც მემუქრებიან ცოლის დაჭერით და შვილის ობლად დატოვებით იმისთვის, თუ ჩემს მეგობრებზე არ ვიტყვი, რაც თვითონ მოუნდებათ მაგას? არა — ვუთხარი. და იცით როგორ გააგრძელეს? — „აბა, კარგად დაფიქრდი მეგობარო, შენი ბავშვი დარჩება ობლად 10 წლის მანძილზე“. ეს არის ტერორისტი, ვინც ამას აკეთებს. მძევლად აიყვანა ჩემი ცოლ-შვილი და მაიძულებდა, ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. ასე შეუთვალე [მიმართავს პროკურორს], ვინც შემოთვალა ეს წინადადება: საფლავიდან ამოგთხრი! აი, ამის დახურვა უნდათ, იმ სახელების და გვარების, ვინც ეს მე შემომითვალა და ვისაც მე პასუხი შევუთვალე.
მე არ მინახავს, კაცს უთხრეს შენ ცოლს დავიჭერთ, შენ თუ შენი ძმაკაცების წინააღმდეგ არ იტყვი რაღაც საშინელებას. არ მსმენია არსად საერთოდ. ბოლოს გამახსენდა, რაღაც არქაული მეგონა ის სტალინის ეპოქა… ამ კაცის სახელი და გვარი საქართველომ არ უნდა იცოდეს, ვინ აკეთებს ამას? ტერორისტები ხართ! ტერორისტები, რომლებმაც ცოლ-შვილი აიყვანეთ მძევლად და მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ“, — განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
ახალაიამ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სხდომის დახურვის შესახებ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელმაც „ქართული ოცნების” პირობებში 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს. მას 4 ოქტომბრის პროტესტთან დაკავშირებით „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა“ ედება ბრალად, რაც სასჯელის სახით 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„აღიარონ დანაშაული და ვიმსჯელებთ პატიმრობის შეცვლაზე“ — 4 ოქტომბრის საქმე
სუს-ისგან ბოდვა მოვისმინეთ, ბაჩოს ტელეფონი დადგენილიც არ აქვთ — ანი ნადარეიშვილი
