საზოგადოება

სამსახური ჯანმრთელობის ფასად

19 ნოემბერი, 2010 • 1574
სამსახური ჯანმრთელობის ფასად

თუ სამუშაო ოთახში არ არის ფანჯრები, არ დგას კომპიუტერი თხევად –კრისტალური მონიტორით, არ ხდება ვენტილაცია და არ არის ჟანგბადი, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ეს სამსახური საქართველოში არაჯანსაღ სამუშაო გარემოდ ითვლება.

„როდესაც თანამშრომლებმა უკმაყოფილება გამოვხატეთ უფანჯრო ოთახებში ჯდომასთან დაკავშირებით, უფროსობამ გამოგვიცხადა – ამაზეც მადლობა თქვით, სტამბულის აეროპორტში ოფისები, საერთოდ, მიწის ქვეშ არისო“, – ამბობს ლალი აფციაური, რომელიც ხუთი წელია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანიაში –TAV ჯორჯიაში თარჯიმნად მუშაობს.

ამავე შენობაში აეროპორტის მენეჯმენტის სამუშაო ოთახებიცაა, სადაც, ფანჯრებთან ერთად, მხედველობისთვის უსაფრთხო თხევად–კრისტალურ მონიტორებიანი კომპიუტერებიც დგას.

მაგრამ უსაფრთხო მონიტორიანი კომპიუტერის, ვენტილაციის, ჟანგბადისა და დღის სინათლის დეფიციტი რვასაათიანი სამუშაო დღის განმავლობაში, როგორც ლალი აფციაური ამბობს, მის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

არასწორმა განათებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. სხვადასხვა სახის საწარმოო საქმიანობის დროს განვითარებულ ტრავმათა 30–50%, ამა თუ იმ ფორმით, არარაციონალურ განათებას უკავშირდება. შესაძლებელია, განვითარდეს მხედველობის მოქანცვა, ახლომხედველობა, საერთო შრომისუნარიანობის დაქვეითება, მცირდება შესრულებული სამუშაოს ეფექტურობა; ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს, ასევე, მიკროკლიმატის მნიშვნელოვანი გადახრაც, ნათქვამია შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ პროფესიულ დაავადებათა პრევენციისა და მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამაში. აღნიშნული პროგრამის მიზანი დასაქმებული მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობაა.

როგორც პროგრამაზე მომუშავე ინსტიტუტის დირექტორი, რუსუდან ჯავახაძე ამბობს, ყველა ტიპის სამუშაოს შესრულებას ახლავს ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი უარყოფითი რისკ–ფაქტორები.

სამუშაო ადგილზე, განსაკუთრებით საწარმოებში, შეიძლება ადამიანის ორგანიზმში მავნე ნივთიერებები სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი სისიტემებისა და კანის გზით მოხვდეს, რაც შესაძლებელია, გახდეს თერმული და ქიმიური დამწვრობის, მწვავე მოშხამვების, იმუნიტეტის დაქვეითების, ცალკეული ორგანოების დაზიანების, სიმსივნური დაავადებების მიზეზი–ნათქვამია შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუის პროფესიულ დაავადებათა პრევენციის პროგრამაში.

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოს. თუმცა, კონკრეტულად რა იგულისხმება ჯანმრთელობის დაცვაში, ეს ხშირად იურისტებისთვისაც გაუგებარი რჩება.

«იქ, სადაც მზის სხივი არ აღწევს და ადამიანი მუშაობს, 2006 წლამდე მას დილაობით რძეს ასმევდნენ და სახელფასო დანამატსაც უნიშნავდნენ», –ამბობს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი, მირანდა მანდარია.

ერთ–ერთ ასეთ სამუშაო გარემო, სადაც მზის სხივი ვერ აღწევს, მეტროა. დღეს მეტროს ათასამდე თანამშრომელი მეტროს ადმინისტრაციისგან სწორედ ამ სახელფასო დანამატს მოელის. ლაპარაკია ზედმეტ 100 ლარზე, რომლის დანიშვნის ინიციატივაც პროფესიულ გაერთიანებას ეკუთვნის.

« ადმინისტრაციამ მხოლოდ 600 მომუშავისთვის დაადგინა სახელფასო დანამატი. აქ არანაირი ლოგიკა არ არის – როდესაც ორი ადამიანი ერთნაირად უჟანგბადო პირობებში მუშაობს და მხოლოდ ერთს უნიშნავ დანამატს, ეს უსამართლობაა», –ამბობს პროფესიული კავშირების გაერთანების იურისტი, ილია ჭანტურია.

პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტები ამ დროისთვის კიდევ ერთ მსგავს საქმეზე მუშაობენ.

«შპს ჯეოსტილის» მეტალის მწარმოებელ საწარმოში ერთ–ერთმა მუშამ ხელზე სამი თითი დაკარგა. დანადგარი, რომელსაც მხოლოდ სუფთა მასალა უნდა მიეწოდებოდეს, მწყობრიდან იმის გამო გამოვიდა, რომ მასალა სუფთა არ იყო და მუშებს თავად მოუწიათ ზედმეტი ნივთების ამოღება, რა დროსაც ადამიანმა ტრავმა მიიღო. საქმეს ახლა სასამართლო განიხილავს. ჩვენ ადამიანისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, მუშაობას ვეღარ შეძლებს, ზიანის ანაზღაურებას ვითხოვთ», –ამბობს იურისტი.

დღევანდელი შრომის კოდექსის პირობებში, იურისტების თქმით, ძალიან რთულია დასაქმებულებმა დაიცვან თავიანთი სამართლებრივი უფლებები.

«ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოს შრომის კოდექსი დამსაქმებელს ყველა უფლებას აკისრებს, დასაქმებულს კი – ყველა მოვალეობას», –ამბობს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის მთავარი ტექნიკური ინსპექტორი, ვიქტორ დოლიძე.

ვიქტორ დოლიძე 2006 წლამდე სახელმწიფო შრომის ინსპექციაში მუშაობდა. სამსახურს ჰქონდა ვალდებულება, დასაქმების ადგილებზე შრომის პირობები ეკონტროლებინა.

2006 წლიდან სახელმწიფომ სტრატეგია შეცვალა. შრომის რა პირობებს შეთავაზებს დამსაქმებელი დასაქმებულს, ეს დამსაქმებლის გადასაწყვეტია და სახელმწიფო აღარ ერევა.

« თუ გინდ დაშავდე, მოკვდე, ეს შენი პრობლემაა. არ მოგწონს, არავინ გაძალებს მუშაობას, მოგწონს –იმუშავე», –ამბობს დოლიძე.

«ჩინურ მაღაზიებში თუ შესულხართ, აუცილებლად სპეციფიკურ სუნს იგრძნობდით. მე წარმოდგენაც არ მინდა, თუ რა დაავადებების წინაშე დგანან ის ახალგაზრდები მომავალში, ვინც იქ მუშაობენ», –ამბობს ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერია.

«ჩინურ საქონელში განსაკუთრებით მაღალი კანცეროგენული შემცველობის დანამატებია. სერტიფიცირებული ლაბორატორიები დღეს რომც არსებობდეს, ვინ გამოიკვლევდა მათ ზემოქმედებას ადამიანებზე, ამას უბრალოდ არავინ გააკეთებდა, რადგან სავალდებულო არ არის», – ამბობს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის მთავარი ტექნიკური ინსპექტორი ვიქტორ დოლიძე.

ზურაბ მუშკუდიანს რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხსაცმლის მაღაზია აქვს. დაახლოებით 8 კვადრატულო მეტრის ფართობის მაღაზიაში არც სველი წერტილებია და არც გათბობა.

 «ჩემი ნათესავია გამყიდველი. თავიდანვე იცოდა, რა პირობებიც მქონდა მაღაზიაში, მაგრამ თანახმა იყო. გათბობა დეკემბრიდან უკვე ექნება. ჯერ ვერ მოვაბი თავი, რომ გამათბობელი მეყიდა. თან, ჯერ ისე არც ცივა», –ამბობს მაღაზიის მეპატრონე.

 

იმ შემთხვევაში, თუ კანონი მოითხოვდა დამსაქმებლისგან კონკრეტული ზომების მიღებას, მაშინ დამსაქმებელი ვეღარ გაექცეოდა ვალდებულებას – დასაქმებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოს.

«არსებულ სიტუაციაში კი, როგორ ფიქრობთ, დამსაქმებელი ისეთი ჰუმანურია, რომ სამუშაო პირობების ყველა დეტალი გაითვალისწონოს და საკუთარი თავი რამეში დაავალდებულოს?!», –ამბობს იურისტი ილია ჭანტურია.

იმის მიუხედავად, რომ შრომის კოდექსში განმარტებულია, დამსაქმებელმა უნდა შეუქმნას დასაქმებულს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო, ზეპირ თუ წერილობით ხელშეკრულებებში დამსაქმებლები ამ პუნქტს გვერდს უვლიან.

სწორედ იმის გამო, რომ დღეისათვის სახელმწიფოს ასეთი პოზიცია აქვს – ის არ არის მიერთებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციას, სადაც დეტალურად არის გაწერილი სამუშაო გარემოს ყველა სავალდებულო პირობა, რომელიც დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს.

 

მიმდინარე წლის აპრილში სახელმწიფომ კანონი მიიღო, რომელიც საწარმოებში ტექნიკური საფრთხეების კონტროლს ეხება. თუმცა, პროფესიულ გაერთიანებაში ამბობენ, რომ კანონის აღმასრულებელი ორგანოების ფუნქციებიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული და მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ბედის ანაბარაა დარჩენილი.

 

მხოლოდ მიმდინარე წელს სამუშაო გარემოში 26 ადამიანი დაიღუპა. დაზარალებულების რაოდენობა კი დაახლოებით ორჯერ მეტია. როგორც პროფესიული გაერთიანების იურისტები ამბობენ, ამ მონაცემების მოპოვებაც ძალიან რთულია.

შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტშიც ამბობენ, რომ მათ სტატისტიკურ გრაფაში უკანასკნელ წლებში საწარმოებში დაავადებების გავრცელების გასწვრივ 0 წერია, რადგან კერძო დამსაქმებელი ინფორმაციას არსად გზავნის.

შრომის ტექნიკური ინსპექტორი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ, მაგალითად, პროფესიული სიკვიდილის მიხედვით, ქვეყანა რომელ ადგილზეა, ასე იზომება – რამდენიც დაიღუპა ნახშირის მაღაროში 1 მლნ. ადამიანზე.

«თუკი, ამ მხრივ,  წლების მანძილზე ლიდერი ჩინეთი იყო და 1 მლნ–ზე 5 სიკვდილი მოდიოდა, საქართველომ გაუსწრო–დღევანდელი მონაცემით –1 მლნ–ზე–8 სიკვდილია», –ამბობს დოლიძე.

თანამედროვე მსოფლიოში «მომუშავის ჯანმრთელობა» განიხილება, როგორც ეკონომიკური ღირებულება, რომელიც წარმოების შემოსავალთანაც მჭიდრო კავშირშია. საუკეთესო ბიზნეს ინვესტიციად კი შრომის უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ჩადებული ინვესტიცია მიიჩნევა.

გარდა ამისა, თანამშრომლებზე ზრუნვა, პირველ რიგში, კომპანიას პოზიტიური იმიჯის შექმნაში უწყობს ხელს. ამასთან, აუმჯობესებს პერსონალის მორალურ მდგომარეობას, ამცირებს სამსახურებში დასწრების პრობლემას, ზრდის შრომისუნარიანობას და ამცირებს ჯანმრთელობაზე დახარჯულ თანხებს.

როგორც შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის კვლევით ინსტიტუტში ამბობენ, ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა მხოლოდ დამსაქმებლების პრეროგატივა არ არის.

«რაც თავად დასაქმებულის ხელშია, ის მაინც უნდა გააკეთოს მან ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად», –ამბობს კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი რუსუდან ფხაკაძე.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად, ადამიანებს  ათეული წლებია რეკომენდაციებს სთავაზობს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიაზციის ერთ–ერთ ანგარიშში ნათქვამია, რომ «უმოძრაობა, არაჯანსაღი კვება და არაჰიგიენური გარემო სამუშაო ადგილებზე შესაძლოა  პოტენციურად ისეთი დაავადებების გამომწვევი გახდეს, როგორებიცაა: გულის დაავადებები, ინსულტი, კიბო, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება და დიაბეტი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, მოძრაობა, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობები (დღეში 30 წუთი დაახლოებით) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ დაავადებათა პრევენციაში.

ინდოეთში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ წარმოებაში დასაქმებული 20 ათასი შემთხვევით შერჩეული ადამიანიდან 27 %–ს წნევები, 10%–ს დიაბეტი, 47 %–ს ჭარბი წონა აღმოაჩნდა. კომპანიებში ჯანსაღ სამუშაო პირობებთან დაკავშირებით ადვილად აღქმადი და მარტივი მესიჯების გავრცელების, ფილმების ჩვენებისა და დისკუსიების გამართვის შემდეგ, იგივე კვლევამ 5 წლის შემდეგ აჩვენა, რომ სამუშაო ადგილებზე ადამიანებს არტერიული წნევა დარეგულირებული ჰქონდათ, გლუკოზისა და ქოლესტერინის შემცველობა სისხლში – დაბალი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, სამუშაო გარემო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ორი მიზეზის გამო განიხილება: ადგილი, სადაც ადამიანი ყველაზე დიდ დროს ატარებს და გარემო, სადაც დიდია მიმბაძველობის ფაქტორი.

იმის გამო, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფიზიკური აქტივობებისთვის ლალი აფციაურს არც დრო და არც საშუალება აქვს,  სამსახურის შემდეგ, კვირაში სამჯერ, ლათინო–ამერიკულ ცეკვებზე დადის. გარდა ამისა, ამბობს, რომ არასდროს სარგებლობს ლიფტით.

«ვცდილობ, ასეთი მცირედი ფიზიკური აქტივობით მაინც დავეხმარო ჩემს ჯანმრთელობას. თან, ბოლო დროს ერთი თანამშრომელიც ავიყოლიე და ლიფტით ისიც აღარ ადის ოფისში», –ამბობს ლალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი